ვზივარ ამ შუაგულ მანჰეტენზე, ლინკოლნ ცენტრში, უმაგრეს თეატრში…
ირგვლივ, სულ უცხოელებია, ფრანგულიც მესმის სადღაციდან… და…
ბაბუა ზღაპრებით რომ აყვარებდა შვილიშვილს სამშობლოს, ეს მანამდეც
ვიცოდი.
მაგრამ, თუ უცხოელის მიერ დასმულ კითხვებში შევიცნობდი საქართველოს და
მის თავისებურებებს, არ წარმომედგინა.
აქამდე, ამერიკელებთან სულ სხვა სიმაღლეებზე, ისტორიულ პერიპეტიებზე,
სიწმინდეებზე მიწევდა საუბარი, - სიდონიაზე, ქრისტეს კვართზე,
აია-ქალაქზე…
ახლა, - კინოთეატრიდან გამოვედით თუ არა, კიბეზე დამაწია ჩემმა
ამერიკელმა მეგობარმა პირველი შეკითხვა: - სამი თაობის ხალხი ერთ
სახლში რატომ ცხოვრობდნენო?
მიმიხვდებით, ნიუ-იორკში ქართული ფილმის "ჩემი ბედნიერი ოჯახის"
პრემიერას, ღმერთო რა შევცოდე, ამერიკელებთან ერთად ვუყურე.
მიჩვეული ვარ უკვე, როცა ნანა ექვთიმიშვილის ფილმს ვნახულობ, უნდა
ვიცოდე, სათაური საპირისპიროდ მოქმედებს, თუ "გრძელი ნათელი დღეები"
ჰქვია ფილმს, იქ სიბნელის მეტს ვერაფერს ნახავ; თუ "ბედნიერი ოჯახი"
ჰქვია ფილმს, ოჰო, აყალმაყალი იქ უნდა ნახო.
საერთოდ, ნანას ფილმები სევდისფერია, სათქმელით დატვირთული, ღრმა,
რაღაცით ვუდი ალენის სოციალური ხასიათის ფილმებსაც მაგონებს.
მაგრამ თემა… ქალი და, ქართველი ქალი… იმ დიდ პარალელს გახსენებს
მედეასთან და ასე გგონია, ბერძნული ტრაგედია 21-ე საუკუნეში ასეთი
იქნებოდა…
ოღონდ, ამ ფილმის გმირს არ უცდია მთების გადადგმა, შვილების დახოცვა,
სამშობლოს გაყიდვა… უბრალოდ, მანანა დაიღალა ხმაურით, დიდი ოჯახის
ხმაურით და განცალკევება, სიწყნარეში გასვლა მოინდომა…
და მაშინ დაუპირისპირდა მთელი სამყარო ქართული ტრადიციების ყველა
კომპონენტით: რას იტყვის ხალხი? მეზობლებს რა ვუპასუხოთ? უქმრო ქალის
მარტო ცხოვრება გაგონილა?
მოდით, ვაღიაროთ, რაც არ უნდა თავისუფალი ვიყოთ, 18 წელი ვცხოვრობდეთ
ამერიკაში, აი, იმ კითხვას, "ხალხი რას იტყვის" გულის სიღრმეში მაინც
ანგარიშს ვუწევთ… ვერა და ვერ ვისწავლეთ ბოლომდე "დაკიდება" და
ამიტომაცაა, ახლა ენაგაკრეფილი ვუხსნი ჩემს ამერიკელებს თუ რა
ფენომენია ეს.
და, ოი სასწაული… მათ მოეწონათ ეს და გულისტკივილით მეუბნებიან, ნეტავ
ჩვენთანაც ასე იყოსო… ადრე ერთ ოჯახადაც ცხოვრობდნენ ჩვენი
წინაპრებიო, და საზოგადოების დაუწერელ წესებსაც ემორჩილებოდნენო, -
ნოსტალგიით მეუბნება და ამატებს, ესეიგი თქვენ ჯერაც არ
გადაშენებულხართო.
ფილმში, აივანზე მუდამ ზუზუნებს ქარი… ხან შემოდგომის ფოთლებია, ხან
გაზაფხულის სიმწვანე…
ახალგაზრდა, სულ 27-იოდე წლის ოპერატორმა, რუმინელმა ბიჭუნამ,
ულამაზესი ხედებით, კამერის საოცარი ესთეტიკით თუ უწყვეტი გადასვლებით
ჩემამდე მოიტანა კადრები იმდენად რეალურად, ვერავინ დამარწმუნებს რომ
მოცარტის იმ მელოდიას, იმ ქარიან აივანზე მე არ ვუსმენდი…
იყო ერთი მომენტიც, სკამიდან რომ კინაღამ ავხტი…
ვზივარ ამ შუაგულ მანჰეტენზე, ლინკოლნ ცენტრში, უმაგრეს თეატრში…
ირგვლივ, სულ უცხოელებია, ფრანგულიც მესმის სადღაციდან… და…
ჩემი ავთო და ანზორი…
სანამ კადრში გამოჩნდებოდნენ, იმ საყოველთაო ხმაურში ჯერ ხმით
გამოვარჩიე… მეცნო.
და წამებში, აგერ, ამ უზარმაზარ ეკრანზე, ნიუ-იორკში ავთო და ანზორი
არ საუბრობენ?!
ჩემი ქუთაისელი მსახიობები - ავთანდილ სახამბერიძე და ანზორ
ხერხაძე…
და საზოგადოებაში მოქცევის წესებმა, იმან, რომ ბოლომდე ვერ
გავთავისუფლდი მარწუხებისაგან, მაიძულა თავი შემეკავებინა,
რომ დარბაზში არ წამოვხტარიყავი და ბოლო ხმაზე მეყვირა:
- ესენი, ჩემი ავთო და ჩემი ანზორი არიან!
მასალის გამოყენების პირობები