"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით
საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მისი ისტორია საქართველოში 1911 წლიდან იწყება და გიმნაზიელი
გოგონების აქტივიზმს უკავშირდება: გვირილების საშუალებით გოგონები
თანხას აგროვებდნენ ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად.
ქუთაისში ეს დღესასწაული ევროპიდან შემოვიდა.
გვირილობა, იგივე თეთრი გვირილას დღე ევროპაში, კონკრეტულად შვედეთში
იშვა 1908 წელს. იგი პირველ მაისს აღინიშნებოდა და მას საქველმოქმედო
ფუნქცია ჰქონდა. გვირილა ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნეოდა და
დაავადების ძლევის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლო იყო.
გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი
დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
იგივე ხდებოდა ქუთაისშიც.
გვირილობა ევროპული მოვლენაა.მისი თავდაპირველი შინაარსით იგი
უმცირესობის, მოწყვლადი ჯგუფის, დაჩაგრულის, დაავადებულის გვერდში
დგომას და მისი სიცოცხლისთვის ზრუნვას გულისხმობს.
ალბათ ამიტომაც ქუთაისი ამ ტრადიციის გულმხურვალე მონაწილედ იქცა.
გვირილობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მალე ქალაქის დღესასწაულად
ჩამოყალიბდა. ბუნებრივად ჩაჯდა ქუთაისის, როგორც ევროპული ქალაქის
ტრადიციებში.
სამაგიეროდ ამ ტრადიციას ვერაფრით "ერგება" "რუსული კანონი".
კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" თავისი ფორმით,
შინაარსით, ისტორიით, კონტექსტით რუსული კანონია. მისი მიზანი
"გამჭვირვალობის სახელით" საწინააღმდეგო აზრის განადგურება, კრიტიკის
გაქრობა და დიქტატურისთვის გზის გახსნაა. შესაბამისად სრულიად
არაევროპული მოვლენაა.
იგი არც ევროპასთან, იქამდე არც გვირილობისთან არ მოდის
თანხვედრაში.
გვირილობა - აცოცხლებს, რუსული კანონი - კლავს.
წლევანდელმა გვირილობამ ხელისუფლების მიერ შემოგდებული "რუსული
კანონის" პროტესტის ფონზე ჩაიარა. ხელისუფლებამ პროტესტი არ
შეიმჩნია,მიუხედავად ამისა გვირილობა მაინც უღიმღამო გამოუვიდა არა
მხოლოდ ტექნიკური მიზეზით (წვიმის, ან ცენტრალური პარკის რესტავრაციის
გამო), არამედ ევროპის განდევნის მცდელობით ევროპული ქალაქიდან - ეს
გვირილებმაც "იგრძნეს".
როდესაც ევროპული მომავალი, ევროპული ღირებულებები საფრთხეშია
საფრთხეში იქნება გვირილობაც, როგორც სიცოცხლის და განახლების
დღესასწაული.
იგი იქცევა საბჭოთა ორმაისობად ბელადების პორტრეტებით და მასში
მონაწილე თავისუფლებაწართმეული უსიცოცხლო ადამიანებით.
გვირილობა თავისუფლებაა, რუსული კანონი მონობა, ისინი ერთმანეთის
გვერდით ვერ იარსებებენ. რომელიმემ უნდა დათმოს...
გვირილასთან დიდმა საბჭოეთმა დათმო. დათმობს მისი რესტავრაციის
უღიმღამო მცდელობაც.
და კიდევ ერთი:
2023 წლის 31 ოქტომბერს მნიშნელოვანი მოვლენა მოხდა ქუთაისი
ოფიციალურად შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, როგორც
იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი.
ქალაქში ამ მოვლენის ამსახველი ბანერები გამოიფინა. გვირილობა
გარკვეულწილად ამ სიახლის ფონზე ჩატარდა. თუმცა ესეც უღიმღამოდ.
რადგან შეიძლება ეს სტატუსიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
იუნესკომ ლიტერატურული ქალაქის წოდება თავისუფალი ქვეყნის
თვითმმართველ ქალაქს მისცა და არა "რუსული კანონის" მხარდამჭერს.
თანაც იუნესკომ ეს სტატუსი ქუთაისური ლიტერატურული ტრადიციების
გათვალისწინებით მოგვანიჭა. იმ ტრადიციების, რომელთა გარკვეული ნაწილი
"ცისფერყანწელთა" პოეტურმა ორდენმა შექმნა, რომელთა წევრებიც გასული
საუკუნის 30 -იან წლებში მიღებულმა სტალინურმა "რუსულმა კანონმა"
იმსხვერპლა. იმ კანონმა პოეტები "უცხოური გავლენის აგენტებად"
შერაცხა, ნაწილი დახვრიტა, ნაწილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ნაწილი
სამუდამოდ დაადუმა.
"რუსული კანონი" ქუთაისის იდენტობის, ანუ მისი ლიტერატურული და
ევროპული წარსულის წინააღმდეგ მიდის. კლავს ქუთაისს, რომელიც ბოლო
წლებში ისედაც დაიცალა და მისი გაცოცხლება ამ სტატუსს შეეძლო.
"რუსული კანონით" მომავლის დაბეტონებას ცდილობენ. მაგრამ ბეტონი ვერ
აჩერებს სიცოცხლეს. მისი სიღრმიდან მაინც ამოიზრდება გვირილა.
მასალის გამოყენების პირობები