საზოგადოება
მენტორის სტატუსი - მასწავლებელთა გამოწვევა
FaceBook

საქართველოში სულ 2 100 საჯარო სკოლაა, სადაც 60 000 - მდე მასწავლებელია დასაქმებული. აქედან, მენტორის სატატუსი არც ერთ მათგანს აქვს.


ქვეყნის საჯარო სკოლებში მხოლოდ პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლები მუშაობენ.

"მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის" სქემით, რომელიც განათლების სამინისტრომ 2015 წელს დაამტკიცა, პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანის წოდების შემდეგ, მენტორის სტატუსი ყველაზე მაღალი საფეხურია.

თვითშეფასების კითხვარის შევსება, პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა, საგნობრივი გამოცდა და პროფესიული უნარების ტესტების ჩაბარება, გაკვეთილების ჩატარება – ეს პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად გასავლელი აუცილებელი ეტაპებია.

მენტორის სტატუსს კი წამყვანი პედაგოგი მას შემდეგ მიიღებს, რაც დამატებით სასწავლო რესურსს (წიგნი, რომელის სკოლაში ისწავლება) ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას დაწერს და შესაბამის კრედიტქულებს დააგროვებს.

ელისო ჩხიკვაძე ქუთაისის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში 10 წელია ასწავლის. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მას 2010 წელს მიანიჭეს. ელისო მისი შენარჩუნებისთვის საჭირო ქულებს 6 წელია აგროვებს. მისი თქმით, სისტემა მასწავლებელთა ჩაჭრას, ან დაკავებული თანამდებობიდან მოხსნას არ გულისხმობს, არამედ სქემა პედაგოგთა პროფესიული ზრდისთვის შეიქმნა.

"თუ ადრე მხოლოდ გამოცდის ჩაბარებას გვავალდებულებდნენ, ახლა აქტივობები მრავლფეროვანია. შემიძლია ჩემი თავი სხვა აქტივობებითაც წარმოვაჩინო. რაც მთავარია, ეს ნიშნავს მუდმივ განვითარებას და ასეთ ცვლილებებთან სწაფ ადაპტირებას," – ამბობს ელისო ჩხიკვაძე.

მიუხედავად ამ მოსაზრებისა, პედაგოგი პროფესული განვითარების სქემაში არსებულ ბუნდოვან დეტალებზეც საუბრობს.

"საფეხურეობრივად ხდება სქემის დეტალების განხორციელება. მაგალითად, შარშან იყო ერთ-ერთი დავალება ვიდეო გაკვეთილი, მაგრამ არ არსებობდა შესაბამისი რუბრიკა. ყოველდღე ველოდებით, რომ დაზუსტდება დეტალები," – განმარტავს ელისო ჩხიკვაძე.

თუმცა, ვიდრე დეტალები დაზუსტდება, პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაა, რისთვისაც დრო ჯერ კიდევ აქვს.

პრაქტიკოსიდან მენტორის სტატუსამდე, ორი საფეხურის გავლა მოუწევს ქუთაისის #12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგს, ეკა მაჩიტაძეს. თუმცა, ის ჯერ უფროსი მასწავლებლის წოდების მისაღებად ემზადება, რისთვისაც 4 წლიანი პერიოდი აქვს.

ეკა მაჩიტაძე სკოლაში 9 წელია მუშაობს. უფროსი მასწავლებელის სტატუსის მისაღებად მას 4 წლიანი ვადა აქვს. მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად, მან 2021 წლამდე, სხვადასხვა აქტივობებით და გამოცდების ჩაბარების შედეგად, 19 ქულა უნდა დააგროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია მასთან ხელშეკრულება შეწყვიტოს.

ეკა მაჩიტაძის თქმით, მისთვის უფროსი სტატუსის მინიჭება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან თვლის, რომ ეს თვითშეფასების გაზრდასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

"გარდა იმისა, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი ანაზღაურების გაზრდასაც გულისხმობს, ამასთანავე მნიშვნელოვანია სწავლების პროცესი მეტად ინოვაციური და საინტერესო გახდეს. ახალი სქემა კი კარიერული წინსვლისთვის, რამდენიმე შესაძლებლობას მთავაზობს. ამ სისტემის მიხედვით სწავლების პროცესი მოსწავლებისთვისაც საინტერესო და შედეგის მომტანი გახდა," - აცხადებს ეკა მაჩიტაძე.

"მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის" სქემის მიხედვით, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსის სტატუსის მოპოვებისთვის 19 კრედიტი, მისი შენარჩუნებისთვის 13, ხოლო წამყვანის სტატუსის მისაღებად, 4 წელიწადში, 19 კრედიტი უნდა დააგროვოს.

წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის შენარჩუნებისთვის 17, მისი გაუმჯობესების ანუ მენტორის სტატუსის მინიჭებისთვის, 5 წელიწადში, 25 კრედიტი უნდა დააგროვოს.

სქემა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენრტმა" შეიმუშავა და 2015- 2016 სასწავლო წლებში საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.

ცენტრმა, მასწავლებელთა მოსაზრებებსა და შენიშვნებზე დაყრდნობით, სქემაში ცვლილებები მოამზადა, რომლებიც მიმდინარე წლის 24 იანვარს დამტკიცდა.

"ცვლილება შეეხო თვითშეფასების კითხვარს. ის მეტად მრავალფეროვანი გახდა. ასევე, კრედიტქულების დაგროვებისთვის უფრო მრვალფეროვანი აქტივობები დავამატეთ. რაც მთავარია, აღარ არის დაწესებული, რაიმე კონკრეტული ზღვარი გამოცდების ჩაბარების დროს. პედაგოგი აიღებს ქულას, რამდენიც არ უნდა იყოს ის. ეს გახდება კრედიტქულასთან პროპორციული," - განაცხადა "მასწავლებელთა განვითარების სახლის" ექსპერტ-კოორდინატორმა, სალომე ლობჟანიძემ.

მისი თქმით, სქემა სრულიად გამორიცხავს პედაგოგთა დასჯას, ნებისმიერი სტატუსის არსებობის შემთხვევაში.

"მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, კარიერული წინსვლის და პროფესიული განვითარების სქემაში" შესული ცვლილებები საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ის ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის ამოქმედდა, ხოლო კერძო სკოლის პედაგოგებს, სქემის პრინციპების შესაბამისად, სტატუსის მოპოვება სურვილისამებრ შეუძლიათ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.