სავალდებულო ტექდათვალიერება - მოთხოვნები და მეთოდები (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მძღოლების დიდი ნაწილი მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებას ემხრობა. მათი განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება აუცილებელია, რადგან ტექნიკურად გამართული ავტომობილი უსაფრთოების მეტ გარანტიას ქმნის.
თუმცა, ზოგიერთი მძღოლის აზრით, ტექდათვალიერების შემოღება ნაადრევია, რადგან ქვეყანაში არსებული ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია და ავტომობილების დიდი ნაწილი მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

როგორია ქუთაისელი მძღოლების მოსაზრება სავალდებულო ტექდათვალიერებაზე, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეოგამოკითხვა:



დღეისათვის საქართველოში ტექდათვალიერებას მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ავტომობილები გადიან. ტესტირების ცენტრი შპს „ჯეა“ ქუთაისში ერთ-ერთია, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობას ამოწმებენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო სამ თვის განმავლობაში, მსუბუქი ავტომობილების მფლობელების მიმართვიანობა გახშირდა.

„მათ ეს ვალდებულება ჯერჯერობით არ აქვთ, მაგრამ საკუთარი სურვილით მაინც მოდიან, აინტერესებთ რა პრობლემა აქვს მანქანას,“ - ამბობს შპს „ჯეას“ ხელმძღვანელი, ელდარ ერაძე.

მსუბუქი ავტომობილის დიაგნოსტირება ტესტირების ცენტრში 35 კომპონენტის მიხედვით ხდება. საფასური კი 59 ლარია. შპს „ჯეაში“ ამბობენ, რომ 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ ფასი არ გაიზრდება.

როგორ ხდება ავტომობილის ტექდათვალიერება და რა არის მოთხოვნები, ნახეთ ვიდეო:



დაანონსებული ტექნიკური ინსპექტირება ნაადრევად მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციების ამოქმედებამდე ბევრი პროცედურაა გასავლელი, როგორც საკანონმდებლო, ასევე კერძოს სექტორისა და მძღოლების მომზადების მხრივ. სწორედ, ამიტომ NGO სექტორი ხელისუფლებას პროცესებში ჩართვას თხოვს.

„მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას, გვინდა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და დავეხმაროთ ხელისუფლებას, რადგან ვთვლით, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს საქმე არაა, ამიტომ ვთავაზობთ ყველა ერთად ჩავერთოთ დიალოგში. ყველა მძღოლი არაა ერთნაირად ინფორმირებული, ამიტომ საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება უმნიშვნელოვანესია, რომ მათ გაიგონ რა სიკეთეებს მოიტანს ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საგზაო ალიანსი უსაფრთოებისთვის“ ხელმძძღვანელი, ეკა ლალიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები, ასევე, ტესტირების ცენტრების რაოდენობის გაზრდაზე საუბრობენ. ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ამჟამად საქართველოს მასშტაბით არსებული 26 ტექინსპექტირების ორგანო ქვეყნის ავტოპარკის მომსახურებისთვის საკმარისი არ იქნება.

მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერების საკითზე, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. უწყების სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ხელმძღვანელი, პაატა გოგოლიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ არასამთავრობო სექტორისთვის კარი ღიაა და მათ საკუთარი რეკომენდაციების წარდგენა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

რაც შეეხება ტექინსპექტირების ორგანოების ზრდას, პაატა გოგოლიძის ინფორმაციით, ცენტრების რაოდენობა წლის ბოლომდე მოიმატებს.

"26 ცენტრიდან ნახევარი მაინც გაფართოებას გეგმავს. გარდა ამისა, ორი სერიოზული საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას ცენტრების გახსნა სურს, წლის ბოლოსთვის საგრძნომი მატება გვექნება," - აცხადებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ხელმძღვანელი, პაატა გოგოლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მიმდინარე წელს კვლევა ჩაატარა.

უწყების მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

შსს კვლევის თანახმად, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული, თუმცა 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება. მათი წილი ავტოპარკში დაახლოებით 1,3%-ია.

მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომობილების გარემოზე უარყოფით ზეგავლენაზე ეკოლოგებიც საუბრობენ. მათი განარტებით, ბენზინზე, დიზელზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები ორგანული და არაორგანული ნაერთების გამოყოფით ხასიათდებიან, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს.

„მთელი ფართო სპექტრია გაფრქვევების, როგორც მყარი, ასევე, აირადი ნივთირებების სახით. ეს დამაბინძურებელი აირადი ნივთირებები დიდხანს არიან გარემოში და იწვევენ სხვადასხვა რესპირატიულ დაავადებებს და ილექებიან ნიადაგში. მავნე ნივთიერებები დიდი რაოდენობითაა გზის პირას,“ - განმარტავს წერეთლის უნივერსიტეტის ეკოლოგი, ციცინო თურქაძე.

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების მაქსიმალური დასაშვები შემცველობა ევროსაბჭოს 96/96 EC და 72/306/EEC დირექტივებით რეგულირდება. ეროვნულ კანონმდებლობაში კი ამ საკითხს საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრაძანება, მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #30 და #37-ე დადგენილება არეგულირებს.

ტექნიკური რეგლამენტი მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება, რომელთაც სავადლებულო ტექდათვალიერება ამ დროისთვის ეხებათ. ეს არის ავტობუსები, მისამბელიანი და სატვირთო ავტომობილები.

არსებული რეგლამენტის მიხედვით, თუ ავტომობილი ყველა ტექნიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ითვლება გზისთვის ვარგისად და მასზე გაიცემა შესაბამისი დამადატურებელი ტესტირების ბარათი და ფირნიში. წინააღმდეგ შემხთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს გადაეცემა ბარათი აღმოჩენილი გაუმართაობის მითითებით და ამასთანავე ის იღებს გაფრთხილებას, რომ ხარვეზები ერთი კვირის განმავლობაში აღმოფხვრას. განმეორებითი შემოწმებისას მძღოლი ტესტირების საფასურს თავიდან გადაიხდის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.