ორი დღის წინ, ქუთაისის მერიამ და
"ქართული ოცნების" მთავრობამ, ცენტრალურ მოედანზე, ნაძვის ხის ანთების
ღონისძიებაზე, რეალობის გაყალბება სცადეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, პროპაგანდისტული
მედიის დახმარებით, გადაწყვიტეს არ შეემჩნიათ მოქალაქეთა პროტესტი,
რომელიც ზეიმის პარალელურად მიმდინარეობდა. მათ არც სცენიდან და არც
სამთავრობო მედიებთან საუბრისას არ ახსენეს ის ასობით მოქალაქე,
რომელიც დაპატიმრებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფონზე,
კონცერტის მოწყობას აპროტესტებდა. რომ არა სამოქალაქო აქტივისტები და
თავისუფალი მედია, 21 დეკემბრის პროტესტის ხმას ქუთაისიდან ვერავინ
გაიგებდა.
20 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთებამდე
ერთი დღით ადრე, მოქალაქეებმა ქუთაისის მერიას განცხადებით მიმართეს და
მოუწოდეს, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის, დაპატიმრებული და ნაცემი
დემონსტრანტის ფონზე, გაეუქმებინა გასართობი ღონისძიებები. ქუთაისის
მერიას განცხადების ავტორებისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ზეიმის ჩატარებას ადგილობრივ
ხელისუფლებას არც არავინ ეკითხებოდა და ყველა ღონისძიება "ქართული
ოცნების" მთავრობამ დაგეგმა, ხოლო, თვითმმართველობის წარმომადგენლებს
ერთადერთი ფუნქცია დაეკისრათ - როგორმე მიეჩქმალათ პროტესტი და
გაეყალბებინათ რეალობა.
ქუთაისის მერიას კონცერტის
ამსახველი ვიდეომასალის მონტაჟიც არ ანდეს და მერიის ოფიციალურ
გვერდზე, პარტიული ტელევიზიის, ტელეკომპანია "იმედის" მიერ
მომზადებული სიუჟეტი ატვირთეს, სადაც არც ერთი სიტყვა არ თქმულა
პროტესტზე და არ ყოფილა არც ერთი კადრი იმ ადამიანებისა, რომლებიც
მთელი კონცერტის განმავლობაში, სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების
ფოტოებით ხელში აპროტესტებდნენ ზეიმს. ასევე, მერიის ფეისბუქგვერდზე
ატვირთული 29 ფოტოდან არც ერთზე არ არის ასახული კონცერტის
პარალელურად მიმდინარე პროტესტი. ერთადერთი, რისი გაყალბებაც ვერ
შეძლეს, დემონსტრანტების შეძახილებისა და სასტვენების ხმა იყო,
რომელიც მთელი კონცერტის განმავლობაში უწყვეტად ისმოდა და მათთვის
არასასურველად, მაგრამ მაინც იჭრებოდა ყველა "საპიარო" კადრში.
პოლიციით და სამთავრობო მედიებით
ალყაშემორტყმულები, რეალობაში ისევ დამოუკიდებელმა მედიამ დააბრუნა.
"ქუთაისიპოსტის" შეკითხვაზე: გრძნობდნენ თუ არა უხერხულად თავს
პროტესტის ფონზე ზეიმის გამო, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით
ერემეიშვილმა თქვა, რომ სულ რაღაც 20 კაცი აპროტესტებდა ახალი წლის
მოსვლას. 21 დეკემბერს ეს იყო მისი ერთადერთი აღიარება და პროტესტის
იძულებით შემჩნევა.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურთან,
"ქართული ოცნების" მთავრობის პრესსამსახურთან და პარტიულ
ტელევიზიებთან ერთად, რეალობის გაყალბება აწ უკვე სამთავრობო
მომღერლებად მოხსენიებულ შემსრულებლებსაც დაევალათ. მაგალითად,
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ, რომელმაც ქუთაისში ვერას, ვაკეს და
სოლოლაკს უმღერა, პროპაგანდისტულ მედიებთან საუბრისას თქვა, რომ
როგორც ელოდა, ისე დახვდნენ და რომ კონცერტმა ფანტასტიკურად ჩაიარა.
კონცერტის ჩავლამდე კი, გამაყრუებელი სტვენის გამო, სცენაზევე იგრძნო
უხერხულობა გია ნიკოლაძემ და დემონსტრანტებთან "შერიგება" სცადა.
აქციის მონაწილეებმა მომღერლის მოწოდებაზე: "დიდ შერიგებას არ
გაუმარჯოს"? კიდევ უფრო მაღლა ასწიეს დემონსტრაციებზე ნაცემი
მოქალაქეების ფოტოები და "ნიკოლშოუს" საპროტესტო შეძახილებით
უპასუხეს.
ქუთაისის მერიას კონცერტის
წამყვანის შერჩევაც კი არ ანდეს. მერის მოვალეობის შემსრულებლისა და
ქუთაისის დელეგატის სცენაზე მიპატიჟება და ნაძვის ხის ანთებამდე
ათამდე დათვლა, მსახიობ მაკა შალიკაშვილს დაევალა. შემდეგ,
მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიდნენ კახა კუხიანიძე, თაკო გაჩეჩილაძე,
მარიკა თხელიძე, გია ნიკოლაძე, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები...
პროტესტის მონაწილეების გამაყრუებელი სტვენისა და შეძახილების ფონზე,
სამთავრობო მომღერლებმა წარმატებით გააცოცხლეს 90-იანი წლები
სცენაზე.
კონცერტის მსვლელობისას, პროტესტს
რომ დასასრული არ უჩანდა, ცენტრალურ მოედანზე განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებმაც
ცოცხალი ხაზი გაავლეს ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებსა და პროტესტის
მონაწილეებს შორის. მათი მობილიზება, სავარაუდოდ, აქტივისტების
დაშინებას და კონცერტის დასრულების შემდეგ, მომღერლების ტერიტორიიდან
გაცილებას ემსახურებოდა, თუმცა, აქციის მონაწილეებს სცენასთან მისვლა
არც მანამდე და არც გდდ-ს გამოჩენის შემდეგ უცდიათ.
ქუთაისის მერიას დიდი ხანია არც
ფორმას, არც შინაარსს და არც წერტილ-მძიმეს არავინ ეკითხება.
ადგილობრივ თვითმმართველობას ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას
მთავრობის ადმინისტრაცია უგეგმავს. ასე იყო გასულ წლებშიც.
დეცენტრალიზაციის პოლიტიკა დავალების შემსრულებლებმა ჩაანაცვლეს და
ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ "გამპრავებლის" ფუნქცია
შერჩა.
როცა "ქართული ოცნება" ყოველდღიურად
ავიწროებს რკალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სივრცეში,
სასტიკი მეთოდებით უსწორდება მოქალაქეებს, მედიას, მიღებული აქვს
"რუსული კანონი" და გაცხადებულად აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის
პროცესს, დასაეჭვებელი აღარაფერი რჩება. აღარც რეჟიმს რჩება სხვა გზა,
გარდა რეალობის გაყალბებისა და ეს იქამდე არ გამოუვა, ვიდრე იარსებებს
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია.
მასალის გამოყენების პირობები