ქუთაისიპოსტი აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების
შესწავლას.
ვინ რა ბიზნესს და ქონებას ფლობს წარმომადგენლობით ორგანოში,
ინფორმაციას ამის შესახებ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, რუბრიკაში
"დეპუტატი ბიზნესში".
რუბრიკის მომდევნო მასალაში ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატზე, ამირან კოპალეიშვილზე მოგითხრობთ.
ამირან კოპალეიშვილი: ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატი უქიმერიონის ოლქში.
ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარის მოადგილე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.
ქუთაისის საკრებულოში თანამდებობა არ აქვს.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ამირან კოპალეიშვილი 2018 წლის 6
მარტამდე სამი კომპანიის დირექტორი იყო. ერთ კომპანიაში კი 33%-იან
წილს ამ დრომდე ფლობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამირან კოპალეიშვილმა სამეწარმეო
საქმიანობა 2010 წელს დაიწყო.
პირველი კომპანია, რომელიც მას უკავშირდება, შპს "option"-ია, სადაც
2012 წლამდე 33%-იან წილს ფლობდა. კომპანიას ამ დრომდე აქტიური
სტატუსი აქვს. თუმცა, 2012 წლის შემდეგ, დეპუატატს კომპანიაში წილი
აღარ უფიქსირდება.
ამირან კოპალეიშვილი ასევე ხელმძღვანელობდა და 100%-იანი წილი
ეკუთვნოდა 2013 წელს დაფუძნებულ შპს "კოდან ქუთაისსა" და 2015 წელს
შექმნილ კომპანია "AMO"-ში.
დეპუტატი ამბობს, რომ "AMO" აღარ ფუნქციონირებს, შპს "კოდან ქუთაისი"
კი, რომელიც ავტოქარხნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს,
დროებით გაჩერებულია.
"მოქმედი ფირმაა, მაგრამ ამ ეტაპზე სამუშაოებს არ ასრულებს. თიზში
შენობების რეაბლიტაციას ახორციელებდა. იმისთვის, რომ იქ იმუშაო,
აუცილებელია კომპანია თიზში იყოს დარეგისტრირებული და ლიცენზიაც უნდა
გქონდეს. ჩვენ სამ თვიან ლიცენზიებს ვყიდულობდით და ამ წუთში აღარ
გვაქვს, რადგან სარემონტო ობიექტი არ აქვთ", - ამბობს ამირან
კოპალეიშვილი.
ამირან კოპალეიშვილის ბიზნესს ახლა მისი ძმა, დავით კოპალეიშვილი
ხელმძღვანელობს.
დეპუტატმა კომპანიებთან კავშირი ერთ დღეს, 2018 წლის 6 მარტს გაწყვიტა
და მათი დირექტორობა 100%-იან წილთან ერთად, საკუთარ ძმას,
გადაუფორმა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, დეპუტატს წილი ახლა მხოლოდ ერთ
კომპანიაში აქვს. 2018 წელს, ამირან კოპალეიშვილმა მართალია შპს
"DAMI"-ის დირექტორობა თავის ძმას გადააბარა, თუმცა, კომპანიაში
33%-იანი წილი დაიტოვა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი 2017 წლამდე ასევე იყო სამშენებლო
კომპანია შპს ,,გი-ან 2011""-ის ფინანსური დირექტორი.
კომპანია მამამისს, გია კოპალეიშილს ეკუთვნის, რომელიც ქუთაისის
მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორია. თუმცა, გია კოპალეიშვილს, მისი
შვილის საკრებულოში არჩევიდან ამ დრომდე, ქუთაისში იმ ხუთი
ტენდერიდან, რომელშიც მონაწილეობდა, არც ერთი არ მოუგია.
ბოლო ტენდერი "გი-ან 2011"-მა 2017 წელს მოიგო და ხარაზოვის სკვერის
რეაბილიტაცია განახორციელა.
დეპუტატი ამბობს, რომ უბრალოდ, არ გაუმართლათ.
ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს იმ კომპანიებს,
რომლებსაც სხვადასხვა წლებში თავად ხელმძღვანელობდა.
დეპუტატის სახელზე მხოლოდ ერთი ქონება, ამხანაგობა "ქრონიკის უბანში"
მშენებარე კორპუსში 102 კვ.მ. ფართი ფიქსირდება.
ამირან კოპალეიშვილის თქმით, ამხანაგობის თავმჯდომარე და ერთ-ერთი
დამფუძნებელი მამამისი, გია კოპალეიშვილია. კორპუსში 102 კვ.მ. კი მან
ამხანაგობისგან იჯარით 2016 წელს აიღო.
ამირან კოპალეიშვილის სახელზე საჯარო რეესტრის 2007 წლის 13 აგვისტოს
ამონაწერით, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთ ოთახიანი ბინაც
ფიქსირდება. დეპუტატმა თავდაპირველად ინფორმაცია უარყო. თუმცა,
მოგვიანებით განაცხადა, რომ არ ახსოვდა ფართი თუ მის სახელზე იყო და
ირწმუნება, რომ ბინა მას აღარ ეკუთვნის.
"არც მახსოვდა ჩემს სახელზე თუ იყო. მშენებარე კორპუსი იყო და იქ
ვიყიდეთ. მერე გავყიდეთ. ახლა ნამდვილად აღარაა ჩემი", - ამბობს
ამირან კოპალეიშვილი.
ამავე თემაზე:
აუქციონის გარეშე გაიჯარებული
ტროტუარი და დეპუტატის „ფერადი ქვიშა“
მასალის გამოყენების პირობები