ბლოგები
ქართულად წერაა უკვე "სვეცკობა"
FaceBook
თუმცა, იმ 14 აპრილის შემდეგ, აგერ 39 წელი გასულა და იმ მონაპოვარს ახალი თუ იმდროინდელი თაობა არრად დაგიდევთ - ფეისბუკში ისევ რუსული თუ ლათინური დამწერლობით ვკეკლუცობთ და ეს დიდად არც გვანაღვლებს.


14 აპრილამდე ერის ცნობიერებას მომზადება სჭირდებოდა.
ხოდა, ამას წინ უსწრებდა გაბრიელ სალოსის გაბედული ნაბიჯი… მან, საშვიდნოემბროდ თუ საპირველმაისოდ, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის მთელს სიგრძე-სიგანეზე ჩამოკიდებული ლენინის მომღიმარ პორტრეტს ცეცხლი წაუკიდა.

ცეცხლმა მთლიანად შთანთქა ნაჭერი, რომელზეც მხატვართა ნაგოგმანები იყო გამოსახული. ვერ მოასწრეს მეხანძრეებმა მისვლაც კი, ისე გაშავდა შენობის სვეტები და კედლები.

შეუმჩნევიათ გახარებული ბერი, - სტაცეს ხელი და წაიყვანეს. დახვრეტას, ან უკეთეს შემთხვევაში მრავალი წლით დაპატიმრებას გადაურჩა სიგიჟის იარლიყით და საგიჟეში გაამწესეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

იყო კიდევ ანომალიად შერაცხული ქმედება, რომელიც ერის გამოფხიზლებას სრულიად ორიგინალურად ცდილობდა. სწავლულმა და ნახევრად ბრმა ვლადიმერ ჟვანიამ აფეთქებები მოაწყო თბილისში, ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში. მიზანი ერთი იყო - გურამ რჩეულიშვილის გმირობის განმეორება…

 და ეს დღეც მოვიდა… 14 აპრილი…

ერთიანად გადაუარა ქალაქს დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების ტალღამ. ამ შემთხვევაში ყველაფერი წინდაწინ იყო გათვლილი. ყველამ იცოდა თავისი როლის ფარგლები და არავინ არაფერს აჭარბებდა - მთავრობა უნდა დაყოლოდა ხალხის სამართლიან მოთხოვნას ქართული ენის სახელმწიფო ენად დამკვიდრების შესახებ.

ეს იყო მართლაც სრული თანხმობა და პოზიციათა თანხვედრა მთავრობასა და ხალხს შორის. ამიტომ არ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და აპრილის იმ დღეს თბილისმა მშვიდად ამოისუნთქა.

ყველა ქუჩაში გამოსული საღსალამათი დაბრუნდა შინ.
მოსკოვი კი სულ სხვა რამეს მოითხოვდა: ხალხის დარბევას და კონსტიტუციის კანონპროექტად შემოთავაზებული ვარიანტის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებდა რუსული ენის დამკვიდრებას სახელმწიფო ენად.

იყურებოდა კრემლის ფანჯრებიდან მოხრილბეჭება აყლაყუდა მიხაილ ანდრეევიჩი თეთრი სათვალეებიდან. იყურებოდა და თავის ნათქვამს დაჟინებით გაბოროტებული პათოსით იმეორებდა:

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, დღეს არა, ხვალ ისინი დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. მეგრელებსა და სვანებს, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მივანიჭოთ ავტონომია. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ ნაციონალურ-ტერიტორიული შუღლი. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს. ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია ჩვენ უნდა შევასრულოთ. პარალელურად ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს."


ელოდა თბილისის თხოვნას ჯარების შემოყვანის შესახებ და კონვერტში ჩადებულ, საგანგებოდ დალუქულ კონსტიტუციურ ცვლილებას, მალამოდ რომ მოჰფენოდა მის ბებერ გულსა და ამძაღებულ სულს, მაგრამ, როდესაც მხოლოდ დალუქული კონვერტი მიართვეს, მიხვდა, რომ ქართველებმა იგი გააცურეს.

ახლა, ამ წერილს ქართულად რომ ვწერ, მოვლენების უკიდურესად განვითარების ალბათობას ვუშვებ ჩემს წარმოდგენებში და გადაწყვეტილად ვიცი, რომ რუსულად ნამდვილად არ დავწერდი…

თუმცა, იმ 14 აპრილის შემდეგ, აგერ 39 წელი გასულა და იმ მონაპოვარს ახალი თუ იმდროინდელი თაობა არრად დაგიდევთ - ფეისბუკში ისევ რუსული თუ ლათინური დამწერლობით ვკეკლუცობთ და ეს დიდად არც გვანაღვლებს.

დრო შეიცვალა - ადრე თუ რუსული კალკებით საუბარი იყო "სვეცკობა", ახლა გოიმობაა… წერე და ისაუბრე ქართულად - 14 აპრილს მაინც!
და თუ ასე არ გესმის, Сегодня, 14 апреля, мы должна написать на грузинском языке!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.