კულტურა
„რეკორდსმენი“ მკითხველი და წიგნები, რომლებიც „უკეთესს გხდის“
FaceBook
კვირაში 2 და წელიწადში 97 - ეს იმ წიგნების რაოდენობაა, რომლებიც ქუთაისის მერის მრჩეველმა, მამუკა ჭონიშვილმა 2017 წელს წაიკითხა.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მამუკა ჭონიშვილი ერთგვარ "რეკორდსმენ" მკითხველად ითვლება, რომელიც დაწესებულების ყველაზე ხშირი სტუმარი და აქტიური მკითხველია.

"წლების წინ კვირაში ოთხ წიგნზე ავდიოდი. თუმცა, მათგან ბევრი იყო მაკულატურა. ახლა მაკულატურის პროცენტი შემცირდა ჩემს წაკითხულ წიგნებში, რადგან ამ წიგნებს ინფორმაცია უსწრებს. იცი როგორ ავტორთან გაქვს საქმე. გაქვს ინფორმაცია, რომ მათ ან ნობელი, ან პულიცერი, გონკური, ან ბუკერი მიიღეს, იცი, რომ მათი გაცნობით დროს ტყუილად არ დაკარგავ", - ამბობს მამუკა ჭონიშვილი.

ბიბლიოთეკებში მერის არც ისე ბევრი მრჩეველი ჰყავთ მკითხველთა შორის. სამაგიეროდ,  დაწესებულებას სტუდენტები სტუმრობენ. შესაბამისად, ქუთაისის ბიბლიოთეკების ყველაზე მეტი მკითხველი სტუდენტები და პედაგოგები არიან. მათი მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა მხატვრულ და მეთოდურ ლიტერატურაზეა.

მართალია, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში და ქალაქის საბიბლიოთეკო ფილიალებში 2017 წელსაც მოთხოვნა კლასიკოს მწერლებზე კვლავ აღემატებოდა თანამედროვე ავტორებს, თუმცა თანამედროვე მწერლების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მზარდია.

ბიბლიოთეკებში მოთხოვნაა "კარგ სერვისზე".  "კარგ სერვისში" ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი, შორენა ხადური მკითხველის მიმართ გამჩენილ ყურადღებას და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას გულისხმობს.

"ბიბლიოთეკები ამაყობენ დიდი წიგნადი ფონდით, თუმცა მგონია, რომ საამაყო ბევრი მკითხველია. მკითხველი, რომელსაც შენთან ურთიერთობა უხარია", -აღნიშნავს შორენა ხადური.

შორენა მიუთითებს, რომ მკითხველს არ უნდა შეექმნას ბარიერები წიგნებთან ურთიერთობისას.

"ვთვლი, რომ ვიზიტორებს უნდა დაახვედრო მიღების უმაღლესი ხარისხი. როდესაც გაღიმებული სპეციალისტი ხვდება, ყველას უხარია მასთან ურთიერთობა, უჩნდება ბიბლიოთეკაში დიდხანს დარჩენის სურვილი, თანაც ჩვენთან არის ღია დაშვების სტენდები, რაც მკითხველს უწყობს ხელს თავად ამოირჩიოს წიგნი", - აღნიშნავს შორენა.

კარგი ლიტერატურის ხელმისაწვდომობაზე ლაპარაკობს მამუკა ჭონიშვილიც. იგი თანამედროვეობას მკითხველისთვის გაცილებით უკეთეს მოკავშირედ მიიჩნევს, ვიდრე 20-30 წლის წინანდელ პერიოდს.

"დღეს კარგი თარგმანები რომ არის და ბევრი ითარგმნება, ეს დიდი ბედნიერებაა. 97 წიგნიდან, შემიძლია ვთქვა, რომ 10 და 15 იყო ისეთი, რომ არ წამეკითხა, არაფერი დაშავდებოდა. ჩემს ბავშვობაში პირიქით იყო - 15 იყო ღირებული და 85 მაკულატურა", - აღნიშნავს მამუკა ჭონიშვილი.

იგი მწერლების საკუთარ ხუთეულსაც ასახელებს იმ 97- დან, რომელთაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.

"ჯულიან ბარნსი, ჯონ მაქსველ კუტზეე. ფილიპ როთი, რომენ გარი და ჰარპერ ლი, რომელიც ხელახალი აღმოჩენა იყო. "ნუ მოკლავ ჯაფარას", ალბათ, ყველაზე კეთილი ნაწარმოებია. წიგნი იმაზე, როგორ გახდე უკეთესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", -ამბობს ჭონიშვილი.

სხვა ფავორიტები ჰყავს 16 წლის თამარ კარანაძეს. ისიც ბიბლიოთეკის აქტიური ვიზიტორია.

"საყვარელი ავტორებიდან გამოვყოფ გურამ დოჩანაშვილს, ჯეინ ოსტინს, ენტონი ბერჯესს", - აღნიშნავს თამარი.

თამარის თქმით, იგი ვიზიტორებს შორის ყველაზე მეტს, სწორედ, ახალგაზრდებს ხედავს, ამიტომ აცდენილ და მცდარ შეხედულებად მიიჩნევს სკეპტიკურ დამოკიდებულებას ახალგაზრდების წიგნიერების მიმართ.

"ცდებიან, კითხვაც გვიყვარს და წერაც. შემოქმედებით იმპულსებს ბადებს სხვისი ტექსტების კითხვა", - ამბობს თამარი.

ძველი და ახალი თაობის მკითხველები ელექტრონულ წიგნებს ხშირად მიმართავენ, თუმცა მეტ სიამოვნებას მაინც ბეჭდური ვერსიიდან იღებენ.
შორენა ხადური ბეჭდური წიგნების განსაკუთრებულ მოხერხებულობაზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ მკითველისთვის, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან, არაერთხელ გადაუგზავნიათ ელექტრონული ვერსიები. თანამედროვეობა დიდ შესაძლებლობებს აჩენს, მეტ გზას ხსნის ლიტერატურასთან ურთიერთობისთვის.

ლიტერატურასთან ურთიერთობა კი მამუკა ჭონიშვილისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

"დოსტოევსკი ამბობდა, "კაცობრიობას განკითხვის დღე როდესაც დაუდგება, კაცობრიობა თავის არსებობას "დონ კიხოტით" გაამართლებს". ასევე, ატიკუსით გაამართლებს, "წიგნის ქურდით" მისი მამობილ-დედობილით გაამართლებს. რაც უნდა თქვან, მაინც მგონია, რომ წიგნის კითხვა უკეთესს ხდის ადამიანს", - ამბობს მამუკა ჭონიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.