ბლოგები
თავის დაკარგვის დრო - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
თუკი რომელიმე მხიარული ტესტი უცნაურ და არც თუ ჭკვიანურ დავალებას მოგვცემს, რომ მაგალითად, - თავისუფლება წელიწადის რომელიმე დროსთან დავაწყვილოთ, პასუხი, უხერხულად მარტივი ლოგიკით, ზაფხული იქნება.

თავისუფლებას და ზაფხულს რა თქმა უნდა ბავშვობის გამოცდილება აწყვილებს. სასწავლო წლის დასრულება, რომელიც თავისუფლებასთან ერთად მთელი რიგი სიკეთეების მოლოდინს უყრის თავს. თუკი მაინცადამაინც ჰოგვორსტში არ სწავლობდი ან პეპისეულ მხიარულების გაკვეთილებს არ ესწრებოდი არგენტინაში, სადაც სიხარულები ყოველდღიურ რუტინად გქონდა ქცეული, მაშინ ზაფხული შვებაა, სხვადასხვა სისტემების, წესების, ვალდებულებების ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობა.

პეპისგან განსხვავებით გაკვეთილებში ბევრ ჩვენთაგანს არ უმართლებს (ან გაკვეთილებია უხარისხო, ან ჩვენ ვერ ვსწავლობთ ვერაფერს განათლების სისტემით ბოძებულ, თუ ცხოვრების გაკვეთილებიდან).

სამაგიეროდ, იგივე შვედებისგან განსხვავებით, გაგვიმართლა ზაფხულში. ჩვენს სარტყელში ზაფხული სამი თვე ზაფხულობს. მართალია ზოგჯერ იჭრება წელიწადის სხვა დროები მის ტერიტორიაზე, რომლებიც არც თუ იშვიათად ურღვევენ კალენდარულ მთლიანობას, მაგრამ ზაფხული ფორმას მაინც ინარჩუნებს. რამდენიმე ცხელი დღითაც ამოქაჩავს დანაკარგს.

თანაც ზაფხულს ბევრი მოკავშირე ყავს, პირველ რიგში ჩვენი ბავშვობისდროინდელი ემოციები და მოლოდინები, რომლებიც ინერციით შუახნის ასაკობრივი კრიზისების ხანაშიც აღწევს და ორმოცი წლისთვის სრულიად შეუფერებელი იმედების გაელვებებს აჩენს.

მართალია ეს იმედი ყოველი ზაფხულის ბოლოს იმედგაცრუებებთან წყვილდება, მაგრამ ზაფხულს აქვს რაღაც მაგიური უნარი, ყოველ მომდევნო წელსაც იგივე შეცდომა გაგამეორებინოს და უცხო სამოთხეებთან შეყრის ილუზია ისევ გაგიჩინოს.

ზაფხულს მართლაც აქვს ედემის ბაღის მსგავსი მონაცემები: უსაქმურობის შესაძლებლობა, ვალდებულებებიდან თავისუფლება და ნეტარი უპასუხისმგებლობა. ბოლოსდაბოლოს სიშიშვლე, რომლისაც არ გრცხვენია.ზაფხული აღმოგაჩენინებს საკუთარ სხეულს და გაიძულებს მიიღო და გამოაჩინო ისეთი როგორიც არის.

ზაფხულში ყველაზე მძაფრად გრძნობ ცნობადის ხესთან სიახლოვეს. შეგიძლია გაიგო, მიეახლო, გემო გაუსინჯო, შეეხო, გამოცადო, ახვიდე, შეხვიდე ისეთ რამეებში რაზეც წელიწადის სხვა დროს ვერ ახერხებდი, ვერ იფიქრებდი, ვერ გაბედავდი. ბედავ იყო ბედნიერი, მოკლე ბედნიერებით. მერე, მართალია აუცილებლად დაისჯები ამის გამო, როდესაც სამოთხის ტერიტორიას დატოვებ, ან ის დაგტოვებს. გადაიტან მორიგი იმედგაცრუების ტალღას, დარჩები უკაპიკოდ, დახვდები მოუმზადებელი შემოდგომას, მთელი შენი ენთუზიაზმი ზაფხულში დარჩება და არაფერი გამოგყვება ახალ სეზონზე სამუშაოს შესასრულებლად. მაგრამ ზაფხულის სივრცეში ამაზე ნაკლებად ფიქრობ. საზაფხულო ტრანსი სხვა ხილვებს აჩენს, სხვა ცნებებს და მცნებებს გიწერს.

ამიტომ ზაფხული ამართლებს ამოვარდნას, გადაკარგვას, თავის დაკარგვას და ზოგჯერ პოვნას. თავის, რომელსაც ვერ იპოვი კარგად თუ არ დაკარგე, სადმე მოუსავლეთში არ გადაისროლე. შეიძლება მერე ამ გადაკარგვებს მძიმე კვლიფიკაცია მიეცეს, მაგრამ ზაფხული შემწყალე და მპატიებელია. ის რაც არ გეპატიება წელიწადის სხვა დროს ზაფხულში დასაშვებია.

დასაშვებია მოკლე რომანები. წელიწადის სხვა დროს საქართველოში განსხვავებული პრაქტიკა მუშაობს. ზაფხულში "აქ დავდგამ სტენკას" ყველაზე ორთოდოქსი მიმდევრებიც შეიძლება შეეგუონ იმ აზრს, რომ ზაფხულთან ერთად შესაძლებელია რომანი დამთავრდეს.

ზაფხული სხვანაირობის უფლებას გაძლევს, უფრო ზუსტად საკუთარ თავთან მიახლოების შესაძლებლობას გიჩენს, რომელსაც წარმატებით შორდებოდი მთელი წელი.

ეს კანონები ვრცელდებოდა ტოტალიტრულ რეჟიმებში. მაგალითად, სულ სხვაა ზაფხულის კინოგმირები მანანა ("მანანა") და ჭრიჭინა (ჭრიჭინა") ლაღები, მსუბუქები, დაუმორჩილებლები. არადა საბჭოთა სისტემა მათგან „წესიერებას“ ითხოვს. იგივეს ითხოვენ მამები, მეგობრები, შეყვარებული. ძერების რისხვა შოთა იმ პირობით გააგრძელებს ურთიერთობას ჭრიჭინასთან, თუკი „გამოსწორდება“ და სისტემის მორჩილი გახდება. მანანასთანაც მაშინ იმეგობრებენ, თუკი საერთო პიონრეულ ფერხულში ჩაებმება.

ერთადერთი ბებია-ბაბუების თაობა იღებს ურჩებს და განსხვავებულბს. სხვა ეპოქაში ნაცხოვრები ხალხია და ჯერ კიდევ იციან ინდივიდუალობის ფასი.
მანანას და ჭრიჭინას ამბოხი ზაფხულში ხორციელდება, ამ გარემოში ბუნებრივად ეწერება, ზაფხულშია შესაძლებელი წასვლა შორს შორს, თუნდაც აფრიკაში. ან ბებია ელპიდეს მოკვლა და მერე გაცოცხლება. მაგრამ მოდის შემოდგომა და პერსონაჟები იცვლებიან, მორჩილები და ტიპიურები ხდებიან. ბრუნდებიან სისტემაში, რომლიდანაც ზაფხულმა იხსნა და თავისუფლების გემო გააგებინა.

ზაფხული სისტემის გავლენიდან გათავისუფლებს. დროებითი და ილუზორულია ეს თავისუფლება, თანაც მას სისტემა საკუთარი ნებით გიძღვნის შვებულების, არდადეგების სახით და ეს თავისუფლებაც სისტემის წიაღში რჩება, თუმცა თავისუფლება სისტემას ხომ სწორედ ზაფხულმა გამოსტყუა, იმისთვის რომ დრო შეაჩერო, მერე რაღაცებს შეეხო, რაღაცები შეირძნო და მიხვდე, რომ რაღაც არსებობს.

პირველ რიგში არსებობს აწმყო, რომელსაც მთელი წელი გავურბით ხან წარსულში, ხან მომავალში. ზაფხულში კი აწმყოს შეგრძნება ძლიერდება. წელიწადის ამ დროს შესაძლებელი ხდება ჩვენთვის ყველაზე „მიუღებელ“ ხანას - დღევანდელობას - თვალი გავუსწოროთ და მისი არსებობით დავტკბეთ. ზაფხულში Psresent Continuous ირთვება და ჰორაციუსის Carpe Diem ("იცხოვრე ახლა", "დაიჭირე გაელვება") სწორედ ზაფხულშია მოსახელთებელი.

ზაფხულში, რომელიც ყველაზე სწრაფად გადის და რომლის დასასრული უმეტესად იმის განცდას ტოვებს რომ ნეტარი ადგილიდან გაძევებენ.

თუმცა, ჯერ კიდევ არის კალენდარული დრო, ცნობადის ხეც ხელ/ხილმისაწვდომია, რომ მოწყვიტო და გემო გაუსინჯო იმას, რასაც გიშლის სისტემა, წესი, თუ ტრადიცია და მიხვდე რომ რაღაც/ვიღაც, ანუ შენ არსებობ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.