ქუთაისიპოსტი აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების
შესწავლას.
ვინ რა ბიზნესს და ქონებას ფლობს წარმომადგენლობით ორგანოში,
ინფორმაციას ამის შესახებ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, რუბრიკაში
"დეპუტატი ბიზნესში".
რუბრიკის ფარგლებში მოგითხრობთ საკრებულოს თავმჯდომარეების
მოადგილეებზე, ირაკლი შენგელიასა და რამაზ ჩხიკვაძეზე.
ირაკლი შენგელია:
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი შენგელია ბიზნეს საქმიანობას არ
ეწევა. სამეწარმეო რეესტრში მის სახელზე არც ერთი კომპანია არ
ფიქსირდება.
საკანონდებლო საქმიანობის პარალელურად, იგი მხოლოდ სამედიცინო სფეროში
მოღვაწეობს.
რაც შეეხება მის ქონებას, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ირაკლი
შენგელიასა და მისი ოჯახის წევრების სახელზე რამდენიმე საცხოვრებელი
სახლი და მიწის ნაკვეთი ფიქსირდება.
დეპუტატის მიერ მიმდინარე წლის 22 იანვარს შევსებული ქონებრივი
დეკლარაციის მიხედვით, შენგელიას ბინა აქვს ბათუმში, მასვე ეკუთვნის
50%–იანი წილი საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე წყალტუბოს
რაიონის სოფელ პატრიკეთში. დედის, ტასო კოდუას სახელზეა გაფორმებული
ბინა თბილისში, რომელიც 2010 წლამდე ირაკლი შენგელიას ეკუთვნოდა.
დეპუტატის მამა, რევაზ შენგელია კი, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,
ქუთაისში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს.
ირაკლი შენგელია ამბობს, რომ დედის სახელზე გაფორმებული ბინა უკვე
გაყიდულია.
"ეს ბინა უკვე აღარ არის ჩვენი. რამდენიმე დღის წინ გაიყიდა და
შედარებით უფრო პატარა ფართი, 50 კვ.მ ისევ თბილისში ვიყიდეთ. ისიც
დედაჩემის სახელზე იქნება",–ამბობს ირაკლი შენგელია.
საჯარო რეესტრის 2017 წლის 13 თებერვლის ამონაწერით, შენგელიას
სახელზე საცხოვრებელი ბინა ფიქსირდება ქუთაისში, თუმცა, დეპუტატი
ამბობს, რომ ქონება გაყიდა და მას აღარ ეკუთვნის.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი შენგელიამ 2017 წელს შეიძინა
17 7000 დოლარის ღირებულების "მაზდა 3". მის მამას, რევაზ შენგელიას
კი ამავე წელს 29 000 დოლარად შეძენილი "მაზდა CX 5" ჰყავს.
რამაზ ჩხიკვაძე:
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
სამეწარმეო საქმიანობას არც საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე
ეწევა.
რამაზ ჩხიკვაძეს საჯარო რეესტრის ამონაწერში მხოლოდ ერთი უძრავი
ქონება, ყიფიანის ქუჩაზე, 68 კვ.მ საცხოვრებელი სახლი
უფიქსირდება.
იგი ინდ.მეწარმედ არის დარეგისტრირებული, თუმცა, მის სახელს არც ერთი
კომპანია არ უკავშირდება.
რეესტრის ამონაწერით, რამაზ ჩხიკვაძე იმერეთის რეგიონალური ფუტსალის
ასოციაციის, სამეცნიერო-შემოქმედებითი კავშირი "ინტელექტის" დირექტორი
და გამეგეობის წევრია, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ტორპედო-2008"-ს
დახმარების და აღორძინების ფონდი "გოლის" დამფუძნებელი, თუმცა,
დეპუტატი ამბობს, რომ არც ერთი მათგანი აღარ ფუნქციონირებს.
"არც ფუტსალის ასოციაცია და არც "ინეტელქტი" არ ფუნქციონირებს.
შეიქმნა და მორჩა. არც უმუშავია. რაც შეხება "ტორპედოს" დახმარების
ფონდს, ეს 2008-ში შეიქმნა, მაგრამ შემდეგ, როცა კლუბი "ვისოლმა"
შეისყიდა, ეს ფონდიც გაჩერდა",-ამბობს რამაზ ჩხიკვაძე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს
2010 წელს 5000 დოლარად შეძენილი მერსედესი ჰყავს.
ამავე თემაზე:
აუქციონის გარეშე გაიჯარებული ტროტუარი და
დეპუტატის „ფერადი
ქვიშა“
ამირან კოპალეიშვილი რუბრიკაში „დეპუტატის
ბიზნესი“
მასალის გამოყენების პირობები