არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველომ" ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობა
შეისწავლა.
ანგარიშის ავტორთა თქმით, განსაკუთრებით სუსტი იყო წარმომადგენლობითი
ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია. კერძოდ,
დეპუტატები არ გამოთქვამდნენ ინიციატივას დამოუკიდებელი აუდიტის
მოწვევის შესახებ, რომელიც მათ საქმიანობას შეისწავლიდა. ეს უფლება
საკრებულოს წევრებმა მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის 21 ოქტომბერს
გამოიყენეს.
ასევე, დეპუტატებს სხდომებზე არც ერთხელ არ დაუბარებიათ
საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლები,
ნაკლები სიხშრით იყენებდნენ სხდომებზე შეკითხვების დასმის და სიტყვით
გამოსვლის უფლებას. დეპუტატები სხდომებსაც ხშირად
აცდენდნენ.
ანგარიშში მოხვდა წინა მოწვევის საკრებულოში "ქართული
ოცნების" 7 დეპუტატი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას
ეწეოდნენ, თუმცა, მათი ნაწილი ქონებრივ დეკლარაციას
სრულყოფილად არ ავსებდა.
დეკლარაციაში საკუთარი ბიზნესწილების შესახებ არ მიუთითა მეხუთე
მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა და საკრებულოს
დეპუტატებმა: თეიმურაზ ნადირაძემ და ირმა პეტრიაშვილმა. ხოლო, მე-5
მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ახალი მოწვევის
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ დეკლარაცია
არასრულად შეავსო.
ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოში
ბიზნესსაქმიანობას, ასევე, ეწეოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
ბექა ყანჩელი და საფინანსო-სარევიზიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე,
ლელა ქელბაქიანი. ორივე მათგანმა ქონებრივი დეკლარაცია სრულყოფილად
შეავსო.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში პრობლემურ საკითხად, ასევე,
გამოიკვეთა საკრებულოში გენდერთა საბჭოს არარსებობა.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ,
საკრებულოს დეპუტატების აქტიური ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოს
საქმიანობაში, არამედ, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება.
მასალის გამოყენების პირობები