"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ
იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების
დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის
"უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის
სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და
არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის
განვითარებისთვის გასცემენ.
"ქუთაისიპოსტმა" ზესტაფონის მერიიდან, ბოლო 5 წელში, მუნიციპალიტეტში,
საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებთან
დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა.
მათ მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ პერიოდში,
ქალაქში, ევროკავშირის დახმარებით, ჯამში, 235 229 ლარის
ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
მერიის ინორმაციით, ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე,
ელ.მოწყობილობების დამტენების, მზის პანელებისა და ჭკვიანი
შუქნიშნების დამონტაჟება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
მოხერხდა. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით
ჩაუტარდა რეაბილიტაცია ბიბლიოთეკის საკუთრებაში მყოფ მერიის შენობაში
არსებული შეხვედრების დარბაზსაც.
ორივე პროექტის განსახორცილებლად ევროკავშირმა 26 200 ლარი გამოყო.
დანარჩენი თანხის მობილიზება კი ზესტაფონის მერიის, მუნიციპალიტეტის
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრისა და ცენტრალური
ბიბლიოთეკის თანადაფინანსებით მოხდა.
კვალითის დასახლებაში, ტაძრის მიმდებარედ არსებული სკვერის
რეაბილიტაციაც ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა.
აღნიშნულისთვის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით 168 392 ლარი მიიღო,
თავად კი 90 834 ლარი გამოყო.
კვალითის დასახლებაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კათარზისის მიმდებარედ
არსებულ სკვერსაც, რისთვისაც თანხა, კერძოდ, 40 637 ლარი ევროკავშირმა
გამოყო.
"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. პირველი
მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და
საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში,
„უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.
კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად
"ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ
პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
ფოტო: georgian travel guide
მასალის გამოყენების პირობები