16 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია დაიწყება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების,
ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.
მათივე ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.
"2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის
მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები;
დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ
მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა
(მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები
და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას
დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.", - აღნიშნულია NCDC-ის
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები