ბლოგები
რისი ეშინოდა პრეზიდენტ რუზველტს...
FaceBook
ეზოში შევედი თუ არა, იმ წამსვე მივხვდი რომ რაღაც სხვა სამყაროში მოვხვდი, - მდიდრულში კი არა, იდუმალში…
აი, ამ სახლში დაიბადა ამერიკის 32-ე პრეზიდენტი (მაშინ სახლში ჩნდებოდნენ ბავშვები) და სარამ, ფრანკლინის დედამ, აი, ამ კუთხის ოთახში იმშობიარა… ყურში ჩამესმის ჩვილის პირველი წამოტირება…

ის იყო და ის, მის შემდეგ ფრანკლინ დელანო რუზველტს არ წამოუტირია… არც მაშინ, როცა პოლიომიელიტის დაავადება დაუდგინდა და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

იმ ღამეზე გვიყვება ექსკურსია-გიდი… სიჩუმეა, გასუსულნი ვუსმენთ…

დაღამებული იყოო, სახლში რომ დაბრუნდნენ ელეონორა და ფრანკლინიო. გაცივებული ეგონა თავი და მეორე დღეს ლოგინიდან არ ამდგარაო, არც მესამე და მეოთხე დღესო… მეხუთე დღეს ექიმმა პოლიოს ნიშნები დაუდგინაო…

რა მეხის გავარდნას ემგვანებოდა ეს სიახლე, ამ კედლებში შევიგრძენი… ნიჭიერი ადვოკატი, ჰარვარდის კურსდამთავრებული, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილე, ნიუ-იორკის სენატორი… ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი…

და, თითქოს ყველაფერი დამთავრდა...

ვორმ სპრინგში, ჯორჯიის შტატში პოლიოს სამკურნალო ცენტრი მოძებნა… დაიწყო დიდი აღმართი…

1924-ში დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით მიიწვიეს… კატეგორიულ უარს ამბობს… თანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეტლის გარეშე, საკუთარი ფეხით გავა სცენაზე… შვილს დაყრდნობილი.

ამ ყრილობაზე ნიუ-იორკის გუბერნატორად ალფრედ სმიტის კანდიდატურას ასახელებს… და ფიქრშიც არ წარმოუდგენია, რომ ზუსტად 4 წელიწადში იგი თავად შეცვლის მას.

და რა დროს? 1929-ში ნიუ-იორკიდან იწყება დიდი დეპრესია და მასთან გამკლავებას იწყებს გუბერნატორი.

მანამდე, ავადმყოფობის მიუხედავად, ოთხი წელი საქმიანობს სახლიდან - აი, ამ სახლში მოიფიქრა ფონდ "March of dimes" დაფუძნება, რომ წლების შემდეგ ზუსტად ამ ფონდის მიერ მოზიდული თანხებით დაეფინანსებინათ პოლიოს კვლევა და გამოეგონათ ჯონას სალკის მკვდარი ვირუსების ვაქცინა და ალბერტ საბინის ორალური ცოცხალი ვაქცინა - ჭორები, რომ პოლიო ხელის ჩამორთმევით, გამაგრილებელი სასმელის მოხმარებით, წვიმითა და სიცხით ჩნდებოდა - უკვე წარსულს ჩაბარდა.

იქმნება კომიტეტი "რუზველტის მეგობრები", - ყოველ საღამოს ყაჩაღებივით თავს ადგებიან ფრანკლინს, რომ "აიძულონ" საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩართვაზე.

თანხმდება, ერთი პირობით - არ ისარგებლოს მისი ავადმყოფობით და ეს დაფარული დარჩეს ხალხისთვის. რა გასაკვირია, რომ პრესაც გაგებით ეკიდება ამ მოთხოვნას და მაშინდელ პრესაში ვერსად ნახავთ ერთ სურათსაც, სადაც ჩანს რომ ის ინვალიდის ეტლშია.

ყრილობაზე საკუთარი ფეხით გადის, შვილს ჩამოყრდნობილი, შემდეგ ტრიბუნას ეყრდნობა და ისე წარმოთქვამს სიტყვას. ასრულებს და კულისებისკენ დაიძვრება…

აი, აქ ხდება საოცრება… ერთი საათი, ზუსტად ერთი საათი ხალხის ოვაციების გამო დგას შვილზე ჩამოყრდნობილი და ვერ გადის კულისებში. შვილი იხსენებს, რომ დიდი ხანი მკურნალობდა დაბრუჟებულ ხელს, რადგან სიმწრისგან თუ ემოციისგან, მამა ძლიერად უჭერდა ხელს შვილს…

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკებში ბევრში ვყოფილვარ, მაგრამ აქ სულ სხვა გარემოა…

აი, ამ კოტეჯში დააბინავა მასპინძელმა სტუმარი - ინგლისის მეფე ჯორჯ მეექვსე და დედა-დედოფალი ელიზაბეტი. აი, ახლა რომ ვდგავარ, აქ იდგა მაგიდები და დედოფალი ამერიკულ ჰოთ-დოგს მიირთმევდა მისთვის გამართულ პიკნიკზე.

კიბეზე რომ ახვალ, პირველი ოთახი მარჯვნივ ჩერჩილის ოთახია, ასე ჰქვია დღეს.

შევიჭყიტე… აქ მოასვენა დაღლილი სტუმარი მასპინძელმა. ამ ფუმფულა ბალიშებზე დაასვენა ნამგზავრი თავი უინსტონ ჩერჩილმა… ამ ხალიჩაზე ელაგა ჩერჩილის ჩუსტები… სიგარით ახრჩოლებული ახველებდა მთელი ღამე და გვერდზე ოთახში რუზველტს ესმოდა სტუმრის ხველება…

მანამდე ქვემოთ, სასტუმრო ოთახში საათობით უსაუბრიათ მსოფლიოს დალაგებაზე. ფანქარი ეჭირა ხელში, თურმე, და ამ საუბარში მოიფიქრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) დაარსების იდეა თუ აუცილებლობა…

ინვალიდის ეტლით როგორ ჩადიოდა სამუშაო ოთახში მეთქი, - ვიკითხე და მინის მიღმა, დღემდე ხელმოუკიდებელი ტრამპლინი დამანახეს. ზემოთ კი, ხელის ლიფტით ადიოდაო და მასაც მაჩვენებენ.

ფსიქოლოგიურად, ესმოდა რომ მისი ეს ავადმყოფობა შეიძლება დამთრგუნველი ყოფილიყო სტუმრისთვისო, და ხრიკიც ჰქონია ამის დასამალად. სანამ სტუმარს სასტუმრო ოთახში შეიპატიჟებდნენო, ეტლიდან ჩვეულებრივ სავარძელში გადაჯდებოდა და ოთახში შემოსულ სტუმარს კარებიდან ისეთი ცოცხალი ოვაციებით შეხვდებოდა, თურმე, რომ ფიქრის დროსაც არ უტოვებდა რამეს გასაფიქრებლად.

ბიბლიოთეკის ნაწილში შევდივარ - აქ ომის პერიოდში ღამეებს ათევდა მუშაობაშიო.

აი, ამ მაგიდასთან იჯდა პლედშემოხვეული რუზველტი, 1941 წლის 7 დეკემბერს… როცა იაპონიის საჰაერო ძალებმა იერიშით დაარტყა ამერიკის ბაზას პეარლ ჰარბორში… აქ დაიწერა მისი ცნობილი მიმართვა, რომელიც დღემდე დედამიწაზე პოლიტიკური გამოსვლის ბრწყინვალე ნიმუშად ითვლება.

აი, ის გადადღაპნილი თუ ჩანამატებია ყველაფერი, რომელსაც დღემდე ასწავლიან სტუდენტებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში… და ეს ორიგინალი აგერ, ჩემს თვალწინაა…

"თარიღი, რომელიც იცხოვრებს ბოროტებაში!"
ბოროტი თარიღი კი არაო, ბოროტების გამარჯვება კი არა, არამედ… ზუსტად ნაპოვნი სიტყვა სიმძაფრის და რეალობის ერთად გამოსახატავად.

აგერ მისი მანქანა… საწერი მაგიდა… საბეჭდი რემინგტონი… კალამი, რუზველტის ხელებში გაცრეცილი კალამი…

ვინ იცის ამ კალმით დღევანდელ მსოფლიოს როგორ დაალაგებდა რუზველტის გონების ადამიანი…

საინტერესოდ მენიშნა, არც სახლ-მუზეუმში და არც ბიბლიოთეკაში ვერსად ვნახე იმ "სამეულის" იალტაში ერთად გადაღებული სურათი…

შემთხვევით ამ სახლში არც არასოდეს ხდებოდა რამე და არც ეს მივაწერე შემთხვევითობას… იქ, სადაც ორი პოლიტიკური ძმის - ჩერჩილისა და რუზველტის ბიუსტები ერთმანეთს გასცქეროდნენ, გორელი იოსების ხსენება არსად იყო…

გარეთ გამოვდივარ… რუზველტის სიტყვები მახსენდება: "ერთადერთი, რისიც გვეშინია, თავად შიშია".

ნეტავ რისი ეშინოდა ამერიკის მესამე მამად წოდებულ რუზველტს?

სიკვდილის, - ნამდვილად არა!

63 წლის ასაკში სიკვდილის სარეცელთან მან ღმერთს გადაულოცა გაცოცხლებული და უკვე უკვდავი ამერიკა!













Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.