ბლოგები
ეკა კუხალაშვილის ბლოგი – სახიფათო სიცილი და შიშის მცველები
FaceBook
წიგნში "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე" გვაცნობენ უცნაურ ჯადოსნურ არსებას, სახელად ბოგარტი. როგორც წიგნიდან ირკვევა ბოგარტი ჯერ არავის უნახავს, უფრო ზუსტად არავინ იცის როგორია მისი ნამდვილი სახე, რადგან ბოგარტი ყველას იმ სახით ეჩვენება, რისიც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ (ზოგს გველად ესახება, ზოგს ობობად, დემენტორად და ა.შ.). შესაბამისად ბოგარტი საშიში არსებაა და მან ნებისმიერ ადამიანს (ჯადოქარს) შეუძლია დაუფრთხოს ანგელოზები იმად გარდასახვით, რაც მათი ფობიის წყაროა.
არადა შიშები ყველას გააჩნია. იქამდე შიშიდან არც თავად ბოგარტია დაზღვეული. მას არც მეტი არც ნაკლები სიცილის ეშინია. სიცილის შემთხვევაში ბოგარტი ქრება – სიცილი ბოგარტს, ანუ შიშს ამარცხებს.
სიცილი რომ შიშს ამარცხებს ეს იციან მაგლების, ანუ ჩვენს, სამყაროშიც. ალბათ ამიტომ უპირისპირდება სიცილს ყველა შიშის მთესველი და შიშზე დაფუძნებული იდეოლოგია, ადამიანი, ერთობა, დაჯგუფება. სიცილი თავის მტერთა შავ სიაში შეყავს და შიშს სიცილისგან ყველაფრის ფასად იცავს.
ცნობილია, რომ ფაშისტურ გერმანიაში ჰიტლერზე ანეკდოტის მოყოლისთვის ერთი გერმანელი მუშა სიკვდილით დასაჯეს. არც სტალინზე ანეკდოტების მოყოლა იყო უხიფათო საქმე – საბჭოთა " სიწმინდეზე" სიცილს არავინ გაპატიებდა. არის ქვეყნები, სადაც ხმამაღლა სიცილს საერთოდ კრძალავენ – სიცილი როგორც ჩანს ვიღაცისთვის უხამსობაა, სიცილი დაუმორჩილებელია – ისეთ ადგილას შეიძლება წაგსკდეს, სადაც ტრადიცია თუ ეტიკეტი გიკრძალავს, ზოგჯერ უმიზეზოდ გეცინება, ან იმაზე გეცინება რაზეც უნდა გეტირებოდეს და ა.შ.
სიცილი მრავალფეროვანი, მრავალსახოვანი, მრავალგანზომილებიანია. თავისი დაუმორჩილებელი, მოძრავი ბუნებიდან გამომდინარე იგი ერთი მიმართულებით ხედვის ვალდებულებიდანაც გათავისუფლებს.
აი, შიში კი ერთ ხედზე გაჯაჭვავს, შესაბამისად იგი ერთ განზომილებაში გაყურებინებს მოვლენას, დაჯგუფებას,ადამიანს,იდეოლოგიას, სიწმინდეს, ღირებულებას, ტრადიციას. შიშიდან მონიშნული ხედიდან სიბრძნე – სიბრძნედ ჩანს, სიწმინდე – სიწმინდედ, ავტორიტეტი, ავტორიტეტად და ა.შ.
სიცილი კი დიდ არჩევანს გაძლევს – შეხედო ყველაფერს სხვადასხვა რაკურსიდან, საიდანაც ადამიანი, სიწმინდე, დაჯგუფება, გაერთიანება შეიძლება სულ სხვნაირი გამოჩნდეს, რელიგია მხოლოდ რაღაც იდეოლოგია აღმოჩნდეს, ჭეშმარიტება – სიყალბე, სიბრძნე- სისულელე, ავტორიტეტი – ერთი კომპლექსიანი საცოდავი ადამიანი. წმინდანი ნაკლებად წმინდა…
ანდა პირიქით – წმინდანი ძალიანაც წმინდა, სიმართლე მართლაც ჭეშმარიტება.
სიცილი ან სიყალბეს ახდის ფარდას, ან მოვლენას საუკეთესო კუთხით დაგანახებს, დაგაახლოებს, შეგაყვარებს. "სრულყოფილი სიყვარული კი ამარცხებს შიშს",- ამას უკვე სახარება ამბობს. შესაბამისად რა დასკვნაც არ უნდა გამოიტანო სხვადასხვა კუთხიდან დანახული მოვლენა თუ პიროვნება საბოლოო ჯამში შიშიდან გაგათავისუფლებს.
ამიტომ "სიწმინდეების დამცველები" სიწმინდეს კი არ იცავენ, არამედ – შიშს. სიცილიდან სიწმინდე კი არ ილახება, არამედ შიში მარცხდება. შიშის დამარცხებას კი არ დაუშვებენ დიქტატორები, ავტორიტარები, იდეოლოგიები, დაჯგუფებები, ერთობები, რადგან ისინი მხოლოდ შიშის სივრცეში წარმოადგენენ რაღაცას. შიში მათი მთავარი სიწმინდე და ღირებულებაა, შესაბამისად ყველაფრის ფასად იცავენ. განსაკუთრებით იმისგან, რაც მისი პირდაპირი მტერია – სიცილისგან.
ამიტომ ჯადოქრებმა მოიმარჯვონ ჯოხები და წარმოთქვან შელოცვა – რიდიკულუს, მაგლები კი აქტიურად დაეწაფონ 3D ფორმატს, ყველა კუთხიდან დაინახონ მოწოდებული საკითხი თუ ადამიანი, რადგან ხშირად წინიდან მზეთუნახავი, სხვა მხრიდან კუდიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.