"ფერები ჩვენს გარშემო", "მე და ჩემი სხეული", "გარემო", "წელიწადის
დროები", "ზოოპარკი" და ა.შ – ეს ის თემებია, რომლებიც სახელმწიფოს
დაქვემდებარებაში არსებულ საბავშვო ბაღებში ისწავლება.
ბაღში გატარებული დრო და აქტივობები აღსაზრდელების ნაწილს მოსწონს.
მათთვის საინტერესოა ის ზღაპრებიც, რომელსაც აღმზრდელი უკითხავს.
"მომწონს, როცა მეგობრებთან ერთად, პლასტელინით ვთამაშობ და ხეებს
ვაწყობ", "მიყვარს ზღაპარი "წითელქუდა" და სულ ვუსმენ, როცა
მიკითხავენ,"– ამბობენ ქუთაისში ბაგა–ბაღების აღსაზრდელები
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
პატარების მშობელთა განმარტებით, მათი სურვილი და მოლოდინი ერთია,
თუმცა რეალობა – სულ სხვა.
"თუ ბავშვს მოსწონს დღის თემა, ის ამის შესახებ სახლში ხალისით
მიყვება, მაგრამ თუ არ მოეწონა, ამობს, რომ ბაღში წასვლა არ უნდა.
მინდა ჩემმა შვილმა მეტი ლექსები ისწავლოს, რადგან სკოლაში მას ეს
უფრო გამოადგება," - ამბობს ქუთაისის საბავშვო ბაღის ერთ–ერთი
აღსაზრდელის მშობელი.
ააიპ ქუთაისის მერიის ბაგა–ბაღების გაერთიანებას 37 ფილიალი
ექვემდებარება. როგორც გაერთიენაბაში განმარტავენ, სკოლამდელ
დაწესებულებებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი მეთოდისტის დაკვირვებით
მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ბაგა- ბაღებში, 5–6 წლის აღსაზრდელების ბაზაზე,
სასკოლო მზაობის ჯგუფი შეიქმნა, სადაც აღსაზრდელები სკოლისთვის
მოსამზადებელ პერიოდს გადიან.
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 2 დან 6 წლამდე
ასაკის აღსაზრდელების სწავლების და აღზრდის პროცესი "გაეროს ბავშვთა
ფონდის" მიერ დაფინანსებული წიგნებით ხორციელდება.
"აღმზრდელის მიერ იგეგმება დღის თემა და მთელი დღის განმავლობაში
შესაბამისი აქტივობები. მეთოდური სწავლების ერთ–ერთი ნაწილია
ზღაპრებიც, რომელსაც აღმზრდელი აღსაზრდელებს უკითხავს," – ამბობს
ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების სასწავლო პროცესისა და მეთოდიკის
სამსახურის კორდინატორი, ნუნუ ფერაძე.
მისი თქმით, ბაგა–ბაღების სააღმზრდელო წიგნებში ეროვნული თემატიკის
ნაკლებობაა და უცხო ქვეყნების ლიტერატურა ჭარბობს.
"არ არის ქართული დღესასწაულები, შესაძლებელია, მეტად გაიშალოს თემა
ცხოველებზე, ფრინველებზე და ა.შ. არის შემთხვევები, როდესაც
მეთოდისტებს ვურჩევ, უცხოელი ლიტერატურის ნაცვლად, დღის თემად
ქართველი მწერლების ან პოეტების შემოქმედება განიხილონ და ბავშვებს
მეტად გააცნონ ეროვნული თემატიკა," – აღნიშნავს ნუნუ ფერაძე.
ბაღებში ეროვნული თემატიკის არ არსებობაზე ამახვილებს ყურდღებას
ფსიქოლოგი, იაგორ ბალანჩივაძე. მისი თქმით, ქართული სიმღერები და
ლექსები ბაგა–ბაღებში თითქმის არ ისწავლება და აქცენტი მხოლოდ
ამერიკულ და ევროპულ სასწავლო მასალაზეა გაკეთებული.
"სასწავლო ლიტერატურას უზრუნველყოფს გაეროს ბავშვთა ფონდი, ის რა თქმა
უნდა, არ ბეჭდავს ქართულ ლექსებს და სიმღერებს. საბოლოოდ გამოდის, რომ
ქართველმა ბავშვმა არ იცის მისი ქვეყნის პოეტების და კომპოზიტორების
ნაწარმოებები. სამაგიეროდ, იცის ამერიკული სიმღერები. ეს უკვე ცუდია
და კიდევ უფრო უარესია, როდესაც გვხვდება უცხოური ლიტერატურიდან
დაბალი ხარისხით ნათარგმნი ზღაპრები ან ლექსები, რომელსაც დაკარგული
აქვს რიტმი. ჩვენ გაქვს ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც აუცილებელია
ვასწავლოთ ბავშვებს," - აღნიშნავს ფსიქოლოგი, იაგორ ბალანჩივაძე.
"გაეროს ბავშვთა ფონდის" საქართველოს წარმომადგენლობის მიერ
მოწოდებული ინფორმაციით, პირველად მათ მიერ დაფინანსებული წიგნები,
საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებებში 2011 წელს შევიდა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უცხოურ ნაწარმოებებთან ერთად არსებობს
ლიტერატურა, რომლებიც, შესაძლებელია, საბავშვო ბაღის აღმზრდელმა
ეროვნული თემეტიკის შესწავლისთვის გამოიყენოს.
"მხოლოდ უცხოური ლიტერატურა არ ისწავლება ბაგა-ბაღებში. წარმოდგენილ
წიგნებში არის, როგორც ქართული, ასევე არაქართული. ამასთანავე, არის
სირთულის მიხედვით. მაგალითად, თუ არის ჯაზის თემაა, მაშინ ვერ
მოიძებნება მარტივად ასათვისებელი ქართული ჯაზი, ამიტომ ვასწავლით
ამერიკულ ჯაზზე," – ამბობს "გაეროს ბავშვთა ფონდის" სკოლამდელი
განათლების ოფიცერი, ეკატერინე ჯანელიძე.
საქართველოში სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა "გაეროს ბავშვთა
ფონდისთვის" პრიორიტეტი 2020 წლამდე იქნება.
ამჟამად, საბავშვო ბაღებში აღზრდასა და განათლებას "ადრეული და
სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს,
რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს დაამტკიცა, თუმცა
მისი გარკვეული მუხლები ძალაში 2017 წლის 1 აპრილიდან შევა.
კანონის ავტორები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და "გაეროს ბავშვთა ფონდის"
წარმომადგენლობა გახლდათ.
ის საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომ და უფასო სკოლამდელ
განათლებას ითვალისწინებს. კანონი, ახალი საერთაშორისო სტანდარტებით,
საჯარო თუ კერძო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის სკოლისთვის
მომზადებას და საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, მშობელთა სრულ
ჩართულობას გულისხმობს.
კანონი, ასევე, ითვალისწინებს ორსაფეხურიანი სწავლების სისტემას –
ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის და სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის
სკოლაში შესვლამდე.
მასალის გამოყენების პირობები