გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის ISO სერთიფიცირებული მერიის სამწლიანი სისუსტეები
FaceBook
ქუთაისის არჩეული მერი და მისი გუნდი ქალაქის ხელისუფლებაში ყოფნის სამწლიან ვადას, მადლობის სიგელებით, დიპლომებითა და სერთიფიკატებით ასრულებს.

გაწეული სამუშაოს "აღიარებით" გამორჩეული იყო მერიის დაჯილდოება ISO სერთიფიკატით. 2016 წლის 18 აპრილს, ქუთაისის მერმა, რომელიც მედიასთან გამართული პრესკონფერენციებითა და ბრიფინგების სიხშირით არასდროს გამოირჩეოდა,  ISO სერთიფიკატის მიღება ქალაქს დილის 10 საათზე, საგანგებო ბრიფინგით ამცნო.

შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისი პირველი იყო საქართველოს თვითმმართველ ქალაქებს შორის, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი ეფექტური მენეჯმენტისთვის დაიმსახურა.


2016 წლის 18 აპრილი, ქუთაისის მერმა საზოგადოებას  ISO სერთიფიკატის მიღებას  ამცნო


ქუთაისის ხელისუფლების  ISO სერთიფიცირებულ გუნდს, სინამდვილეში, ქალაქის ცხოვრებაში არსებითად არაფერი შეუცვლია.

სერთიფიკატის მიღებამდეც და მის შემდეგაც, ყველაზე ხშირად, რასაც ხელისუფლება ბოლო წლებში საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა თუ მედიის მიერ წამოჭრილი პრობლემების საპასუხოდ აკეთებდა, პრობლემური საკითხისგან დისტანცირება იყო იმ მოტივით, რომ მათი მოგვარების არც ბერკეტები და არც რეგულაციის მექანიზმები ქალაქის ხელისუფლებას არ გააჩნდა.

ქუთაისის მერი, ამბობს, რომ ქალაქში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომლითაც საშვილიშვილო საქმე კეთდება, ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო დამსახურება და მმართველი გუნდის მიერ აქტიური მხარდაჭერის შედეგია. ხოლო, მაშინ, როცა მოსახლეობა კომპანია smk-ს მიერ გადათხრილი და თვეების განმავლობაში მიტოვებული ქუჩების გამო პროტესტს გამოთქვამდა, ხელისუფლება მათ უცვლელი ტექსტით პასუხობდა და აცხადებდა, რომ პროექტზე პასუხისმგებელი "წყალმომარაგების კომპანიაა", ქუთაისის მერიას კი არ შეუძლია კერძო კომპანიას სამუშაოების ტემპის დაჩქარება მოსთხოვოს.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული "აქილევსის ქუსლი" ნამდვილად აღმოჩნდა ასათიანის ქუჩა, რომელიც წელიწადზე მეტია კეთდება და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 2016 წელს, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიტოვებული ქუჩის ნაწილი, მხოლოდ მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგო. ახლა კი ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.


2016 წლის 21 სექტემბერი, კომპანია SMK-მ ასათიანის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიატოვა


სერთიფიცირებულ მერს ბერკეტები არც ბიზნესმენ თემურ ჭყონიას წინააღმდეგ აღმოაჩნდა, რომელმაც ქუთაისის მთავარ მოედანზე, "მაკდონალდსის" ორსართულიანი შენობა სულ რაღაც 4 თვეში დადგა.

საზოგადოების, მათ შორის არქიტექტორთა მწვავე პროტესტის მიუხედავად, რომლებმაც ქალაქის ცენტრში რესტორნის მშენებლობას დანაშაული უწოდეს, "მაკდონალდსი" ბოლო წლებში ერთადერთი პროექტი აღმოჩნდა, რომელიც დაჩქარებული ტემპით განხორციელდა.

რესტორნის გახსნაზე, სადაც კომპანიის პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ არც კი იცოდა ადგილობრივთა პროტესტის შესახებ, მანვე დაადასტურა, რომ ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის ახალი რესტორანი, ბრენდის არსებობის ისტორიაშიც კი ყველაზე სწრაფად აშენდა.

საზოგადოების ვნებათაღელვის დროს, რაზეც ჭყონიას არ სმენია, ქუთაისის ხელისუფლებამ პროექტზე პასუხისგებლობა იმ მოტივით მოიხსნა, რომ ტერიტორია ქალაქის მუნიციპალურ საკუთრებას არ წარმოადგენდა და ჭყონიამ ის ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდა. შოთა მურღულია, ერთის მხრივ, საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" იდეა არც თვითონ მოსწონდა და ინვესტორს ალტერნატიულ ადგილებს სთავაზობდა, პარალელურად კი მის მშენებლობაზე ნებართვა გასცა.


იგივე გააკეთა მერიამ ქალაქის სკვერებში გახშირებულ მშენებლობებთან მიმართებაშიც. თითქმის ყველა ასეთ პროექტზე ქალაქის ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ მიწის ნაკვეთები ყოფილი ხელისუფლების დროს, ხშირ შემთხვევაში კანონდარღვევით არის გასხვისებული, თუმცა, მათზე მშენებლობის ნებართვებს მაინც გასცემს.

ასეთი უკანონობის გამოსავლენად ქუთაისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელიც 6 თვე სწავლობდა "ნაციონალების" მიერ გასხვისებული ქონების სამართლებრივ მიზანშეწონილობას, თუმცა, ასეულობით საქმეში ვერც დარღვევა და ვერც დამრღვევი აღმოაჩინა.
ჯგუფის ხელმძღვანელმა, გია ქობალიანმა მაშინ განაცხადა, რომ "ნაციონალები" ჭკვიანები არიან და იცოდნენ როგორ არ დაერღვიათ კანონი.

ქუთაისის მერია, ზოგჯერ, ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსაც "ასწორებდა" და წლების წინ გასხვისებულ ტერიტორიებს ალტერნატიულ ფართებზე ცვლიდა, თუმცა, ასეთი მორიგებები საბოლოო ჯამში საზოგადოების კიდევ უფრო მწვავე პროტესტის მიზეზი ხდებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დღემდე მიიჩნევს, რომ სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შეჩერებით, თითქმის შეუძლებელი შეძლო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ გაიჯარებული მიწის, რიონის სანაპიროზე არსებულ ფართში გაცვლით კი, საუკეთესო გამოსავალი იპოვა, თუმცა, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე "არგოს" მშენებლობა, ქუთაისის სამწლიან პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა იყო.

საზოგადოებას, რომელიც სამეფო რეზიდენციის ეზოში კაფე–ბარის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, მიიჩნევდა, რომ ქალაქის ამჟამინდელი ხელისუფლება იმაზე არანაკლებ დანაშაულს ჩადიოდა, ვიდრე, წინა ხელისუფლების მიერ სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გაიჯარება იყო.


2016 წლის 20 აპრილი, საპროტესტო აქცია "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მშენებლობები სკვერებში, რომლებსაც მოსახლეობა შეეწინააღმდეგა, ბუხაიძისა და რუსთაველის ქუჩებზეა. ამათგან, ბუხაიძის N 18–ში ადგილობრივებმა მიზანს მიაღწიეს და იქ კორპუსი აღარ აშენდება. მერიასთან მოლაპარაკების ეტაპზე არიან ამავე ქუჩაზე N 17 და N 19 კორპუსების მცხოვრებლები, სადაც კაფე–ბარის აშენებას "ფლამინგო" გეგმავდა, რუსთაველის N95–ში კი ოთხსართულიანი შენობის საქმე ჯერ ისევ სასამართლოშია.

კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრებლებიც, თამარ მეფის ქუჩის მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათ მეზობლად მრავალსართულიანი კორპუსის დაგეგმილ მშენებლობას არ დაუშვებენ.


2017 წლის 19 ივნისი,  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი მათ სკვერში კაფე-ბარის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

ყველაზე თვალსაჩინო სისუსტე,  ქალაქის ხელისუფლებამ  საქალაქო ტრანსპორტის ორდღიანი გაფიცვის დროს გამოავლინა.

30 და 40 თეთრიანი ტარიფით უკმაყოფილო მძღოლებმა პროტესტის უკიდურეს ზომას  მიმართეს და მუშაობა შეწყვიტეს. მძღოლებმა, რომლებსაც ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მეტი ბერკეტი აღმოაჩნდათ, ვიდრე პირიქით, ორი დღის განმავლობაში ქალაქის სრული პარალიზება მოახდინეს. მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო  მცდელობის შემდეგ მათ   გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა,  ტარიფი თვითნებურად,  10 თეთრით გაზარდეს.

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში,  რომელიც საზოგადოებას ამცნობდა, რომ ხელისუფლებასა და მძღოლებს შორის შეთანხმება არ შედგა, ნათქვამი იყო, რომ ქალაქის ხელისუფლება მგზავრობის ტარიფს არ აძვირებდა, მოქალაქეებს კი გამოსავლის სახით მერიის ცხელ ხაზს სთავაზობდა,  სადაც მათ იმ შემთხვევაში შეეძლოთ დარეკვა, თუ მძღოლი 10 თეთრით მეტის გადახდას მოსთხოვდათ.  ამ განცხადებით,  ქუთაისის მერია არამხოლოდ იხსნიდა პასუხისმგებლობას თვითნებურად გაზრდილ ტარიფზე, არამედ,  მგზავრებს აკისრებდა თავიანთი უფლებების დაცვის ვალდებულებას.

საბოლოოდ,  მერია დანებდა და მიმდინარე წლის 7 აპრილიდან ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაიზარდა. მართალია, შეღავათი დაწესდა სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა, ზუსტად სამ თვეში,  მძღოლების უმრავლეობამ,  
საკუთარი ავტომობილების სალონებიდან ამ ინფორმაციის ამსახველი წარწერები ჩამოხსნა.

მგზავრები მიიჩნევენ, რომ მძღოლები ამით ყველასთვის ერთნაირი ტარიფის დაწესებას ცდილობენ, მერიაში კი ამბობენ, რომ წარწერები ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და ერთი თვის შემდეგ მათი ავტომობილის სალონებში გაკვრა აუცილებლობას არ წარმოადგენს.


2017 წლის 8 მარტი, მძღოლების გაფიცვა მგზავრობის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით

სამი წლის განმავლობაში ქალაქის ხელისუფლებამ ვერც საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის დარეგულირება და ვერც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შეძლო. მგზავრობის საფასურის გაზრდის შემდეგ, ახალი გრაფიკის შემოღების შესახებ ქალაქის მერის დაპირების მიუხედავად, რამდენიმე უბნის მიმართულებით 20:30 საათის შემდეგ გადაადგილება კვლავ პრობლემურია.
საავტობუსო და მიკროსაავტობუსო ხაზებზე კონკურსების ჩატარების მიუხედავად კი გადამზიდავი კომპანიები ტრანსპორტის განახლებას არ ახდენენ.

ქუთაისის სერთიფიცირებულ მერიას არც გარევაჭრობის დარეგულირება გამოუვიდა. სამი თვის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, გვიან ღამით გარემოვაჭრეთა დახლების აყრა უშედეგო აღმოჩნდა. ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ პროცესი მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდებოდა, თუმცა, გარემოვაჭრეებმა "სპეციალური სერვისების" მიერ დასუფთავებულ ტერიტორიაზე ახალი დახლები მეორე დღესვე მიიტანეს და ვაჭრობა განაახლეს.

ქუთაისის მერიას კი დანაპირები არ შეუსრულებია და ქალაქში დახლების აღების პროცესი შეწყვიტა.


2017 წლის 24 აპრილი, მერიის შესაბამისი სამსახურები ჭავჭავაძის ქუჩას გარემოვაჭრეთა დახლებისგან წმენდენ

ერთ-ერთი ბოლო კრიტიკა, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ საზოგადოებისგან დაიმსახურა, რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.

მართვის ეფექტური უნარები ქალაქის ხელისუფლებამ ვერც ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენის მიმდინარეობის დროს გამოავლინა.

"აია არენაზე" მისასვლელი გზის დაგება ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, რის გამოც ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს მოედნამდე მისვლა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით უწევდათ.


2017 წლის 1 ივნისი, "აია-არენასთან" მისასვლელი გზა


მენეჯმენტში სისუსტეებს ვერ ხედავს თავად  ქალაქის მერი.  შოთა მურღულია ამბობს, რომ უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა და მიაჩნია, რომ არსებული რესურსით საუკეთესო გუნდი შექმნა.

"დადებითი და უარყოფითი მხარე ყველაფერს აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ რესურსიდან რაც არსებობდა, საუკეთესო გუნდი იქნა შერჩეული. ასე რომ არ ვთვლიდე, შევცვლიდი",-ამბობს შოთა მურღულია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქუთაისის მერი საზოგადოების მიერ სხვადასხვა თემაზე გამოთქმულ პროტესტს არგუმენტებით პასუხობს.

მისი თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება, რაგბის ჩემპიონატისთვის "აია არენაზე" მისასვლელი გზის მოწესრიგება ცენტრალური ხელისუფლების მიერ თანხის ჩამორიცხვაზე იყო დამოკიდებული, ხოლო გარევაჭრობის კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებას არ ევალება.

"როგორ წარმოგიდგენიათ 160 000 ევროიანი ავტობუსი რომ ჩამოიყვანოთ, 40 თეთრით იმგზავრებთ? მინიმუმ 80 თეთრი ან ლარი უნდა ღირდეს, რომ შეძლოს მუშაობა. 18 ხაზზე უკვე შეიცვალა და გაუმჯობესდა ტრანსპორტი. დარჩა კიდევ 30-მდე ხაზი, რომლებსაც სანებართვო ვადა 2018 წელს ეწურებათ. რაც შეეხება გრაფიკს, ჩვენ არ გვითქვამს, რომ 11 საათამდე იმუშავებს ყველა ტრანსპორტი. ცენტრალურ ხაზებზე, მაგალითად წრიული და 100 ნომერი მუშაობს გვიანობამდე.

რაგბის ჩემპიონატისთვის გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი იმ დღესვე გამოცხადდა, როგორც კი მთავრობამ თანხა გამოყო. მაისში 21 დღე წვიმიანი იყო. ყველა სამუშაო დღე იმუშავეს, როცა წვიმა არ იყო და ერთი ფენის დაგება მოასწრეს. რამდენიმე დღის წინ კი, რაგბის მსოფლიო ფეედრაციამ მადლობის წერილი მოგვწერა, მათ შორის გზის გამოც. 

რაც შეეხება გარევაჭრობას, ჩემი მოვალეობაა ავკრძალო ან გავცე ნებართვა. მე გამოვეცი აქტი, სადაც წერია, რომ გარევაჭრობა აკრძალულია. მისი კონტროლი კი ჩემი პრეროგატივა არ არის.  შესაბამისად, მიმაჩნია, რომ  რისი უფლებამოსილებაც მქონდა, იმ ფარგლებში ჩემი მენეჯმენტი წარმატებული იყო",-ამბობს შოთა მურღულია.

ქუთაისის მმართველი გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის   სამწლიან ვადას სამ თვეში ამოწურავს.  ჯერჯერობით უცნობია კვლავ არსებული გუნდი გააგრძელებს ქალაქის მართვას, თუ სხვა გადაიბარებს ISO სერთიფიცირებულ ხელისუფლებას.


შოთა მურღულიას განმეორებით მერობის სურვილი საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს, თუმცა, აცხადებს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, მზად არის კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა ქალაქზე.

მანამდე კი, ვიდრე, ქალაქის მერი მოსახლეობასთან სამწლიანი მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შოთა მურღულიას ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადბული ტენდერებისა და გასხვისებული ქონების შესახებ, განმარტებების გაკეთება უკვე მოუწია საგამოძიებო უწყებებთან.

ქალაქის მერი, ერთი კვირის წინ, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

თავად შოთა მურღულია გამოკითხვაზე დაბარებას უარყოფს. ქუთაისიპოსტთან საუბარში მან განმარტა, რომ ზოგადად, ინფორმაციის მიწოდება ხშირად უწევს. 

"არასწორი ინფორმაციაა. მე ხშირად მიწევს ინფორმაციის მიწოდება და გაუგებარია ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს. სხვადასხვა უწყებებისთვის, მათ შორის სამართალდამცავებისთვის,  ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, ანტიკორუფციული და სხვადასხვა. ზოგს გვთხოვენ, ზოგს ჩვენით ვაგზავნით თუ საეჭვოდ მიგვაჩნია," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის მერთან ერთად, გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, ასევე,  დაბარებული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.