ბლოგები
ეკა კუხალაშვილის ბლოგი - კოშკიდან გაქცევის დრო
FaceBook
საქართველო იმდენი საუკუნეა ამ გადამრჩენელს ელოდება კოშკში გამოკეტილი, გადამრჩენელს, რომელიც ყველაფერს მის მაგივრად გააკეთებს, რომ ამ ლოდინში დრო შეიცვალა, ჟანრის კანონები დაირღვა, მხსნელებს და რაინდებს კაციჭამიები ჩაენაცვლა


მულტფილმ "შრეკის" პირველ ფილმში ზღაპრის ტიპიური ისტორია თამაშდება - გველეშაპის მიერ კოშკში დამწყვდეულ პრინცესას მხსნელად მამაცი შრეკი ევლინება.
ყველა წესიერ ზღაპარს თავისი მხსნელი პერსონაჟი ყავს. განსაკუთრებით პრინცესების შემთხვევაში, სადაც პრინცესების ერთადერთი მოვალეობა ლოდინია. ზოგჯერ მხსნელის მოვალეობაც ლოდინია. მაგალითად, პრინცი- მხსნელი ზის და ელოდება როდის მოუძებნიან ბროლის ქოშის მზეთუნახავ პატრონს.
არიან მხსნელები კიდევ უფრო მარტივი ფუნქციით - მძინარე ლამაზმანების მხოლოდ კოცნა რომ ევალებათ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მხსნელებს თავის შეწუხება, თავის გამოდება და თავ დადებაც უწევთ.
სწორედ ასეთ მხსნელთა მრავალფეროვან სპექტრს გვთავაზობს ჰოლივუდი, ალბათ ამიტომაც უწოდებენ ზღაპრებს ჰოლივუდის ფილმებს. ოცნებების ფაბრიკა ზღაპრის ნარატივს ათამაშებს და იმდენი ზღაპრისა და ოცნების ფაბრიკაციას ახდენს კინოში, რომ რეალურ ცხოვრებაში საოცნებო თემას აღარ ტოვებს. შეიძლება იმიტომაც არ ოცნებობენ დასავლეთში. ყველა ოცნება კინომ წაიღო. ისღა დარჩენიათ საქმე აკეთონ.
სამაგიეროდ, საქართველოში კინოს გარდა ყველა სივრცე ოცნებამ დაიკავა - იოცნებე რამდენიც გინდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოცნება ცოტა სახიფათოა, იმიტომ რომ მას არა აქვს ისე გარკვეული და სტრუქტურირებული ნარატივი, როგორც ზღაპარს. ოცნება ქაოსია. სამყაროს შექმნისწინა პერიოდი. შეიძლება ამიტომაც ვერ ჩამოყალიბდა და დალაგდა საქართველოში ჯერ ვერაფერი. ჯერ არავის უთქვამს "და იქმნა ნათელი". შესაბამისად,  საქართველოში ამის მთქმელს ანუ მხსნელს ელოდებიან. მხსნელის მოლოდინი კი ოცნებაზე მეტად ზღაპართან აკავშირებს ქართულ ყოფას. თუმცა შეიძლება ქართულ ოცნებას ისევ ქართული ზღაპარი ჯობდეს თავისი წინასწარგაცხადებული და განსაზღვრული ჟანრის კანონებით.
მოდი ვთქვათ, რომ ცხოვრება ზღაპარია და ჩვენ ყველანი ზღაპრის პერსონაჟები ვართ. თანაც არა მხოლოდ ადამიანი პერსონაჟები, არამედ პერსონაჟი სახელმწიფოებიც. ზღაპრის ამ სივრცეში ყველა ქვეყანა თავის როლს ირგებს, სადაც ზოგი ბოროტი გველეშაპია, ზოგი მხსნელია, ზოგი მაშველი, ზოგი საშველი, ზოგი უსაშველო. თუმცა ამ დიდ ზღაპარში ყველაზე საინტერესო როლების განაწილებაა. როლები იმის მიხედვით ნაწილდება, სამყაროს რომელი კუთხიდან უყურებ, ხედვის რა წერტილს ირჩევ. როლებს ხედვის რაკურსი ანაწილებს ისე, რომ ერთ ზღაპარში შეიძლება რამდენიმე როლი გერგოს, თანაც კარდინალურად განსხვავებული ხასიათით. აღმოსავლეთიდან დანახული "სახელმწიფო-მხსნელის" პერსონაჟი შესაძლებელია დასავლეთიდან "ქვეყანა-ტირანად" იყურებოდეს. ჩრდილოეთიდან რომ პრინცესად ჩანს სახელმწიფო, სამხრეთიდან ეს შენი პრინცესა საერთოდ გველეშაპს გავდეს და ა.შ. მოკლედ სიმყარეს, გარკვეულობას და სტაბილურობას არც აქ უჩანს პირი. გარკვეული შეიძლება მხოლოდ ის იყოს, თავად რა როლს აკისრებ საკუთარ თავს, რომელ ამპლუას ირგებ ყველაზე უკეთ და რომელ პერსონაჟთან იგივდები. ზღაპარში ხომ პერსონაჟის მიხედვით შეიძლება მიხვდე, როგორ იცხოვრებს და როგორ დაასრულებს.
საკუთარი შიშებით, მოლოდინებით და უმოქმედობით დღევანდელი საქართველო შეიძლება პრინცესასთან იდენტიფიცირდეს. მხსნელის მოლოდინში გველეშაპიდან ათას სიავეს და სიმყრალეს რომ ითმენს ისეთ პრინცესასთან. ჟანრის კანონებით იგი პრინცმა უნდა იხსნას, ანუ ყველაფერი კარგად დასრულდეს. მაგრამ საქართველო იმდენი საუკუნეა ამ გადამრჩენელს ელოდება კოშკში გამოკეტილი, გადამრჩენელს, რომელიც ყველაფერს მის მაგივრად გააკეთებს, რომ ამ ლოდინში დრო შეიცვალა, ჟანრის კანონები დაირღვა, მხსნელებს და რაინდებს კაციჭამიები ჩაენაცვლა, რომელთაც პირდაპირ და შესაშური გულწრფელობით შემოთვალეს "ვინც გინდა იმან ააშენოს ეს ქვეყანა მოგ...ვნიათ პატრონიო".
"შრეკის" მეოთხე ნაწილში პრინცესა ფიონამ მხსნელს რომ არ ეღირსა თავად უშველა თავს გველეშაპს გაექცა, იპოვა მეგობრები და მოკავშირეები და ახალი ცხოვრება დაიწყო. მოკლედ კოშკიდან გაქცევის დროა. მხსნელებს კი მოსტ...ნიათ პატრონი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.