რეგიონი
ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა სოფელ ვერტყვიჭალაში კერძო მესაკუთრეების გარეშე ჩატარდა
FaceBook
რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება. საუბარია, ჩუმათელეთი-ხევის 11 კმ-იანი მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვას 22 სუბიექტიდან, რომელთა საკუთრება საპროექტო ზონაში მოხვდა, მხოლოდ 3 დაესწრო.
შეხვედრა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 10 მარტს სოფელ ვერტყვიჭალაში შედგა.
ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში წარუდგინეს.

რესტორანი "ჯარგვალი" ერთ-ერთია, რომელსაც გზის გაყვანის გამო დანგრევა ელოდება. მისი მესაკუთრე, ავთანდილ კურტანიძე ამბობს, რომ სოფელ ვერტყვიჭალაში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

"ამაზე პირველად მესმის. არ ვართ ჯერ მაგ პრობლემის წინაშე და სათანადოდ არც გვიმსჯელია. დაგვჭირდება ალბათ აუდიტი, რომელიც ჩვენს ქონებას შეაფასებს. თუმცა, საინტერესოა რა კრიტრიუმებით მოხდება კომპენსაციის გაცემა, აუდიტის დასკვნით თუ ბრუნვის მიხედვით," – ამბობს ავთანდილ კურტანიძე.

საჯარო განხილვას არ დასწრებია რესტორანი "ხევის" მფლობელი უჩა კაკიაშვილიც.

"არც გამიგია როდის იყო. გასულ წელს იყო შეხვედრა და მას შემდეგ არავინ მოსულა. შარშან აღწერა ჩაატარეს და გვითხრეს, რომ კომპენსაციას მივიღებდით. ამის გარდა არაფერი უთქვამთ," - აღნიშნავს უჩა კაკიაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განგვიმარტეს, რომ საჯარო განხილვაზე დასწრებისთვის დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებს ევალებოდათ.

ხევის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული, გელა კოპაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ შეხვედრის დასასწრებად მხოლოდ დაინტერესებული მოსახლეობის ინფორმირებულობა ევალებოდა და არა კერძო მესაკუთრეების.

"მაგ თემაზე არაფერი უთქვამთ ჩემთვის," - განმარტავს გელა კოპაძე.

თუმცა, ის ირწმუნება, რომ შეხვედრას 3 რესტორნის მფლობელი ესწრებოდა, რომლებმაც მის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისგან მიიღეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სოციალური საკითხების კონსულტანტი, მარიამ ბეგიაშვილი განმარტავს, რომ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადების შემდეგ დაიწყება. მას დეპარტამენტის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია განახორციელებს. მარიამ ბეგიაშვილის ცნობით, განსახლების სამოქმედო გეგმა დეტალური დიზაინის დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე მომზადდება.

"სამოქმედო გეგმა არის ცაკლე დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ ასახავს განთვისების კორიდორში მოხვედრილი მოსახლეობის ზეგავლენას. ამ ეტაპზე ვიცით, რომ რამოდენიმე მსხვილი ობიექტი ხვდება ამ ზონაში. სხვები დაზუსტდება გეგმის შემუშავების შემდეგ. თუმცა, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია," - ამბობს მაია ბეგიაშვილი.

დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ზონაში 14 კერძო და 8 იურიდიული ობიექტი ხვდება. აქედან, ერთი ბენზინგასამართი სადგურია, დანარჩენები კი რესტორნები და სასადილოები. კერძო პირები კი თაფლით, მათ მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის და ტყეში შეგროვებული პროდუქტებით ვაჭრობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში უკვე დაზუსტებით იციან, რომ დანგრევა მოუწევს სოფელ ხევის ბიბლიოთეკას და საბავშვო ბაღს. შესაძლებელია, მათი ბედი გაიზიაროს საჯარო სკოლისა და პოლიციის განყოფილების შენობებმაც. ხევის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 130 მოსწავლე სწავლობს, საბავშო ბაღში კი 44 აღსაზრდელი დადის.

დეპარტამენტის ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის სიგრძე 11,2 კმ-ია. მასზე მოძრავი ავტომობილებისთვის საანგარიშო სიჩქარედ 80კმ/სთ განისაზღვრა. ასევე, ამ მონაკვეთზე ორი მოწყვილე 0,7კმ და 1,7 კმ-იანი გვირაბი აშენდება. საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე ადამიანიდან 60-70% ადგილობრივი მუშახელი იქნება.

უწყებაში განმარტავენ, რომ განსახლების სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი გამოცხადდება. თუ რა თანხა დაიხარჯება პროექტზე, ჯერჯერობით დეპარტამენტში არ ასახელებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.