სახლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის არაერთი კულტურული მოვლენა
დაუკავშირდა, ჯერ როგორც მოსწავლეთა სასახლეს, შემდეგ კი მ
წერალთა სახლს.
ამ სახლში სხვადასხვა დროს ჟურნალ ,,განთიადს" რედაქტორობდნენ
კონსტანტინე ლორთქიფანიძე, გურამ ფანჯიკიძე, რეზო ჭეიშვილი... მარტო
რეზო ჭეიშვილის განუზომელი ღვაწლი ჩვენი მწერლობის წინაშე, ქმნიდა
იმის წინაპირობას, რომ მწერალთა სახლი აღდგენილი სახით კვლავ
მომსახურებოდა იმერეთის შემოქმედებით ძალებს.
ამ ისტორიულ შენობას უკავშირდება ჩემი და ჩემი თაობის მწერალთა
შემოქმედებითი ბიოგრაფიაც. აქ ვიყრიდით თავს პოეტები, ხელოვანები,
ლიტერატურისმოყვარულნი მთელი იმერეთიდან. გვქონდა გაცხოველებული
მსჯელობა და კამათი, რაც გვზრდიდა და ისეთ გარემოს გვიქმნიდა, რომლის
გარეშეც ახალგაზრდას საკუთარი თავის პოვნა, შემოქმედებითი გზისა, თუ
ძალის, ხარისხის განსაზღვრა ძალიან უჭირს. ამ გარემოს შექმნა ჩვენი
წინა თაობის მწერლების და განსაკუთრებით რეზო ჭეიშვილის დამსახურება
იყო. მან მოგვიყარა თავი ახალგაზრდებს ლიტერატურულ ჟურნალ
,,განთიადის" რედაქციაში, ზოგს მუშაკებად, ზოგს კი ამ ჟურნალის
ფურცლებზე... მისივე თაოსნობით 80-იან წლებში ამ შენობაში ჩატარებულმა
სარემონტო სამუშაოებმა განსაკუთრებული პეწი შემატა და სასიამოვნო
გახადა ეს გარემო.
ხელისუფლების უგვანმა პოლიტიკამ, მასთან შეურიგებლობამ და ჩვენი
სოციალური ყოფის სიძნელეებმა ამ ძვირფას შენობაში ჩვენი ოთახების კარი
გამოგვახურინა, ვიმედოვნებით, რომ მხოლოდ დროებით და მალე შევძლებდით
დამწყებ მწერლებთან იმ ურთიერთობათა ჯაჭვის აღდგენას, რასაც
გამოცდილების გაზიარება ჰქვია. რადგან ახალგაზრდა მწერლებსაც ისევე
ესაჭიროებათ ძალების მოსინჯვა პროფესიულ გარემოში, როგორც ჩვენ
გვესაჭიროებოდა ათეული წლების წინ.
არცერთი ქვეყნის თვითმმართველი ქალაქის ხელისუფალი არ დაუშვებდა
ამგვარი ძველი, კულტურული, შემოქმედებითი კერის ჯერ სრულ იავარქმნას,
შემდეგ კი ერთპიროვნული, საზოგადოებასთან შეუთანხმებელი
გადაწყვეტილების მიღებას გაყიდვისათვის.
სრულიად მოუთმენელია, რომ ასე ერთი ხელის მოსმით იყიდება ყველაფერი,
რისი გაყიდვაც არ შეიძლება, დავიწყებას ეძლევა და ისპობა სახელოვანი
ისტორია, რომელსაც აქვს ძალა- არასრულფასოვნების გრძნობისაგან
განკურნოს და ახალ თაობათა სწორი მიმართულებით სვლის ბიძგად იქცეს.
მოუთმენელია, რომ ქუთაისის თვითმმართველობა ყურად არ იღებს
საზოგადოების პროტესტს (თუნდაც მაკდონალდსისთვის ისტორიული ტერიტორიის
მიყიდვის ფაქტი) და ქალაქზე ზრუნვის საბაბით ებრძვის ისტორიას, აღარ
ტოვებს კულტურულ სივრცეს ადამიანებისთვის...
მასალის გამოყენების პირობები