"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ
იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების
დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ბოლო ხუთ წელში (2019-2023), დონორი
ორგანიზაციების მხარდაჭერით, 1 021 889 ლარის პროექტები
განხორციელდა.
ჩვენ მიერ ტყიბულის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით,
ევროკავშირის პროექტის - „ადგილობრივი პარტნიორობა მეორე დონის
პოსტ-ინდუსტრიული ქალაქების აღორძინებისათვის“ ფარგლებში, 2019 წელს,
მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ში “საკონფერენციო შეხვედრების სივრცე”
მოეწყო. გრანტის მოცულობამ აღნიშნული პროექტისთვის 26 200 ლარი
შეადგინა, ხოლო მერიის ფინანსურმა თანამონაწილეობამ - 5797 ლარი.
ტყიბულში არსებული სკვერის განახლება და ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ
არსებული მოედნის რეაბილიტაციაც ევროკავშირის ამავე პროექტის
ფარგლებში მოპოვებული გრანტით განხორციელდა (2020 წელი).
აღნიშნულისთვის გრანტის ჯამურმა მოცულობა 71 836 ლარი შეადგინა, ხოლო
მუნიციპალიტეტის ფინანსურმა თანამონაწილეობამ - 28 163 ლარი.
ევროკავშირის ამავე პროექტის ფარგლებში მოეწყო ტყიბული ღია
სატრენაჟორო სივრცეც (2021 წელს), რისთვისაც ჯამში 19 260 ლარი
დაიხარჯა, აქედან მერიამ 3023 ლარი დააფინანსა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო კონკურსის ფარგლებში
დაფინანსდა ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ორი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
გაწევაც (2022 წელს). კერძოდ, სივრცულ-მოცულობითი კომპოზიციის
კონცეფცია - „სოლომონ მეფე“ /ხრესილის ბრძოლის მთავარი გმირი/ ძეგლის
მოწყობის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენა (20 000 ლარი) და ტყიბულში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა (60 000 ლარი). ჯამში გრანტმა 80 000 ლარი
შეადგინა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანამედროვე PVC წყლის მილების
მონტაჟიც დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნულისთვის მერიამ სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის
განვითარების სააგენტოსა (SAIDC) და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს
თანამშრომლობით განხორციელებულ მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში,
4 000 ევრო (დაახლოებით 11 260 ლარი) მიიღო (2023 წელს).
ამასთან, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) საგრანტო კონკურსის
ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა დაფინანსება 17 756
ლარის ოდენობით, რაც მოიცავდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველა
საბავშვო ბაღის თითოეული ჯგუფისთვის მაღალი ხარისხის, გონებრივ
განვითარებაზე ორიენტირებული, სხვადასხვა დასახელების უსაფრთხო
სათამაშოების კომპლექტის შეძენას. სათამაშოები უკვე შესყიდულია და
გადაცემულია ბაღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ
წარდგენილმა საპროექტო იდეებმა პროექტ „ევროკავშირი ინტეგრირებული
ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური
ცხოვრების კატალიზატორის (CESL) ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო
კონკურსში გაიმარჯვა. აღნიშნულთან დაკავშირებით CESL-ის
განხორციელებაზე პასუხისმგებელ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოებასა(GIZ) და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის
საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
შედეგად, მოხდება სამხატვრო სკოლისთვის გამოყოფილი სივრცის სრული
რეაბილიტაცია და იქ მულტიფუნქციური დატვირთვის ვიზუალური ხელოვნებისა
და ინოვაციების სკოლის შექმნა.
პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტი 541 000 ლარს შეადგენს (მერიის
დაფინანსება კი 5 450 ლარს). ტყიბულის მერიიდან გამოთხოვილი
ინფორმაციის მიხედვით, მომზადებული საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოების შესყიდვა.
გარდა ამისა, ტყიბულში, გელათის ქუჩაზე არსებული ყოფილი რკინიგზის
სადგურის წინ, მოეწყობა მრავალფუნქციური ურბანული რეკრეაციული ზონა და
მოხდება მიმდებარე სივრცის რევიტალიზაცია. პროექტის ფარგლებში
მოპოვებული გრანტი 257 600 ლარს შეადგენს, მერიის ფინანსური
თანამონაწილეობა კი 10 885 ლარს. ამ დროისთვის მომზადებული საპროექტო
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოების შესყიდვა
მიმდინარეობს.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. პირველი
მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და
საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში,
„უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ"
უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და
უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ
კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები