2018 წლიდან ქუთაისის მერიასა და საკრებულოში სახელფასო ფონდი 404 400
ლარით გაიზარდა.
ცვლილება გამოიწვია, როგორც ანაზღაურების მატებამ, ასევე, ახალი
შტატების შექმნამ.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატები არათუ
გაიზარდა, არამედ, პირიქით, შემცირდა და მერია 50-მდე თანამშრომელმა
დატოვა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს სახელფასო ფონდზე დადებითად არ
ასახულა.
2018 წელს, მერია შრომის ანაზღაურებისთვის 3 460 000 ლარს დახარჯავს,
რაც 350 000 ლარით აღემატება გასული წლის ამავე ხარჯს.
უკვე ორი თვეა გაზრდილ ანაზღაურებას იღებს მერის სამივე მოადგილე,
რომელთა ხელფასი ქალაქის მერის ანაზღაურებასაც კი აჭარბებს.
2 100 ლარის ნაცვლად, 3 700 ლარს იღებს მერის პირველი მოადგილე,
გიორგი იობაშვილი. დანარჩენი მოადგილეების იუზა უგულავასა
და ნინო თვალთვაძის ხელფასი კი 2 050 ლარიდან 3 500 ლარამდე
გაიზარდა.
არ შეცვლილა ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ანაზღაურება. მას ისევ 2
750 ლარი აქვს.
500 ლარით გაზრდილ ხელფასს იღებს მერიის ყველა სამსახურის უფროსი,
გარდა სამხედრო სამსახურისა. მერიის ინფორმაციით, ვალერი ყენიას
ხელფასი კვლავ 1 700 ლარია.
ადგილობრივ თითმმართველობაში ამბობენ, რომ ცვლილება "საჯარო
დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონს" უკავშირდება,
რომლის მიხედვითაც, ხელფასი და დანამატი, რომელიც თანამდებობის
პირებზე ყოველთვიურად გაიცემოდა, გაერთიანდა. რეალურად კი ხელფასები
არ გაზრდილა.
"არათუ გაიზარდა, არამედ, პირიქით, შემცირდა ხელფასების რაოდენობა.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაცილებით მეტს იღებდნენ დანამატს და
ხელფასს ერთად, ვიდრე ახლა მათ განესაზღვრათ. სახელფასო ფონდის გაზრდა
კი გამოიწვია შტატგარეშე თანმშრომლებისთვის, გასამრჯელოს, სახელფასო
მუხლიდან გაცემამ, რაც ადრე ასე არ ხდებოდა", - ამბობს, ქუთაისის
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.
ქალაქის მერიის მსგავსად, არ შეცვლილა არც საკრებულოს პირველი პირის
ანაზღაურება. ნიკოლოზ ლატარიას ხელფასი კვლავ 2750 ლარია. სამაგიეროდ,
1350 ლარით მეტს იღებს მისი ორივე მოადგილე. ირაკლი შენგელიას და
რამაზ ჩხიკვაძის ხელფასმა 3 500 ლარს მიაღწია.
200 ლარით გაზრდილ ხელფასს იღებენ საკრებულოს ხუთივე ფრაქციისა და
ხუთივე კომისიის თავმჯდომარეები.
გარდა ფიქსირებული ხელფასების გაზრდით გამოწვეული დამატებითი ხარჯისა,
ქუთაისის საკრებულოს 2018 წლიდან 5 ახალი შტატისთვისაც მოუწია თანხის
გათვალისწინება. "თვითმმართველობის შესახებ კანონში" შეტანილი
ცვლილების მიხედვით, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს
მოადგილეები დაენიშნათ, რომელთა ყოველთვიური
ანაზღაურება 1200 ლარით განისაზღვრა. მხოლოდ ახალი
შტატებისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 72 000 ლარი გამოიყო.
ქუთაისის საკრებულოში გაზრდილი ანაზღაურებით სარგებლობს ერთადერთი
ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ
შუშანია და მისი მოადგილე, ვლადიმერ კლდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები