გამჭვირვალე თვითმმართველობა
"დაუსაბუთებელი" პრემიები იმერეთის მუნიციპალიტეტებში
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ 2016 წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თანამშრომლებზე პრემიის, დანამატის, ჯილდოსა და დახმარების გაცემის პრაქტიკა უცვლელია.
კვლევის ავტორთა თქმით, თანამშრომელთა წახალისებას ხშირ შემთხვევაში კვლავ საყოველთაო ხასიათი აქვს. მათი გაცემა კი ტრადიციულად სადღესასწაულო დღეებში ხდება.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა თანამშრომლებზე ძირითადად 8 მარტს და ახალ წელს გაიცემა, თუმცა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პრემიისა და დანამატის მიღებაზე უარს არც სხვა დღესასწაულებზე ამბობენ.

მაგალითად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია 4–ჯერ გაიცა, მათ შორის აღდგომისა და მარიამობის დღესასწაულებზე.

ამ მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, წლის განმავლობაში გაცემული პრემიისა და დანამატის რაოდენობამ 397 715 ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტის  გამგებელი, ვალერიან ფოცხვერია ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით პრემიისა და დანამატის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. რაც შეეხება, სადღესასწაულო დღეებში პრემიის საყოველთაო პრინციპით გაცემას, ის ამბობს, რომ ამით კანონი არ დაურღვევია.

"თითქმის ერთი მილიონი ლარით არის შემცირებული პრემია და დანამატი 2013–2014 წლებთან შედარებით. ჩვენი თანამშრომლები ხშირ შემთხვევაში ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ და დამსახურებისამებრ იღებენ პრემიას. მე კანონს არ ვარღვევ", – ამბობს ვალერიან ფოცხვერია.

345 478 ლარი მოხმარდა თანამშრომელთა წახალისებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

რაიონის გამგებლის, კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, მის მუნიციპალიტეტში გაცილებით მეტი თანამშრომელი მუშაობს და შესაბამისად,  პრემიაც და დანამატიც მეტი გაიცემა.

"გასულ წლებში არ მახსოვს რამდენი იყო, წელს კი საერთოდ არ გაგვიცია პრემია. რაც შეეხება  2016 წლის კვლევას, ჩვენუფრო მეტი თანამშრომელი გვყავს, ვიდრე  სხვა მუნიციპალიტეტებს და ამით არის განპირობებული ეს ციფრები",–ამბობს კონსტანტინე მამისეიშვილი.

გასულ წელს გაცემული პრემიის, დანამატის, ჯილდოსა და დახმარების რაოდენობის მიხედვით ერთ–ერთ წამყვან პოზიციაზეა ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. ამ მიზნით ქალაქის  ბიუჯეტიდან ჯამში 500 270 ლარია დახარჯული.

კვლევის მიხედვით, ზესტაფონის გამგეობა და საკრებულო თანამშრომლების წახალისებას საშვებულებო დახმარების ფორმით ახდენდა, რამაც ჯამში 161 200 ლარი შეადგინა. კვლევის ავტორთა თქმით, ამ ქმედებით მუნიციპალიტეტმა დაარღვია პრემიის გაცემის წესი, ვინაიდან საშვებულებო დახმარებას, როგორც ტერმინს, კანონმდებლობა არ იცნობს.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ ტერმინი სინამდვილეში პრემიას გულისხმობს, თუმცა, თანამშრომლები მას ასე შინაურულად უწოდებენ.

"შინაურულად ვეძახით ასე. სინამდვილეში პრემიას გულისხმობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ერთ–ერთი გაცემული პრემია დაემთხვა შვებულებას და ამიტომ ჰქვია ასე. ეტყობა, თანამშრომელმა, როდესაც მონაცემების დასამუშავებლად გრაფას აკეთებდა, თვითონ დაარქვა ასე, რადგან მიეთითებინა, რომ ეს არის შვებულების დროს გაცემული თანხა და არა დღესასწაულზე", – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნატა სანთელიძე.

კვლევის მიხედვით იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიის, დანამატის, ჯილდოსა და დახმარების რაოდენობის მიხედვით, რეგიონის ლიდერი ქუთაისია, სადაც 2016 წელს ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 912 351 ლარია გაცემული.

ყველაზე ცოტა თანხა კი  ბაღდათის მუნიციპალიტეტმა გასცა. ბაღდათის გამგეობაში 2016 წელს მხოლოდ სახელფასო დანამატი 17 550 ლარი გაიცა, ხოლო საკრებულოში ხელფასის გარდა თანამშრომლებზე დამატებითი თანხა არ გაცემულა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტების თქმით, მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში ვერ ასაბუთებენ თანამშრომელთა წახალისების მიზნობრიობას.

"პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა ხდება სადღესასწაულო დღეებში, რაც არ არის სწორი. მაგალითად, 8 მარტი არ შეიძლება იყოს პრემიის გაცემის მიზეზი. დანამატს კი თანამშრომლები განსაკუთრებული, დამატებითი სამუშაოს მიხედვით უნდა იღებდნენ და არა ყოველთვიურად, თან ხელფასის ოდენობით. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ არის მითითებული მათი გაცემის მიზნობრიობა",  – ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს შეცვალონ პრემიების გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა. კერძოდ, უარი თქვან ე.წ. საყოველთაო პრემიაზე, ვინაიდან თანამშრომლის წახალისება დამოკიდებული უნდა იყოს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათზე, მოცულობასა და შედეგზე, სადღესასწაულო დღე კი ასეთი მოტივი არ შეიძლება იყოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.