გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერია ტერიტორიული მართვის ორგანოებისთვის განკუთვნილ ფართებს ყიდის
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სულხან–საბასა და ვაკისუბნის ტერიტორიული მართვის ორგანოებისთვის განკუთვნილი ფართები, რომლებიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზეა განთავსებული, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჩაისვა.
ქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ობიექტები, რომლებიც უკვე წლებია ამორტიზებულია, ჯობია გაიყიდოს, შემოსული თანხით კი მუნიციპალიტეტებისთვის ახალი შენობები აშენდეს.

"ზოგიერთი მუნიციპალიტეტი განთავსებულია ისეთ ტერიტორიაზე და ისეთ შენობაში, რომ ეკონომიკურად შესაძლოა ვინმეს მისი შეძენის ინტერესი ჰქონდეს და იმხელა ფართი კიდევ ჩვენ არ გვჭირდებოდეს. სულხან-საბას და თაბუკაშვილის ქუჩებზე არის დაინტერესება. ჯობია გავყიდოთ და ამ თანხით მსუბუქი კონსტრუქციის 100 კვ-იანი პატარა სერვისცენტრი ავაშენოთ ან სხვა ფართი გავარემონტოთ და ორმხრივი ინტერესი დავაკმაყოფილოთ", – განაცხადა  ქუთაისის მერმა,  შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერი სულხან–საბასა და ვაკისუბნის მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ობიექტებით კონკრეტული პირების მიერ ეკონომიკურ დაინტერესებაზე საუბრობდა, სულხან–საბას # 43ა –ში არსებული ფართი  (სადაც წელიწადნახევრის წინ ამავე უბნის ტერიტორიული მართვის ორგანო იყო განთავსებული) აუქციონზე არ გაიყიდა.

სულხან–საბას ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო გოდოლაძე ვარაუდობს, რომ დაინტერესებულ პირებს, შესაძლოა, ფართის შეძენა უფრო დაბალ ფასად სურდათ.

"იყო ერთი მოქალაქე და იქნებ არ შევუშალოთ ხელიო და მერე არ ვიცი რა მოხდა. ბევრია დაინტერესებული, მაგრამ ეტყობა უფრო იაფად უნდათ. ჩვენ იმედიანად ვიყავით, საშველი დაგვადგებათქო. წარმოუდგენელი იყო მანდ ყოფნა. კანალიზაცია მოუწესრიგებელი იყო, წყალი ჩამოდიოდა წლების განმავლობაში და ბათქაში ცვიოდა. საშინელი ანტისანიტარია იყო. ერთი თანამშრომელი მოგვეწამლა კიდეც", – ამბობს ნინო გოდოლაძე.

ქუთაისის მერიამ სულხან–საბას # 43ა–ში არსებული 495 კვ.მ ფართი 53 000 ლარად შეაფასა, თუმცა, მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.

სულხან–საბას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები უკვე წელიწადზე მეტია იმავე ქუჩაზე, ქუთაისის მერიის მიერ თვეში 150 ლარად დაქირავებულ ფართში გადავიდნენ. ნინო გოდოლაძე ამბობს, რომ შესაფერისი სამუშაო პირობები არც ახალ ოფისშია,  თუმცა, მუნიციპალიტეტის ყოფილ შენობას ჯობია.

აუქციონზე ჯერ არ გაუტანიათ თაბუკაშვილის #24 –ში არსებული ფართი, სადაც ვაკისუბნის მუნიციპალიტეტია განთავსებული, რადგან, ადმინისტრაციის თანამშრომლები ალტერნატიულ ფართში ჯერ არ გადაუყვანიათ.

"ჯერ უნდა დაიცალოს შენობა. შემდეგ გავა აუქციონზე.  დათვლილია უკვე და შეფასებულია ღირებულება. არსებობს აუდიტის დასკვნაც. დაახლოებით 50 000 ლარამდეა შეფასებული", – ამბობს ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი, დავით აბუთიძე.


ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეული

ეკონომიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ხელისუფლება არც სხვა მუნიციპლიტეტებისთვის განკუთვნილი შენობების გაყიდვას გამორიცხავს. მათ შორის, შოთა მურღულიამ გამარჯვების მუნიციპალიტეტზეც ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, ასევე ეკონომიკურად საინტერესო მდებარეობა აქვს.

"ასევე, ვფიქრობთ თუ იქნება დაინტერესება გამარჯვების მუნიციპალიტეტზეც, იმიტომ რომ ის შენობა ეკონომიკურად საინტერესოა და იქედან მიღებული თანხით შეიძლება ახალი მუნიციპალიტეტიც ააშენო და თანხაც ბიუჯეტში დარჩეს", – განაცხადა შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე, რასაც საკრებულოს დეპუტატის, ნატო ქათამაძის პროტესტი მოჰყვა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული შენობა, სადაც ახლა მუნიციპალიტეტია განთავსებული, ადრე საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა. ქალაქის მერი კი, მუნიციპალიტეტის მოსახლოებას შენობაში ბაღის დაბრუნებას დაპირდა.

"გამარჯვებაზე ნამდვილად საჭიროებს ის მუნიციპალიტეტი ადგილმონაცვლეობას, რადგან ის არის ყოფილი ბაღის შენობა. ქალაქის მერი მოსახლეობას იქ საბვშვო ბაღის დაბრუნებას დაპირდა, ახლა კი მის გასხვისებაზე საუბრობს", – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

შოთა მურღულია კი ამბობს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური დაინტერესება განხილვადია.

"როცა კერძო სექტორი ინტერესდება და ჩვენ საჯარო ფუნქციის გამო გვაქვს შენობა დაკავებული, ნებისმიერი ალტერნატივა განხილვადია. ეს არის ეკონომიკური აქსიომა. ის იქ მოაწყობს რამეს, სხვანაირად არავინ არაფერს აკეთებს, ასევე, დაასაქმებს ადამიანებს", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში სულ 12 ტერიტორიული მართვის ორგანოა, სადაც, 81 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ხარჯებს, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულებისთვის ცალკე ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.