ბლოგები
ქალაქის სიკვდილი იწყება ასე - გაზეთი "ქუთაისი" 100 წლისაა
FaceBook
გახსოვთ გაზეთი "ქუთაისი"?

3 აპრილს გაზეთ "ქუთაისის" დაარსებიდან 100 წელი შესრულდება. ჟურნალისტი მანუჩარ პირველი ამერიკიდან ეხმიანება გაზეთის საიუბილეო თარიღს:

"მე თუ მკითხავ, ქალაქის სიკვდილი იწყება ასე.

აი, დღეს, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქალაქში, ბებიების და ბაბუების გადმოცემების იმედზე თუ დავრჩებით, თორემ ქალაქს თავისი მეისტორიე აღარ ჰყავს უკვე.

თითქოს არც ჭირდებოდეს.

ინტერნეტის სწრაფი განვითარება პლატფორმების ხშირ ცვლას იწვევს და სადაც დღეს ხუთი წლის წინანდელი ცნობა აღარ იძებნება, რა გარანტია გვაქვს ასი წლის შემდეგ მოიძებნოს თუ როდის ადიდდა რიონი უკანასკნელად, ან ვინ გასცა მრავალსართულიანი სახლის აშენების მახინჯი ნებართვა თეთრ ხიდთან.

ერთის მხრივ, ალბათ, კარგიცაა, რომ ისტორია არ შემოგვინახავს იმ ტვინგამორეცხილთა სახელებს, ვინც ერთ ღამეში წამოაქცია აღმაშენებლის გამზირის 15-წლიანი ხეები, ასობით ხე, სიკვდილის ცელი რომ გეგონებოდა დილით გამოსულს... იმისათვის, რომ მერე პალმები დაერგო, ტროპიკული მცენარე არატროპიკულ ქარ-ყინვიან ქალაქში.

თუმცა, ისევ გაზეთმა "ქუთაისმა" შემოგვინახა ქალაქში თეატრის აშენების კადრები; ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის მამუკა ასლანიკაშვილის, ვახტანგ ცინცაძის შრომა; იპოლიტე ხვიჩიას პირველი ნაბიჯები; მარჯანიშვილელთა პრემიერები; მიტროფანე ლაღიძისა და კოკოჩაშვილის ხილიანი წყლების ქუთაისიდან აღებული სტარტი; მაჩაბელისა და ქვარიანის რინგი ქუთაისის ცირკში (ხო, ასეთი ჰქონდა ქუთაისს), ამაშუკელის მადლით ქალაქს მობრძანებული აღმაშენებელი და რამდენი ერთი ჩამოვთვალო...

ამ გაზეთმა მონათლა პოეტად მარად ჭაბუკი ლადო ასათიანი, რომ შემდეგ სამშობლოს სიყვარულში "ფილტვები ტკენოდა და დაბერვოდა"...

იცით, მე ქუთაისი, თვით ქალაქი, გაზეთმა „ქუთაისმა“ შემაყვარა.

იქ, რედაქციაში, ყველაზე უკეთ იგრძნობოდა მისი მაჯისცემა, მისი პულსი.

თავად, 13 წლის ბიჭი გაზეთის ჩამრჩევი ვიყავი, და მაშინდელ ლეგენდებთან, "მეტრამპაჟეებთან" - დურმიშხან გეგუჩაძესთან, ჯუმბერ ბოგვერაძესთან, გალაკტიონ შვანგირაძესთან ვიზრდებოდი, - ამ მხცოვანი გაზეთის სიყვარულით მოწამლულ ადამიანებთან.

აი, მუშაობისას პურს რომ გავტეხავდით, ის პური თუ გაზეთის მიმდინარე ნომრის "საოტისკე" საღებავებით დაისვრებოდა, მაინც სუფთად ითვლებოდა და ყველაზე გემრიელი იყო.

უნივერსამის გვერდზე, "სოიუზპეჩატის" ჯიხურში, მარინასთან ცხელი გაზეთის სურნელი სანამ დადგებოდა, "ქუთაისი" ტექ-რედაქტორ ლეილა ლაითაძესთან ერთად რედაქტორის კაბინეტში იკვრებოდა მაკეტად. აი ასე, შეიკეტებოდნენ და ყველამ ვიცოდით, რომ მისი ახალი ნომერი იწყებდა დაბადებას - ლინოტიპისტების ხელში აკენკილი, მიხეილ ამაღლობელის კალამს გადარჩენილი სტრიქონებით დამზადებულ "ოტისკებს" გააგზავნიდნენ ზემოთ - საკორექტოროში... და რომ დავარცხნიდნენ კორექტურას, შემდეგ ეს სარკე-ლითონ-სტრიქონები მოდიოდა ჩემს ლეგენდებთან:

- გაიქეცი, ციცეროს ხაზი მომაწოდე; შილა შენ ხომ არ აგიღია; შპაცები დამიჭერი...

და ამ ღამისთევებში, წია-წია მიყვარდებოდა ქუთაისი.

დილით, იმ ორმოცი ათასს ეგზემპლარს ერთს რომ მოვპარავდი, გადავფურცლავდი და უმალ ჩემს მოჭრილ ხაზებს შევამოწმებდი, წინა ღამით რომ მანდეს მათი დახრილად ჩამოჭრა.

იცით, კიდევ რა მახსენდება?
გაზეთის დაკაბადონების პროცესში, იმის შიშით, რომ არ გაცვეთილიყო, საგულდაგულოდ იყო შენახული გაზეთის ქუდის კლიშე - ქალაქის მეჩუქურთმის, ოთარ ქანდარიას ავტოგრაფი ქუთაისს. როცა კი შავი სამუშაო დასრულდებოდა, დურმიშხანი ძია იუველირის სიფრთხილით ჩამოიღებდა ამ კლიშეს და დაახურავდა გაზეთს, მართლაც ქუდად - ცარიელად დატოვებულ "ბალკაზე".

მაშინ სულ სხვანაირი სიყვარული და სიფაქიზე იყო...

და ეს სიფაქიზე სადღაც გაქრა, - რადგანაც 1921 წლის 3 აპრილს დაბადებული 90 წლის ქალაქის მემატიანე სიცოცხლეს გამოვასალმეთ და არც მისი 100 წლის საიუბილეო თარიღი აღგვინიშნავს - "ქუთაისელებს"...

ქალაქში ორი კინკილა გაზეთი სასაცილო პერიოდულობით და სამარცხვინო ტირაჟით ისევ გამოდის, მაგრამ ქალაქს თავისი მოსახელე მოუკვდა, თითქოს სირცხვილი ყოფილიყოს ამ სახელის ტარება.

და ეს მაშინ, როცა ინტერნეტის ეპოქაში და დემოკრატიულ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში ყველა პატარა ქალაქი ინახავს თავის მემატიანეს, ისეთი ქალაქიც,
რომლის პოპულაციაც ათას ცხრაასი კაცია.

ამ სახელის გაზეთი მოკვდა, და ქალაქის სიკვდილსაც ასე უსიტყვოდ გადავიტანთ, ალბათ!

„- ნურავის ეტყვი, სითბო დამრჩა შენი თითების...“
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.