გამჭვირვალე თვითმმართველობა
"რეალური დეცენტრალიზაცია არც მომხდარა" -7 თვითმმართველ ქალაქს, შესაძლოა, სტატუსი ჩამოერთვას
FaceBook

საქართველოს 7 თვითმმართველ ქალაქს: თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს, რომლებმაც ეს სტატუსი 2014 მიიღეს, შესაძლოა, ისევ ჩამოართვან.

ცვლილება განხორციელების შემთხვევაში ქუთაისს არ შეეხება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქალაქების თვითმმართველ ერთეულებად დაყოფასთან დაკავშირებული პროცესები მექანიკური იყო, რამაც სასურველი შედეგის მიღწევა ვერ უზრუნველყო. შესაბამისად, სახელმწიფომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე დაიწყო მსჯელობა.

ქვეყნის მასშტაბით 12 თვითმმართველი ქალაქის 5-მდე შესაძლო შემცირებას, სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის შექმნილ საფრთხედ მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას ამ ნაბიჯზე.

"თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც 120 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს.

მიმართვის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის სიკეთე, რაც 2014 წელს, "თვითმმართველობის ახალი კოდექსის" მიღებით თვითმმართველ ქალაქებს გადასცა. ამის სანაცვლოდ კი, ხელისუფლება რეალური დეცენტრალიზაციის მიღწევის შესაძლებლობას ართმევს ქალაქებს, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს სახელმწიფო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში, უწყება იმ არგუმენტებს განმარტავს, რის გამოც 3 წლის წინ თვითმმართველ ქალაქებად ჩამოყალიბებულ მუნიცპალიტეტებს ეს სტატუსი კვლავ უნდა ჩამოერთვათ.

წერილის მიხედვით, სახელმწიფომ ამ რეფორმით უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მიიღო, ვიდრე დადებითი, რაც მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფით არის გამოწვეული.

"იყო მოლოდინი, რომ ამ რეფორმას უნდა მოეტანა დადებითი რეზულტატები: მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში, სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების გაზრდა, თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა და  მუნიციპალიტეტების მექანიკურად გაყოფა არ არის ამ ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი", - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფოს თქმით, თვითმმართველმა ქალაქებმა ვერ გაზარდეს ადგილობრივი შემოსავლები და მათი ბიუჯეტი კვლავ დიდწილად არის დამოკიდებული ცენტრალური ბიუჯეტის სატრანსფერო თანხებზე. გარდა ამისა, შემცირდა კაპიტალური ხარჯები, ამის პარალელურად კი დამატებითი სტრუქტურების შექმნამ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა გამოიწვია.

რაც შეეხება დადებით შედეგებს, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქების შექმნის უმთავრესი დადებითი მოვლენა პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელია. ასევე, რეფორმის შედეგად ნათლად გაიმიჯნა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებამოსილებები, თვითმმართველობებს გადაეცათ მათ ტერიტორიაზე არსებული ქონების გარკვეული კატეგორია და მიეცათ საშუალება დამოუკიდებლად გადაენაწილებიათ ფინანსური რესურსები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებები არც აქამდე იყო გამიჯნული და მუნიციპალიტეტები ამ დრომდე ვერ ახორციელებენ რეალურად დამოუკიდებელ მმართველობას. სახელმწიფოს ის არგუმენტი კი, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა საკუთარი შემოსავლები ვერ გაზარდეს, დემაგოგიაა, რადგან, ამაში მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი.

"სახელმწიფოს პოზიცია, რომ თვითმმართველი ქალაქების შემოსავლები არ გაიზარდა, არის დემაგოგია, რადგან, თავად არ გადასცეს მათ ის უფლებები, რაც ფინანსურ შემოსავალს მოუტანდა ქალაქებს. მთავარი შეცდომა არის სწორედ ის, რომ ფინანსური დეცენტრალიზაცია არ განხორციელდა. მაგალითად, ქუთაისში რომ გზა დაიგოს, წყლამომარაგების კომპანიას შეუძლია მოვიდეს და გაკეთებული გზა წყლის ან კანალიზაციის შეცვლის მიზნით გადათხაროს და მას ამისთვის არავისგან არ სჭირდება ნებართვა. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივს უყურებს,  როგორც მათი გადაწყვეტილებების შემსრულებელს და არა როგორც დამოუკიდებელ სტრუქტურას", - ამბობს კოტე კანდელაკი.

მისი თქმით, თვითმმართველი ქალაქების შემცირების რეალური მიზეზი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ დასახელებული რეფორმის უარყოფითი შედეგები, რადგან, მათ არც მიეცათ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა.

"თვითმმართველობის ახალი კოდექსით, სახელმწიფოს არათუ უნდა შეემცირებია, არამედ, პირიქით, უფრო მეტი ქალაქისთვის უნდა მიეცა დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ ანგარიშვალდებულების არქონისა და დაბალი კომუნიკაციის პირობებში რეალური დეცენტრალიზაციის მიღწევა ისედაც შეუძლებელი იქნებოდა. მე არ ვიცი რა მიზანი შეიძლება არსებობდეს თვითმმართველი ქალაქების ისევ შეერთებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის განვითარების საქმეში", - ამბობს კოტე კანდელაკი.

აქცევს თუ არა რეალობად ხელისუფლება ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქების 5-მდე შემცირებას  ჯერჯერობით უცნობია.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მუშა ჯგუფი არასამთავრობო სექტორთან და სფეროს სპეციალისტებთან ერთად ამ საკითხზე დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.