ბლოგები
ლია ხარაბაძის არგადაღებული რეპორტაჟი
FaceBook
ლია ხარაბაძე ქუთაისელი ჟურნალისტია. იგი ქუთაისელ მკითხველსა თუ მაყურებელს სამხედრო ფარაჯაში ახსოვთ - რეპორტაჟებით აფხაზეთიდან, ძლიერი და უშიშარი. სოციალურ ქსელში ლიამ პატარა ჩანახატი გამოაქვეყნა და ნოსტალგია გამოთქვა, რომ დღეს მას ტელე-სიუჟეტის მომზადების შესაძლებლობა არ აქვს…
"ქუთაისიპოსტი" მის ამ სათქმელს აუდიტორიას აწვდის.


მთელი ცხოვრება ფათერაკებს ვეძებდი...

ვცდილობდი, დამეწერა განსაკუთრებულ შემთხვევებზე, - მაგალითად, როცა ქალაქს ეძინა, რას აკეთებდა პოლიცია. არაერთი ღამე გამითენებია თეთრად პიკეტებზე იმ უმძიმეს 90-იან წლებში, - ვაშუქებდი ხანძრებს და ვწერდი კალოშებიან უნიფორმის გარეშე მყოფი ბიჭების ვაჟკაცობაზე.

დღეს, სახლში მომავალმა, შორიდანვე შევნიშნე სასწრაფო დახმარების მანქანის ციმციმები და კორპუსის წინ ხალხმრავლობა. "ნეტა ვინაა ცუდად"-თქო, გაფიქრებულიც არ მქონდა, სახანძროს მანქანამ რომ ჩამიქროლა. უფრო დავფრთხი და შევშინდი, გონება და სმენა დამეძაბა.

მეზობელი ქალბატონების საუბარს შორიდანვე მოვკარი ყური. ვინც მიცნობს, იცის რომ ჭორიკნობა არ მიყვარს.

მიადგეს საგანგებო სიტუაციების შტაბის თანამშრომლებმა კიბე და მეზობლის ჩაბნელებულ ბინაში ფანჯრიდან გადავიდნენ ახოვანი ვაჟკაცები.

ცოტა ხანში შუქიც აინთო.

"ცოცხალია!" - გაისმა სასურველი სიტყვა იქიდან, ოთახში დაცემულ მოხუცზე.

ყველას შვება მოგვგვარა. "შიგნიდან კარებს ვერ ვაღებთ" - ფანჯარასთან მდგომმა ინფორმაცია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟის წევრებს გადმოსცა.

სადარბაზოშიც თავყრილობაა. სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები ფუსფუსებენ. სახლში ჩაკეტილი მოხუცი დიასახლისი სასტიკი წინააღმდეგია კარების შემტვრევის.

ქალბატონის შვილის მოლოდინში კი დრო გახანგრძლივდა.

როგორც იქნა, კარი გაიღო. ნელ-ნელა მეზობლების სახლის კარებებიც მიიხურა.

მე კი ვზივარ და ვფიქრობ: რომ მქონდეს ახლა შესაძლებლობა ტელე-სიუჟეტის მომზადების, რამდენ რამეს ვიტყოდი იმ ადამიანების სიმამაცეზე, ვინც ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს და…

ალბათ, რამდენ შვილს დავაფიქრებდი, რომ მოხუც მშობლებს განსაკუთრებული სითბო და ყურადღება სჭირდებათ; რომ ისინი არ უნდა დავტოვოთ მარტო, თუნდაც სულ ცოტა ხნით, ჩარაზულ კარებში.

არცერთი ადამიანი იმსახურებს იმ ტკივილისა და შიშის განცდას, რაც ამ შემთხვევაში განიცადა ჩემმა მოხუცმა მეზობელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.