"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ
იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების
დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
ქუთაისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ცენტრალურ მოედანზე მდებარე
კოლხური შადრევანი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2011
წელს მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა რკინა-ბეტონის 30 კონსტრუქცია,
რომლებზეც კოლხური ქანდაკებები დაიდგა.
ამასთან, შადრევნის ირგვლივ, ცენტრალური მოედნის სავალ ნაწილზე, დაიგო
ფერადი ქვაფენილი და დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა.
ქუთაისში, კოლხური შადრევნის მოწყობა ქალაქის ისტორიული უბნის
რეაბილიტაციის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობდა.
შადრევანის რეაბილიტაციისთვის, რომელიც 2012 წელს საზეიმოდ გაიხნა, 3
მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამის გარდა, მისი შეკეთებაც კი 10 წლის შემდეგ ასევე, ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, მოპირკეთდა შადრევნის დაზიანებული მოზაიკური
ნაწილი, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, რეაბილიტირდა
შადრევნის მონუმენტური ნაწილი - ქანდაკებები, რისთვისაც 526 699 ლარი
დაიხარჯა.
არქიტექტორ დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებული შადრევანი,
რომელზეც 30 მოოქროვილი კოლხური ქანდაკებაა დადგმული, ერთ-ერთი
მთავარი ტურისტული ატრაქციაა.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. პირველი
მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და
საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში,
„უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ"
უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და
უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ
კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები