ბლოგები
როგორ შეასრულა ერთმა სიმღერამ საქართველოს ჰიმნის ფუნქცია
თითოეული მათგანი მომსწრე იყო - ხალხის წიაღში როგორ იქცა ერთი უბრალო სიმღერა ქვეყნის არაოფიციალურ ჰიმნად...

ეს ამბავი 1918 წელს მომხდარა.
სულ კვირეებს ითვლიდა ახალი რესპუბლიკა და აბა რა ქართველები ვართ, თუ ამას არ ავღნიშნავდით, ან მიზეზს "დაუსველებლად" ჩავაგდებდით...
ხოდა, ეს ამბავი "მადათოვის რესტორანში" მოხდა...
იმ ღამით რესტორანი სავსე ყოფილა სამხედროებით.
მარჯვენა მხარეს ქართული კერძებით დამშვენებულ სუფრას რუსი ოფიცრები შემოსხდომოდნენ. ამაოდ ცდილობდნენ სადღეგრძელოებისთვის თავის მობმას, ღვინით სავსე ჭიქას ასწევდნენ მაღლა და "ბუძემ" ძახილში დაცლიდნენ.
დარბაზის მეორე მხარეს მოქეიფე ქართველ ოფიცერთა სუფრასთან არ წყდებოდა გრძელი ქართული სადღეგრძელოები. შექეიფებული ახალგაზრდები ხუმრობის ხასიათზეც დამდგარან, თურმე.

ეს არ დარჩენია შეუმჩნეველი ერთს რუსთა სუფრიდან - იმათი ოფიცერი ამ ჩვენს სუფრას დროგამოშვებით გადმოხედავდა და გამყინავ მზერას ესროდა ქართველებს.
ამ მზერებში ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდა, რომ ნაღმი, უზარმაზარი ნაღმი, მზადდებოდა ასაფეთქებლად.
ხო, ორკესტრი ამაღლებულ ადგილას იჯდა, თითოეული წევრი თეთრ ფრაკებში, თეთრ პერანგებსა და ბაფთებში იყვნენ გამოწყობილნი. მათ შორის ყველაზე ხანში შესული დირიჟორი იყო.
რუსმა ოფიცერმა ჭიქა აიღო ხელში და რუსულად, სულ რამდენიმე სიტყვით რუსთა ხელმწიფის სადიდებელი შესვა. მისმა დოსტებმაც მიბაძეს და ერთი ღრიანცელი შეიქნა.

სასმელი დაცალეს თუ არა, ორკესტრს რუსეთის იმპერიის ჰიმნის შესრულება მოსთხოვეს.
სულ რამოდენიმე კვირის იყო ნანატრი დამოუკიდებლობა, ამ დროს...
ორკესტრმა ეს შეკვეთა შეასრულა, მაგრამ ჰიმნის პარალელურად ოფიცრები დიდმედური გადმოხედვით აგრძნობინებდნენ ქართველებს, რომ საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის გუბერნიად მოიაზრებოდა მათთვის. საშინლად დამცინავი იყო მათი მზერა.
ამაზე მთლად აიჯაგრნენ ჩვენი ოფიცრები... ერთმანეთის თვალებში ეძებდნენ გამოსავალს. უნდა ეპასუხათ ამ ზიზღისთვის... ან ეროვნულ სიამაყეზე ეთქვათ უარი.

უცებ, ქართველთა სუფრიდან წამომდგარა პორუჩიკის სამხრეებიანი ბრგე ახალგაზრდა და მთელს დარბაზს საქართველოს სადღეგრძელო შესთავაზა. შემდეგ ნაბიჯით ორკესტრისკენ წასულა...
თქვენ უნდა გენახათ, ორკესტრის წევრებმა ცნობისმოყვარე თვალები რომ შეაცეცეს ერთმანეთს. მაშინ ჯერაც არ იყო დაწერილი საქართველოს ჰიმნი...
მევიოლინეს ცივად შეაკანკალა...
საქსოფონისტს მოუსვენრობა დაეტყო...
ეს მომენტი დაიჭირა პიანისტმა და ისიც შეშინდა...

დირიჟორმა, ის-ის იყო ესტრადიდან ჩამოსვლა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა... მოულოდნელად, ორკესტრის წევრებს რაღაც გადაულაპარაკა და... დარბაზში ქართული მელოდიის ხმა გაისმა.

"მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის,
მოუძღვნია მაღლიდან ღმერთს -
სიყვარული, სიხარული,
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს"...

ქართველობა ფეხზე წამოიჭრნენ, გულზე ხელი დაიდეს, ზუსტად ისე, როგორც ჰიმნის შესრულებისას და ორკესტრის მელოდიას შეურთდნენ:
"ვისურვებდი, ვყოფილიყავ,
სიყვარულის შემაერთად,
ცხოვრებაში სიკვდილამდე,
შენთან ერთად, შენთან ერთად..."


დიდებული სანახავი იყო დარბაზი. თითოეული მათგანი მომსწრე იყო - ხალხის წიაღში როგორ იქცა ერთი უბრალო სიმღერა ქვეყნის არაოფიციალურ ჰიმნად, წინაჰიმნად.
მისი ყოველი სიტყვა ხომ სამშობლოსადმი იყო მიძღვნილი, ჩვენ რომ შეყვარებული ქალისადმი მიძღვნილი რომანსი გვეგონა.
უცბად მოედო ეს ამბავი ტფილისს და მეორე დილით - მეწაღეები, დახლიდარები, მეეზოვები, დალაქები, მეთულუხჩეები, - ერთხმად ღიღინებდნენ: - „ცხოვრებაში სიკვდილამდე, შენთან ერთად, შენთან ერთად!“
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.