კულტურა
იქ, სადაც ჩვენი დროა
FaceBook
მესხიშვილის თეატრმა მაყურებელს პრემიერა შესთავაზა - კახა გოგიძის სპექტაკლი "იქ, სადაც ჩემი სახლია" (ლალი კეკელიძის პიესის მიხედვით).

პრემიერამდე შემოქმედებითმა ჯგუფმა თეატრის წინ პრომოაქცია გამართა. თეატრის შესასვლელთან სტენსილი გააკეთეს წარწერით - იქ, სადაც ჩემი სახლია. წარწერა ისრით სრულდება, რომლის წვერი თეატრისკენაა მიმართული. ამ გზავნილს ორმაგი გაგება აქვს: წარწერა კონკრეტულ სპექტაკლზეც მიანიშნებს და თეატრზეც, რომელიც ჩვენი სახლია.

თუმცა, რამდენად ვგრძნობთ თავს თეატრში, როგორც სახლში, სხვა საქმეა.

რა აქცევს მშობლიურად თეატრს? როგორც აღმოჩნდა, იმდენად არა გეოგრაფია, ან რეჟისორისა და დრამატურგის ეროვნება, ან სქესი, ან ავტორების მემარჯვენე და მემარცხენე ორიენტაცია, ან იდეოლოგია. მაყურებილისთვის ყველაზე მშობლიური შეიძლება მხოლოდ დრო გახდეს. პუბლიკას თეატრში მისი დრო უნდა დახვდეს - თანამედროვეობა. როგორც ფორმით, ისე შესაბამისი ენით მოწოდებული მისი ეპოქა.

როგორც ერთი ბრძენი ირწმუნება: შვილები მშობლებზე მეტად დროს ემსგავსებიან და ბოლომდე დროის შვილებად რჩებიან. დრო ხდება ადამიანის რეალური მშობელი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისი ეპოქა იყოს მკაცრი, მძიმე, პრობლემებით სავსე, მაგრამ ეს პრობლემებიც, ეს სიახლეებიც და კატაკლიზმებიც მისთვის "მშობლიურია".

სწორედ ეს გარემო, ეს ენა და ეს ურთიერთობა დაახვედრეს მაყურებელს სპექტაკლზე "იქ სადაც ჩემი სახლია".

სპექტაკლში მოქმედება ერთ ოჯახში ხდება და ერთ ოთახს არ სცდება, "ხრუშოვკაში" დედა, ბაბუა და ხუთი შვილი ცხოვრობს. ისინი ყოფით პრობლემებს როგორც შეუძლიათ ისე უმკლავდებიან. ავტორები ამბავს იუმორით ყვებიან. ეხებიან ბევრ სტერეოტიპს, ბევრ "სიწმინდეს" და ყველაფერზე ხუმრობა შეუძლიათ. თანამედროვეობასთან პირველი ხარისხის კონტაქტი სწორედ ამით იწყება.

ირონია ჩვენი დროის ენაა. იგი გასაგებია ყველა თაობის მაყურებლისთვის. უფრო მეტიც, მისი არსებობა გარკვეულწილად ფარავს და ასატანს ხდის სპექტაკლში არსებულ რიგ ხარვეზებს - გაუმართავ ხასიათებს, დაუმუშავებელ მიზანსცენებს.

ირონია ფარავს ყოფითი სპექტაკლისთვის ხელოვნურ ინტონაციებს - ერთგვარ პათეტიკას იუმორში.

სპექტაკლის გმირები ყოფით ცხოვრებაშიც მოთამაშე პერსონაჟები არიან. ავტორებს ეს თამაში იმდენად იტაცებთ, რომ დრამატურგიულად საჭირო მიზანსცენებს და სვლებს კონკრეტულ შემთხვევაში არაარსებითი სანახაობით ცვლიან.

თუმცა, ესეც ახალი დროის ნაკლია - ჩვენს დროში პურს ყოველთვის ჭარბობს სანახაობა.

და რაც მთავარია, სპექტაკლს თანამედროვედ აქცევს "რელიგია". სპექტაკლის მეორე ნახევარში ჩვენი დროის მთავარი კულტი - ფული ჩნდება სცენაზე. უმცროსი და დიდძალ ფულს იპოვის, რაც თავდაყირა დააყენებს ოჯახის წევრების ურთიერთობას. ფული გადაწონის ყველა სხვა ღირებულებას, ეჭვქვეშ დააყენებს დედა-შვილობას, სიყვარულს, ძმობას, დობას, მეგობრობას. "ფულის რელიგია" ყველა ამ მსხვერპლს მოითხოვს. ჩნდება იმის საშიშროება, რომ ოჯახი დაიშალოს.
ჩნდება იმის საშიშროებაც ბანალური ფინალი მივიღოთ, ათასგზით თქმული და გადაღეჭილი. ის, რომ ფული ყველაფერს კლავს.

მაგრამ აქ ისევ შემოდის ირონია და თამაში. სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ბაბუა (სულხან გოგოლაშვილი), ფულს გაანადგურებს.
ფულის რელიგიას, რომელსაც მორჩილება გამოუცხადა ოჯახის ყველა წევრმა, არ ცნობს ბაბუა. იგი ალცჰეიმერითაა დაავადებული, ამიტომ მას არ ახსოვს და მასზე არ მოქმედებს არც ერთი რელიგია და კულტი. თუმცა მშვენივრად ახსოვს და იცის როგორ იხუმროს. იცის რომ იუმორი მკურნალია და იგი ყველაფერს შველის, მათ შორის დაშლილ ოჯახებს, ბანალურ სუჟეტებს და საშუალო სპექტაკლებს. იუმორი, ახალი დროის პანაცეა, ყველას აბრუნებს იქ სადაც მათი სახლია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.