ერთ დროულ კაცს სახარება ვათხოვე. ცოტა ხნის შემდეგ შემხვდა ბოლომდე
არ წამიკითხავს, მაგრამ დამასევდიანაო. თუმცა როცა წიგნს მიბრუნებდა
სხვა განწყობა ჰქონდა. გაბადრულმა მითხრა ისე გამიხარდა ქრისტეს
აღდგომა პირდაპირ გავბედნიერდი, არაფრით ველოდი ასეთ ფინალსო.
მე კი იმას არ ველოდი, თუკი ვინმემ ქრისტეს ისტორია არ იცოდა და
პირველად გაიგო მასზე. ეს კაცი აღმოჩნდა ასეთი. მან ყოველგვარი
სტერეოტიპების და წინასწარგანწყობების გარეშე წაიკითხა ამბავი ვინმე
იესო ქრისტეზე და მას ამ წიგნიდან სიხარულის განცდა დარჩა და
დაამახსოვრდა. არც მცნებები, არც სწავლება, არც მორალი, მით უმეტეს
არც შიში, არამედ მხოლოდ სიხარული.
და ალბათ, მან გაიგო ყველაზე სწორად სახარება და მიაგნო მთავარ მესიჯს
ქრისტეს ისტორიაში.
იმ სიხარულს, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოდის დღეს ეკლესიების
ამბიონებიდან, ან მოდის მაგრამ დამუნათება, გაკიცხვა, შიში, ცეცხლი,
კუპრი, ჯოჯოხეთის შეპირებებსა და ფარისევლობა, სიცრუე, სიხარბის
გამოვლინებებში იკარგება.
არადა ყველაფერი სიხარულისთვის, სიხარულის სახელით, სიხარულის გარშემო
კეთდებოდა. იმ სიხარულის, რომელიც აღდგომამ გააჩინა.
შობას, ნათლისღებას, ფერისცვალებას და ყველა დანარჩენ ქრისტიანულ
დღესასწაულს არსებობის უფლებას და ლეგიტიმაციას ხომ აღდგომა
აძლევს.
თუკი დღესასწაულად ქცეული გიორგობა, ბარბარობა, მარიამობა, კოგნიტურ
დისონანსს აჩენს, ვერაფრით იგებ რა აზეიმებს და რას გილოცავს ხალხი,
როცა ამ სამი პატივცემული ადამიანიდან ორი წამებით მოკლეს, ერთი კი ამ
დღეს მიიცვალა?! ან თუნდაც ახალი წელი. ცნობილი მემოს არ იყოს, რას
ზეიმობ, დედამიწამ რომ მზეს მორიგი წრე დაარტყა, იმას?
აღდგომის შემთხვევაში ეს უხერხულობა ქრება.
აღდგომა დღე სასწაულია. იგი ყველაზე წარმოუდგენელ ამბავს ეხება -
მკვდრეთით აღდგომას. ამის გჯერა თუ არ გჯერა სხვა საკითხია, მაგრამ
იმის აღიარება მაინც შეიძლება, რომ აღდგომა ლოგიკური დღესასწაულია.
დღე, რომელიც სასწაულს შეიცავს და ეს სასწაული დიდ სიხარულს
უკავშირდება.
ყველაზე მეტად რომ გიყვარდა ის რომ მკვდარი გგონია. შენს თვალწინ
აწამეს. საკუთარი თვალით ნახე მისი სიკვდილი, შეეხე, იგრძენი. ყველა
ბიოლოგიური მონაცემით ყველაფერი დასრულდა. აპოკალიფსი დადგა. ყველა
იმედი მოკვდა. სასოწარკვეთამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. იმედგაცრუებამ
ყველაზე დიდ ათეისტად გაქცია. სამყარო ჩამობნელდა, მომავალი
დასამარდა.
და ამ ყველაზე ბნელ წუთებსა და საათებში, როცა ვერაფერს ხედავ
უკუნეთისა და სიცარიელის გარდა, გეუბნებიან, რომ ვისმა სიკვდილმაც ამ
დღეში ჩაგაგდო, ის მკვდრეთით აღდგა.
ისეთი სიხარულია, სამყაროს ყველაზე დიდ შავ ხვრელსაც რომ
გაანათებდა.
ეს სიხარული იგრძნეს მოციქულებმა, ეს იგრძნო იმ კაცმა, პირველად რომ
გაიგო ქრისტეს აღდგომაზე და ბავშვურად გაუხარდა.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სამყაროს ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში,
მწიგნობრებსა და ყველაფრისმცოდნეებზე მართლები, უმეცარი ბავშვები (ან
ბავშვურები) აღმოჩნდებიან ხოლმე. მართლები თუ არა ბედნიერები მაინც -
ტრაგიკული ისტორიის კარგი დასასრულით და სხვისი სიხარულით გახარება
რომ შეუძლიათ. დაუჯერებელი ამბების,ომში ძლიერზე სუსტის გამარჯვების,
ყველა პარამეტრით გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის არსებობის, ცხადი,
მატერიადქცეული ბოროტების, რაღაც აბსტრაქტული სიკეთის მიერ ძლევის რომ
სჯერათ და არ უკვირთ იმის, რასაც ასტრონავტი კარლ სეიგანი
ამტკიცებდა:
"სიცოცხლე იმარჯვებს სიკვდილზე, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობი
მეთოდით".
მასალის გამოყენების პირობები