მაშინაც აპრილი იყო… აღდგომის წინა დღე, დიდი შაბათი.
ტფილისში ირეოდა და დუღდა "დიდი ქვაბი"…
საქართველო ლენინის 1918 წლის 24 იანვრის იმ დეკრეტს შეურთდა,
რომლითაც კალენდრის ახალი სტილი შემოიღეს და 1 თებერვალი 14 თებერვლად
გამოცხადდა.
ამით, იულიუს კალენდრის ის 13 დღიანი "ჩამორჩენა" მსოფლიოს
გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლით სწორდებოდა.
რადგანაც ტფილისი ოდნავ გვიან შეუერთდა ამ დეკრეტს, 18 აპრილი
გამოცხადდა 1 მაისად. არადა, აღდგომა კი იმ წელს კალენდარში
ჩაკარგულ 22 აპრილს, ანუ 5 მაისს უწევდა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ 13 დღის დაკარგვა კი არა, მაშინ ყველა დღე
ზედმეტი სიზუსტით იყო აღსანუსხი - მაშინ იყო, რაც ხდებოდა
საქართველოში… პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსდა, დამოუკიდებლობის
გამოცხადებისთვის ემზადებოდნენ, პირველი ქართული ოპერა იდგმებოდა,
პატრიარქი გარდაიცვალა… და ფიროსმანიც, სარდაფში გარდაცვლილი უპოვიათ
აღდგომა რომ თენდებოდა, იმ ცისკარს.
მაგრამ, აქ მე არ მოვყვები ფიროსმანის გარდაცვალების თარიღის
მიგნებას, ეს უკვე ნათელი გახდა… უბრალოდ მაფიქრებს, როგორ შეიძლებოდა
დაკარგულიყო მისი საფლავი?
ეს ლიტერატურული ფანტაზია-სიზმარი ზუსტად ისაა, რისი დაჯერებაც
ადვილად შემიძლია.
* * *
ორიოდ მეგობარი დუდუკების სევდიან მელოდიაზე მიაცილებდნენ ეულ
მხატვარს უკანასკნელ გზაზე. არავინ იცოდა, რომ გარდაიცვალა
ნიკალა ფიროსმანი და ახლა ასაფლავებდნენ კიდეც.
იქამდე, თითქმის მთელმა ტფილისქალაქმა არ იცოდა, ვინ იყო ეს ნიკალა
ფიროსმანი და თუ ვინმემ იცოდა, ის არ იცოდა, რომ იგი დიდი მხატვარი
იყო, მხოლოდღა ლოთი მალიარი ეგონა.
ნახევარზე მეტ ტფილისს თავის სარდაფებსა და დუქნებში მიგდებული ჰქონდა
ფიროსმანის ნახატები, ხეირიანად არც იმ მეგობრებს ჰქონდათ
გაცნობიერებული ნიკალას რაობა.
მაშ, ვინ იცოდა სრულფასოვნად, ვინ იყო იგი და რატომ უნდა დაეტირა
მთელის გულმხურვალებით?
ტფილისი იყო ერთადერთი ჭირისუფალი ნიკალასი... იმ ნიკალასი, იმ წუთში
რომ მხოლოდ მან იცოდა, სიცოცხლის შემდეგ უკლებლივ ყველას რომ
ეცოდინებოდა და დაიწყებდნენ გულებზე მჯიღის კვრას, -
- ესაო-და, მე და ნიკალას ერთად გვიქეიფიაო;
- მისი ნახატები აქა მაქვს, დიდის პატივით სარდაფში შენახულიო;
- მისი ერთადერთი და ერთგული მეგობარი ვიყავიო...
ტყუილსა და მართალს ერთმანეთში აურევენ და ამ ნათქვამიდან გამოვა ერთი
დიდი ლამაზი ტყუილ-მართალი, ლეგენდა ნიკო ფიროსმანზე. მერე
გამოჩნდებიან მყიდველები ნიკალას ნახატებისა. ზოგი კაპიკებში ჩაიგდებს
ხელში მხატვრის შედევრებს, ზოგიც დიდ ფასს მისცემს მფლობელებს, არ
დაენანება ფული, ისე, რათა შემდეგ იქ, პარიზში მილიონები გააკეთოს და
დიდ კოლექციონერებს მიჰყიდოს ფიროსმანი.
ვისთვის კარგი იქნება ნიკალა და ვისთვის - მომგებიანი,
ვისთვის - სარფიანი და ვისთვის - მხოლოდ გენიოსი.
ყველანი კი ერთ აზრზე დადგებიან ბოლოს, რომ ფიროსმანი - პრიმიტივისტი
თუ მოდერნისტი, ასეთისტი თუ ისეთისტი - ტფილისური მოვლენა იყო.
ვნებათაღელვა ჩაცხრება სულ რაღაც იმ ერთ საღამოში. დაკრძალვის შემდეგ
ჩამოვლენ ქალაქში და ნაცნობ დუქანში ჩაჯდებიან. წაუქცევენ ჭიქას
ნიკალას მისი მეგობრები და ტკბილი სიტყვით მოიგონებენ განსვენებულს.
ზედ კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს ცრემლით შეავლებენ თვალს და რაღაც
ახალს და დიდებულს დაინახავენ ამ ნახატში. უნებლიე ცრემლი წამოუვათ და
იტყვიან: - ეს რა ჩინებულად დაუხატავს, რატომ აქამომდე ვერ
შევამჩნიეთო.
ჩასხდებიან დუქანში და თავიანთ დარდსა და ვარამს ჩაახრჩობენ ღვინოში.
მერე ღვინით ცეცხლმოკიდებულნი ამოიღებენ საზანდარსა და დუდუკებს,
იქით კიდევ დოლს. იტყვიან: - ნიკალას რომ უყვარდა, ის დავუკრათო... და
დაუკრავენ.
მედუდუკეებს დაებერებათ ლოყები და წყვილად ჩამოუგორდებათ გაუპარსავ და
მეჩხერად ამოსულ წვერზე ცრემლები, როგორც კი დაამთავრებენ
დაკვრას, ჭიქა სავსე დახვდებათ ღვინით მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად.
მერე იტყვიან ახალ სადღეგრძელოს:
- თუ ვინმე დარჩა საბრალო ნიკალას გვარში ცოცხალი, ყველამ
იდღეგრძელოსო.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მოიცლიან, ისევ შეიკრიბებიან ნიკალას
მეგობრები სასაფლაოზე ასასვლელად. ვეღარ გაიხსენებენ დაკრძალვის
დღეს, არ იცოდნენ გარდაცვალების თარიღი, როცა მოიცალეს, მაშინ
შეიკრიბნენ სასაფლაოზე ასასვლელად. რა ექნათ, ყველანი ოჯახის შვილები
იყვნენ. აუყვნენ აღმართს.
ვინ რა თქვა და ვინ - რა. შევიდნენ სასაფლაოს გალავანში.
ეკლესიამ ზარები მისცა. პირჯვარი გადაისახეს. მერე შეამზადეს
წამოღებული ტიკი, ხურჯინი, რათა საფლავზე სახელდახელო სუფრა
გაეშალათ.
ეძებეს, ეძებეს საფლავი, მაგრამ სადაა.
იქ, სადაც ეგულებოდათ, მართლაც იყო ახალი გაჭრილი მიწა, მაგრამ
ამობურცული მიწა სულ წითელ-წითელი ვარდებით იყო სავსე, უთვალავი
ვარდით.
- ეს იყო ნიკალას საფლავი, მაგრამ ამ ვარდებს და, მითუმეტეს, ამდენს,
საბრალოს ვინ მოუტანდაო, ეტყობა, ვიღაც მდიდრის სამარეაო
გათხრილი.
- მართლაც! - დაუდასტურეს ტოლიბაშებმა, მაგრამ აქვე მათი
დატოვებული ტუჩმოტეხილი დოქი შენიშნეს.
- არა, არაო, აი დოქიო, სწორედ ეს უნდა იყოს ნიკალას საფლავიო.
- მაგრამ ვარდები? - ჩააცივდნენ მეგობრები.
- ჰო, ვარდები, ვარდები... - და ჩაიქნია ხელი იმ კაცმა.
ვარდები კი ალაპარაკდნენ: - ეს სიყვარულის ცრემლებია. ტფილისმა
უთვალავ ვარდად დაანამა ნიკალას საფლავსო ეს ცრემლები, ასე
გულწრფელად და გააზრებულად სხვა ვინ დაიტირებდა?! -
ლაპარაკობდნენ ვარდები, მაგრამ ამ კაცებს ვარდებისა არა ესმოდათ რა.
ესეც თქვეს:
- იქნებ სულაც სასაფლაო შეგვეშალა?
ადგნენ და წავიდნენ სხვაგან ნიკალას საფლავის საძებრად.
ასე დაიკარგებოდა ნიკალა ფიროსმანის საფლავი.
მასალის გამოყენების პირობები