გამჭვირვალე თვითმმართველობა
პროექტი, რომლებიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სამტრედიაში განხორციელდა
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.


სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ბოლო 5 წლის მანძილზე, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით, 6 მილიონ 497 003 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. 

აქედან, 5 929 553 ლარი UNDP-ის, ანუ გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებამ შეადგინა, 567 450 ლარი კი - GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) დაფინანსებამ.

აღნიშნულის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნული.

მათივე ცნობით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცე (2021 წელს), რისთვისაც, ჯამში, 536 600 ლარი დაიხარჯა (აქედან, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება იყო - 109 600 ლარი). ამ პროექტის განხორციელებით, გაუმჯობესდა მოსახლეობის დასასვენებელი სივრცე და ქალაქის ესთეტიკური მხარე.

რეკრეაციული სივრცის მოწყობა სამტრედიის სოფელ ნაბაკევშიც UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. აღნიშნულისთვის ჯამში 785 900 ლარი დაიხარჯა (თანადაფინანსება - 7 860 ლარი). 

2022 წელს, სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყობად, საერთაშორისო ფონდის მიერ 201 330 ლარი გამოიყო, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებამ კი - 2 033 ლარი შეადგინა (პროექტის სრული ღირებულება 203 363 ლარი იყო). ამ პროექტით, გაუმჯობესდა როგორც ფეხით მოსიარულეთა, ასევე ავტომობილებით
გადაადგილება და ასევე ხელი შეეწყო ბიზნესის განვითარებას.

სოფელ ღანირში, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყობად თანხა (357 791 ლარი) ასევე UNDP-დან გამოიყო. მერიის თანადაფინანსება 3 613 ლარი იყო, ჯამში კი პროექტის სრულმა ღირებულებამ 361 404 ლარი შეადგინა. 

173 415 ლარი დაიხარჯა სოფელ კორმაღალში ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყობად (ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით), საიდანაც საერთაშორისო ფონდიდან (UNDP) გამოყოფილმა თანხამ 171 680 ლარი შეადგინა, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი - 1 735 ლარი იყო.

სოფელ იანეთში საბავშვო ბაღის მშენებლობაც (2022 წელი) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საშუალებით განხორციელდა (1 300 000 ლარი). 75 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობისთვის ჯამში 1 764 740 ლარი დაიხარჯა (თანადაფინანსება - 464 740 ლარი). შედეგად, ბავშვების სასწავლო-საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. 


ახალი საბავშვო ბაღი სოფელ იანეთში

სამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, ხდკ-ს დასახლებაში, საერთო სარგებლობის სივრცეების კერძო სარგებლობის სივრცეებისგან გამოყოფი ზოლების (ღობეები) მოსაწყობად, ჯამში, 978 880 ლარი დაიხარჯა. აქედან, UNDP-ის დაფინანსებამ 969 091 ლარი შეადგინა, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი - 9 789 ლარი იყო. აღნიშნული პროექტით ქალაქში შემოსასვლელის ესთეტიკური სახე გაუმჯობესდა. 

ამავე დასახლებაში, ურბანული განვითარებისთვის, რეკრეაციულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურისა და მიმდებარე საზოგადოებრივი
სივრცის მოსაწყობად საერთაშორისო ფონდიდან (UNDP) 549 945 ლარი გამოიყო. თანადაფინანსება 5 555 ლარი იყო, პროექტის სრული ღირებულება კი - 555 500 ლარი. შედეგად, მოსახლეობის დასასვენებელი სივრცე, ეკოლოგიური გარემო და ქალაქის იერსახე გაუმჯობესდა. 

კოსტავას ქუჩაზე, ხდკ-ს დასახლებაში, ურბანული განახლებისთვის მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაც (ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით) UNDP-დან 1 012 635 ლარით დაფინანსდა (თანადაფინანსება - 10 228 ლარი, პროექტის სრული ღირებულება კი - 1 022 863 ლარი). ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, გაუმჯობესდა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები, შენობები გახდა ენერგოეფექტური და გაუმჯობესდა მათი იერსახე.

კოსტავას ქუჩაზე დახურული საცურაო აუზის რეაბილიტაციისთვისაც თანხა (162 041,43 ლარი) საერთაშორისო ფონდმა (UNDP) გამოიყო. რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდა აუზის როგორც ვიზუალური მხარე, ასევე აუზში წყლის ხარისხი.


ახლადრეაბილიტირებული საცურაო აუზი სამტრედიაში

GIZ-ის მიერ დაფინანსდა ბორანის გზისა და სანაპიროს პროექტის შესყიდვაც, რისთვისაც ფონდმა 67 450 ლარი გამოყო, სამუშაოებისთვის კი, რომელიც მალე უნდა დაიწყოს - 500 000 ლარი (თანადაფინანსება 20 000 ლარი).

სამტრედიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, ზემოთჩამოთვლილი 7 132 156 ლარის ღირებულების პროექტებიდან, საერთაშორისო ფონდების დაფინანსებამ 6 497 003 ლარი შეადგინა, მუნიციპალიტეტის დაფინანსებამ კი - 635 153 ლარი. 

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. მესამე, საბოლოო მოსმენით კი, 14 მაისს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.