დავით ტურაშვილის "ტყეების მეფე" და გურამ დოჩანაშვილის
„სამოსელი პირველი“ ის ქართული ტექსტებია, რომლებიც გაყიდვების
მიხედვით, ნოემბრის თვის ბესტსელერ (ყველაზე გაყიდვად) წიგნებში
მოხვდნენ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ქუთაისის ფილიალში.
"ბიბლუსში" აცხადებენ, რომ „სამოსელი პირველი“ წლებია მყიდველის
მხრიდან ყველაზე მოთხოვნად ტექსტად რჩება. „ტყეების მეფე“ კი, რვა
თვეა მაღაზიის ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის.
ქართველი ავტორებიდან პოპულარულ წიგნებს შორის არის ალეკო შუღლაძის
რომანი „გადამალვაც“. ალეკო შუღლაძის ამ რომანს წელს ლიტერატურული
პრემია „საბა“ მიანიჭეს.
„ბესტსელერი წიგნების“ თაროდან არ ჩამოდის ჯოან როულინგის "ჰარი
პოტერი და ფილოსოფიური ქვა".
"არ მიკვირს რომ "ჰარი პოტერი" ასეთი პოპულარულია დღემდე. აქვს ამ
წიგნს განსაკუთრებული მაგია. მე 30 წლის ვარ, მაგრამ სიამოვნებით
წავიკითხე მთელი "პოტერიადა", - ამბობს ნინო რაზმაძე.
"ბიბლუსის" მაღაზიის ბესთსელერების თაროს სულ რამდენიმე თვეა რაც
შეემატა კაძუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა". წიგნის მიმართ ამ
განსაკუთრებული ინტერესის გაჩენას ავტორის ნობელიანტობას
უკავშირებენ.
ამ წიგნებთან ერთად ნოემბრის თვის პოპულარულ ტექსტებად რჩება ძველი და
ახალი ავტორების წიგნები: რ.ჯ.პალაციოს "საოცრება", ჰარპერ ლის "ნუ
მოკლავ ჯაფარას", რემარკის "ტრიუმფალური თაღი", სტივენსონის "განძის
კუნძული", ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი", ტოლკინის "ჰურინის
შვილები", უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარა", ჯეფ კინსი "წრიპა ბიჭის
დღიური".
მასალის გამოყენების პირობები