"პარკინგსერვიმა", რომელიც ქუთაისის მერიის საკუთრებაა, 2016 წელს
ადგილობრივ ბიუჯეტში 460 715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარის
შეტანა შეძლო.
კომპანიის დირექტორი, ირაკლი სარიშვილი განმარტავს, რომ
ორგანიზაციისთვის პირველი წელი რთული იყო, რის გამოც ადგილობრივ
ბიუჯეტში გეგმის შეტანა ვერ მოხდა. თუმცა, ის ირწმუნება, რომ
მიმდინარე წელს, გეგმასთან ერთად, გასული წლის ნაშთსაც შეიტანს.
"ვინაიდან პირველი წელი იყო, ოპერირებისთვის გვჭიდერდებოდა თანხები.
ასევე, გვქონდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ხარჯი. ამან განაპირობა
ის, რომ ვერ შევძელით სრულად შეგვეტანა ბიუჯეტში ის თანხა, რაც გეგმით
იყო გათვალისწინებული", - ამბობს ირაკლი სარიშვილი.
ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, "პარკინგსერვისში"
ერთწლიან მუშაობას დადებითად აფასებენ.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კომპანიამ გაამართლა, რადგან ქალაქის
ტერიტორიაზე ავტოსადგომები მოწესრიგებულია.
"გასაგებია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ არის საკმარისი
პარკირების ადგილი. ეს არის ზოგადად გლობალური პრობლემა. ასევე,
ქალაქის ქუჩები ისე არის მოწყობილი, უფრო მეტი ადგილის დამატება
ფიზიკურად ვერ მოხდება. თუმცა, ჩვენ დავამატეთ ადგილები გარეუბნებში.
ახლა ვმუშაობთ ნიკეას ქუჩაზე ავტოსადგომების დახაზვაზე", -
განმარტავენ ორგანიზაციაში.
ანალოგიურად, დადებითად აფასებენ და კომპანიის გასული წლის მუშაობით
კმაყოფილია ადგილობრივი თვითმმართველობა.
ქალაქის მერი, შოთა მურღულიას თქმით, მართალია კომპანიამ ვერ შეძლო
გეგმის სრულად შეტანა, თუმცა კარგად იმუშავა.
"2016 წელს ბიუჯეტში გაცილებით მეტი შევიდა, ვიდრე 2015 წელს
შემოიტანა პარკინგმა ბიუჯეტში", - ამბობს ქალაქის მერი.
"პარკინგსერვისიდან" მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს
ორგანიზაციის შემოსავალმა 590 512 ლარი შეადგინა.
ეს თანხა კი ასე გადანაწილდა:
336 368 ლარი – თანამშრომლების შრომის
ანაზღაურებაზე
12 425 ლარი – პრემიებზე
9 000 ლარი - 2 ტონა საღებავსა და 300 ლიტრ
გამხსნელზე
ფინანსური გეგმის შეუსრულებლობის ფონზე პრემიების გაცემის შესახებ
"პარკინგსერვისის" დირექტორი ამტკიცებს, რომ პრემიებით თანამშრომლების
შრომისუნარიანობა იზრდება, რაც ორგანზიაციაზე დადებითად აისახება.
მასალის გამოყენების პირობები