ბლოგები
ქვეყანა, რომელიც კაბაზე კიდია - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
რუსეთის საზოგადოებრივი პალატა ქალებს ურჩევს გაუპატიურების შემთხვევაში არ გადააჭარბონ თავდაცვის ზომებს, რადგან თუკი თავდამსხმელს ზიანს მიაყენებენ ან მოკლავენ, ქალებს სამართალში მიცემენ.

იმიტომ რომ თურმე გაუპატიურების დროს ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მხოლოდდამხოლოდ აუპატიურებენ (დიდი საქმე!) ამიტომ ქალის მოძალადისადმი თავდაცვის მიზნით (ალბათ "კომისიის მიერ დადგენილზე" მეტად ) წინააღმდეგობის გაწევა გაცილებით დიდი დანაშაულია.

თავდაცვა ზომიერად - დაახლოებით ასეთი მოწოდება გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ ანტონ ცვეტკოვმა.

ცვეტკოვი გამოდის წინადადებით, რუსეთის ყველა რეგიონში გაიხსნას კრიზისული ცენტრები, სადაც გაუპატიურების ან სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევაში მივლენ ქალები და დახმარებას მიიღებენ.

ანუ ყველაფერი მარტივადაა, გაუპატიურებენ? დაინდე მოძალადე, თორემ კანონი არ დაგინდობს. ამიტომ წელს ქვემოთ ზომიერად უნდა ხეთქო. არ იქნება საკმარისი თავიდან მოსაშორებლად? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება - კრიზისული ცენტრი ქვეყნის ყველა რეგიონშია.

კრიზისებიდან გამოსავლის ძიებაში არიან ჩვენთანაც. მოგეხსენებათ მთელი რიგი ფასეულობებია გადასარჩენი. შესაბამისად, ზომიერება და ზომების საკითხი აქაც დომინირებს. ყოფა არაქართული მოვლენებითაა სავსე. თანაც, რიგ შემთხვევებში პირდაპირ ბეწვზე კიდია ქართველობის ბედი. საკმარისია მარტივი მოქმედების ჩატარება და ეროვნული მომენტალურად არაეროვნული შეიძლება გახდეს.

აი, თუნდაც ავიღოთ ერთი და იგივე კაბა, თუკი კაბას სიგრძეს მისცემ ქართულია, გადაჭრი და მაშინვე არაქართული ხდება. ასე მარტივად იკარგება ეროვნულობა.

თუმცა მოკლე კაბას სხვა მავნებლობების ჩადენაც შეუძლია. როგორც აღმოჩნდა მოკლე კაბა უცხოა, მტრული და აგრესიული. მას მოკლე დროში შეუძლია გაანადგუროს საუკუნეებით ნაშენები სათნოებები და პირდაპირ ეროვნული მნიშვნელობის ზნეობრივ საფრთხედ იქცეს.

ვინმე მაცდურმა შეიძლება სერიოზული საცდური შეუქმნას უწყინარ კაცს, რომელიც თავისთვის მისეირნობს ქუჩაში და კაცობრიობის ბედზე ფიქრობს, ან ქართველობის გადარჩენაზე, ან იმ საკრალურ კითხვაზე - გვეშველება რამე? - პასუხის ძიებაშია. ამ დროს შენ ეცხადები ამ მოკლე კაბით და უსპობ საუკეთესო ზრახვებს. მას სხვა გზა არ რჩება რომ ცდუნდეს, კაცობრიობა და ქვეყნის ბედი ფეხზე დაიკიდოს და მხოლოდ ერთ რამეზე იფიქროს.

მოკლე კაბით სამყაროს გადარჩენა ფერხდება, გზა ეღობება გიგანტურ იდეებს, ერიც გვარდება, თითოკაცდება, ერთმანეთის გატანა არ შეუძლია, მართლმადიდებლობას ებრძვიან, ტრადიციებს გვართმევენ, არ ინდობენ არაფერ ქართულს, მასონები გვიტევენ ... მოკლდ იხ. რეზო ამაშუკელი, ან ლევან ვასაძე.

რომ არა კაბების გეომერტრიული პროგრესიით დამოკლების პროცესი, ყველაზე საჭირბოროტო საკითხები უკვე დიდი ხნის გადაჭრილი იქნებოდა. (იხ. გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე).

სამაგიეროდ, პრობლემა გადაჭრეს და ეროვნება შეინარჩუნეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. იგი (ეროვნულობა) ყველაფერზე მაღლა დააყენეს. ყოველ შემთხვევაში სხვებზე მაღალი თუ არა სხვებზე გრძელი და საქართველოს ბიუჯეტისთვის ძვირი მაინც გამოვიდა.

ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენების ჩაცმულობით იცავს ფასეულობებს. შესაძლებელია ტანსაცმლის ამ დიზაინით, რომლითაც რიოს ოლიმპიადაზე წარსდგებიან, საერთოდ სხვა ქვეყანას განასახიერებენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენსას თუ არა სხვის ეროვნულობას ხომ დაიცავენ?!

დაიცავენ პატიოსნებას და უსაფრთხოებასაც. ასეთ სამოსში არც ზიკას ვირუსს გამოუვა არაფერი და არც მოძალადეს. ამ კაბებით ვერავის აცდუნებ და მითუმეტეს ვერც ვერავინ გაგაუპატიურებს, პირველ რიგში ქართველი ოლიმპიელების სამოსის დანახვაზე გაოცებით მოგვრილ შოკში საეჭვოა ეს ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს და თუ მოუვა, მაინც ვერ განახორციელებს. ტექნიკურად იქნება შეუძლებელი: ისეთი სქელია ქსოვილი და ისეთი რთულია დიზაინი. შეიძლება იქით დააზიანოს მოძალადე და რუსული კანონებით ქალი გახდეს დამნაშავე, ქალი დასაჯონ და პასუხი აგებინონ (ეს სამოსი შესაძლებელია დამცავი ჟილეტის ალტერნატივად განიხილონ).

გამოდის, არც გრძელი კაბა ყოფილა უსაფრთხო. შეიძლება პირდაპირ დროებითი დაკავების საკანში ამოგაყოფინოს თავი.

კაბა გრძელია თუ მოკლე, მაცდუნებელი ხარ თუ მსხვერპლი, ყველაფერში მაინც ქალი გამოყავთ დამნაშავე. შესაბამისად, ან პოლიციასთან ექნება საქმე ან ფალავანდიშვილთან.

ამიტომ, რადგანაც ქვეყნის ბედი და ფასეულობების მთელი ასხმა, თურმე ქსოვილის სიგრძესა დ სისქეზე კიდია, მაშინ ისევ ქალებმა უნდა გადაარჩინონ სამყარო გრძელი თუ მოკლე კაბებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.