ქუთაისში ხშირადაა ქარი. თუმცა, მას ნაკლებად მოაქვს ცვლილებები.
ყოველ შემთხვევაში კულტურაში "ცვლილებების ქარი" ნაკლებად
უბერავს.
ეს ერთი შეხედვით ნაკლია, თუმცა შესაძლებელია, ამ ცვალებად დროში
სტაბილური ერთფეროვნების და უცვლელობის შენარჩუნება სხვა პოზიტივს
შეიცავს და სწორედ ამაშია ქუთაისის გამორჩეულობა.
ამ "გამორჩეული სახით" ანუ უცვლელობით იყო დასამახსოვრებელი ქუთაისის
კულტურული სივრცე 2017 წელსაც.
ქუთაისში 2017 წელსაც კლიმატის სირბილის და უცვლელობის იმედად
რჩებოდნენ კინომოყვარულები. კინო ისევ ღია ცის ქვეშ "ზაფხულის
კინოჩვენებების" სივრცეში დატოვეს და მაყურებელმა ვერაფრით
გადაინაცვლა დარბაზში.
2017 წელს ქუთაისში "კინაღამ" გაიხსნა კინოთეატრი "საქართველო".
რომელიც უკვე რამდენიმე წელია იხსნება, ამ მოლოდინში გამოიცვალა
რამდენიმე მთავრობა, თუმცა კინოთეატრს არ შეუცვლია მოლოდინის რეჟიმი.
სამაგიეროდ წელს გარკვეული აქტივობა მაინც აჩვენა და კინაღამ
კინოთეატრის ამოქმედებაც ახარეს ხალხს. მაგრამ სიხარული დიდხანს არ
გაგრძელებულა, კვირეულთან ერთად დასრულდა ფილმების ჩვენება კინო
"საქართველოშიაც~.
კმაყოფილება არ გააჩინა ფილმების ხარისხმა და კვირეულის პოლიტიკამაც.
"საქართველოში" რეჟისორების რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის
სახელობის კინოკვირეული წარმოადგინეს. რომელიც მიზანად არც მეტი არც
ნაკლები ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა
. საამისოდ ორგანიზაციები ქართული - "ჯარისჯაცის მამის" სახლი და
რუსული - М –СТУДИЯ იღწვოდნენს.
თუმცა, ამ ღწვამ შედეგები მაინცადამიანც ევრ გამოიღო. მიუხედავად
იმისა რომ კვირეულზე ბევრი ილაპარაეკეს ორი ქვეყნის ერთმანეთის მიმართ
გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და შეხების წერტილების ძიებაზე.
ეს წერტილები ვერც ამ კვირეულზე მოიძებნა.
კინოკვირეულის მსგავსად შეხების წერტილები მოიძიეს თეატრალურ
ფესტივალზეც. იმერეთის თეატრალური ფესტივალი 2017 წელსაც ჩატარდა და
იმერეთში მოქმედი თეატრების საფესტივალო სპექტაკლების ნახვის
შესაძლებლობა შექმნა. იმერეთის მუნიციპალიტეტბს შემოუერთდა სოხუმის
თეატრი და თეატრალური დასი პოლონეთიდან. რის შემდეგაც ფესტივალის
გეოგრაფიის გაფართოებასა და მისთვის "საერთაშორისო"სტატუსის
მინიჭებაზე დაიწყო საუბარი.
გეოგრაფიის გაზრდაზე დაიწყო საუბრები მესხიშვილის თეატრშიც."ქუთაისი
არ ჩანს მსოფლიო თეატრალურ რუკაზე" და იგი მომავალ წლებში ამ
დეფიციტის შევსებას შეეცდება. ამაზე მესხიშვილის თეატრის ახალი
სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე მიუთითებს.
მანამდე თეატრმა სპექტაკლით "რევიზორი" მონაწილეობა მიიღო თბილისის
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.მესხიშვილის თეატრის სცენაზე კი
სამი პრემიერა განხორციელდა: "ორნი საქანელაზე", "უბედურება" და "ედიტ
პიაფი". ამ სპექტაკლებიდან ყურადღება "უბედურებამ" მიიქცია, თუნდაც
იმით, რომ "უბედურება" სულაც არ აღმოჩნდა უბედურება. რეჟისორმა გიორგი
სიხარულიძემ კლდიაშვილის ტექსტის საინტერესო წაკითხვა შესთავაზა
პუბლიკას.
პრემიერით დაასრულა წელი ქუთაისის ოპერის თეატრმა, დასმა "რიგოლეტო"
დადგა და ამით ერთგვარი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ ქუთაისში
ოპერის თეატრი თავის არსებობას ამართლებს.
მანამდე თეატრის შენობაში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
ოპერისგან განსხვავებით ქუთაისში საბალეტო სკოლამ ფეხი მაინცადამიანც
ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ მსოფლიოს აჩუქა დიდი ქორეოგრაფი ქუთაისიდან
ჯორჯ ბალანჩინი. ქუთაისში ბალეტის არარსებობით გამოწვეული
უსამართლობის დაძლევა და სამართლიანობის აღდგენა ქუთაისის
ახალგაზრდულმა ცენტრმა იკისრა და ფესტივალიც დააფუძნა.
ქუთაისში მოეწყო ბევრ საერთაშორისო კინოფესტივალში გამარჯვებული
ფილმის "სხვისი სახლის" (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე) პრემიერაც.
(ფილმი კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
საკონკურსო პროგრამაში East of the West. ქართველი რეჟისორის
ფილმი ასევე წარდგენილი იყო "ოსკარზე" პრეტენდენტ ფილმებს შორის.
ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", თუმცა "ოსკარის"
შორტ-ლისტში ვერ შევიდა).
მოკლედ ქართველმა რეჟისორებმა ასე თუ ისე ისწავლეს ან გაიხსენეს
ფილმების გადაღება.
(სამაგიეროდ შსს-ში ვერაფრით ისწავლეს ვიდეოების მონტაჟი. ამიტომ
პოეტის დისკრედიტაციისთვის შექმნილი ვიდეო რომ ფაბრიკაციაა იოლი
შესამჩნევი ხდება, ეს ლირიული გადახვევა).
ქუთაისში გაიხსენეს თანაქალაქელი შემსრულებლები, ამიტომ ახალ წელს
გამართულ გალა კონცერტზე მოქალაქეებს ახალ წელს ქუთაისური ჯგუფები და
მომღერლები მიულოცავენ.
სამაგიეროდ, ქუთასიში 2017 წელსაც არ გაჩნდა ან აღდგა ოფიციალური
კულტურის ალტერნატიული კულტურული სივრცეები, სადაც "ვეფხისტყაოსანთან"
ერთად "ანტიტყაოსანსაც" წაიკითხავდნენ.ამიტომ ნეგატივი 20 წლის
შემდეგაც ვერ გარდაიქმნა პოზიტივად. კულტურა, კვლავაც ოფიციალური
კულტურის, ანუ სისტემის მძევალია.
მასალის გამოყენების პირობები