ბლოგები
როცა მოსაგონარი გაქვს!
FaceBook
- ყოფილხართ მესხიშვილის თეატრის სცენის ქვეშ? სარდაფში?

ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი ჩვენი თეატრის კაპიტელებს, ჩუქურთმებს... ქართველი ხუროთმოძღვრის, მარად ახალგაზრდა შოთა ქურჩიშვილის ნახელავს, არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის შესანიშნავ პროექტს... მაგრამ ყოველთვის მსურდა წარმომედგინა როგორი იქნებოდა თეატრის შენობა ძვირფასი ქვით შემოსვამდე, - უფრო, გერმანელი ტყვეების მიერ ამოყვანილი კედლები მაინტერესებდა.

ფარნით, შავებში შემოსილი ღამის რაინდი შემოგვეგება თეატრში შესულთ... იდუმალი გარემო შეიქმნა უმალ... სიჩუმედ გავიკრიფეთ...

აქაო, 30 წლის წინ მსახიობმა თავი ჩამოიხრჩოო... დღემდე აკითხავს იმ ადგილს მისი სატრფოო... თეატრში რომ ხშირად მოჩვენებები ბუდობენ, ეს უკვე გაგვეგონა.

წინ გაგვიძღვა სუნთქვაშეკრულთ, რაღაც საუცხოოს მოლოდინში...

ცივი დერეფნებით, სარდაფში შევედით და პირდაპირ სცენის ქვემოთ აღმოვჩნდით.

ოოო... აქ უკვე შეულესავ კედლებში, აგურებს შორის ბეთქაშში, აქა-იქ დაყრილ ხელსაწყოებში, მტვერში, - შევიგრძენი გერმანელი ტყვეების ტანჯვაც და თქვენ წარმოიდგინეთ, სამშობლოს მონატრების სიმძიმეც.

ქუთაისი თუ გიყვარს, ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხვდე აქ - აქედან უნდა დაინახო შენი ქალაქი... აუცილებლად უნდა დაგახრჩოს მისი თეატრის სცენის მტვერმა... მთელი სპექტაკლი დაძაბული გაატარო, რომ შენი დახველებით არ დაარღვიო სიჩუმის მეფობა.

აგერ დედასვეტია, აი, ამ სვეტზე დგას სცენა... ზემოთ ფიცრის ჭრაჭუნი ისმის... აქ კორიფეები იდგნენ...

ამის წარმოდგენა და მოგონებებში მიდიხარ... სპექტაკლსაც ასე არ ქვია?

"მოგონებანი" - იუკიო მისიმას პიესის ქართულად ადაპტირებული სცენარი, გიორგი სიხარულიძისა და გივი სარჩიმელიძის რეჟისურით.

საერთოდ, ჩვენს ქალაქს რომ დიდი გივი სარჩიმელიძის ნახვის ბედნიერება ხვდა წილად, ეს ცალკე აღნიშვნის ღირსია - ქართული თეატრალური სკოლის მხცოვანი პედაგოგი და რეჟისორი, 87 წლის ლეგენდა, ეტლით და მედიცინის მუშაკთა თანხლებით ჩამოვიდა ქუთათისს.

და მისი ხელი ეტყობოდა კიდეც ამ ორიგინალურ გადაწყვეტას, - რომ სცენის ქვეშ სპექტაკლის მიღმა არ დარჩენილიყო ნამდვილი, მაღლა სცენა... მეასე პაემანი რომ გაიხსენეს და ვალსის მელოდია გაისმა, ეს სცენა უცაბედად დატრიალდა და სახელდახელოდ ჩაჭრილ სარკმელიდან გაიელვა წარსულმა ერთად - ახალგაზრდობამ, სიყვარულმა, ლტოლვამ, სილამაზემ...

და იმ წარსულიდან დღევანდელობაში ხიდი იყო ულამაზესად გადაწყვეტილი - ვარდის ვარდნით. რამდენს გაგვიხმია და შეგვინახავს ლამაზი დღის მოსაგონრად ვარდი?!

საერთოდ, სინემატოგრაფიაში ადვილია წარსულსა და აწყმოში თამაში, ათასი ხრიკია საამისოდ - დააძინებ გმირს და ვითომ ესიზმრება, დაახუჭიებ თვალს და წარმოადგენინებ რაც გინდა... წარსულის მონაყოლს ფერთა ეფექტს გაუშავთეთრებ. მაგრამ სცენაზე?

მაგრამ, როცა სპექტაკლის ბოლოს გრამაფონის ხმიდან ნაცნობ ხმებს გამოარჩევ, - ერემია სვანაძის, ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის, გიგა ლორთქიფანიძის და სხვათა, მაშინ მიხვდები რომ წარსულის ხაზი ქრება, როცა შეგიძლია მოგონება, როცა გიყვარს...

მანუჩარ კაჭახიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.