"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე
შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ
პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების
ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების
დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, ევროკავშირისგან, სხვადასხვა პროექტის
განსახორციელებლად, ორ წელში (2020-2021), 2 მილიონ 409 263 ლარი
მიიღო.
აქედან, 932 270 ლარით დააფინანსა, სოფელ ვარციხეში, ბიზნეს
განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის შენობის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტსა და რეგიონში მოეწყო
ბიზნეს ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა. შენობაში განთავსდა ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრი, სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეები და
შეხვედრების (საკონფერენციო) ადგილი. ამასთან, მოეწყო მცირე საოფისე
და საწარმოო ფართები ახალი და არსებული ბიზნეს ობიექტებისთვის.
ამასთან, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა ბაღდათის
მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების
სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნულისთვის ევროკავშირმა 1 204 032
ლარი გამოყო.
პროექტი ადგლობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის
მოწყობას გულისხმობდა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7
ტერიტორიულ ერთეულში, 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო
გზების რეაბილიტაცია, გარე განათებებისა და საპარკინგე ადგილების
მოწყობა განხორციელდა.
ევროკავშირმა 272 961 ლარით დააფინანსა ბაღდათის მუნიციპალიტეტში
ტურისტული ობიექტების მიმართულებით სოფელ დაფენილში, სოფ. I ობჩაში,
სოფ.როკითში, სოფ.ფერსათსა და სოფ.წითელხევში ვიზიტორებისათვის
შესვენების ადგილის მოწყობის სამუშაოებიც.
განხორციელებული პროექტებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ
მოწესრიგებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა მიიღო.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. პირველი
მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და
საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში,
„უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად
"ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ
პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
ფოტო: ფეისბუქ გვერდი - ბაღდათის ზეცა
მასალის გამოყენების პირობები