როდესაც რაიმე პრობლემაზე ლაპარაკობ რისი საშუალებით შეიძლება ამ
პრობლემის ყველაზე ობიექტურად აღწერა? ალბათ რიცხვებით.
რიცხვები, მხოლოდ რიცხვები და არაფერი რიცხვების გარდა.
მაინც რას გვეუბნება რიცხვები და სტატისტიკა ჩვენს ყოფაზე?
მაგალითად, იმას, რომ საქართველოს და კონკრეტულად ქუთაისს ბევრი
ადამიანი ტოვებს.
საქსტატი გვამცნობს, რომ 2015 წლიდან 2022
წლის ჩათვლით ქუთაისი 18 ათასმა ადამიანმა
დატოვა.
მაშინ ,როცა იმავე პერიოდში თბილისის მოსახლეობა 86 100, ხოლო ბათუმის
მოსახლეობის რაოდენობა 18 600 კაცით გაიზარდა.
2015 წლიდან 2022 წლის 1 იანვრის ჩათვლით, ქუთაისში მოსახლეობის
რაოდენობის ცვლილებამ -12, 2% შეადგინა.
რატომ ტოვებენ ადამიანები ქალაქებს ასე მასობრივად? კარგ ცხოვრებას
გაურბიან? ბედნიერების მაღალი ინდექსი ყელში უჭერთ? ყველა
ერთნაირად დაბრმავებულია და წინსვლას ვერ ამჩნევს?
კითხვები, რა თქმა უნდა, რიტორიკულია.
თუმცა იგივე (რიტორიკული)კითხვები ჩნდება საქართველოდან
ემიგრირებულების შემთხვევაში.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არც მათი დათვლა დავიწყებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის
რაოდენობა 99 974 ადამიანია.
ეს მონაცემი 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.
მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და
შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებების
რაოდენობა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით,
68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.
ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 80 351 პირი, საქართველოს
მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია.
ქვეყნიდან წასული მოქალქეების ასაკმა ძალიან დაიწია. ქვეყანას ტოვებენ
ან აპირებენ დატოვონ, ახალგაზრდები, ანუ ის ხალხი ვინც
დოვლათი უნდა შექმნას და ვინც უნდა გდაიბაროს ქვეყანა.
რას გაურბიან ახალგაზრდები? ან რა ეგულებათ უცხოეთში (უმეტესად
ევროპასა და ამერიკაში) ისეთი, რასაც მათი ქვეყანა არ
აძლევს?
ეს კითხვებიც რიტორიკულია.
სამაგიეროდ საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა რუსეთის
მოქალაქეებისთვის. ისინი არა მხოლოდ სტუმრობენ, არამედ რჩებიან
და ცხოვრებას იწყობენ საქართველოში.
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164
შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების
უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას
წარმოადგენს. ამ მონაცემებს "ინტერპრესნიუსი"
ავრცელებს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე
რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება
დარეგისტრირდა.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, 4 390 უძრავ
ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება
დარეგისტრირდა. ამასთან, 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის
ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.
რუსებს შეუძლიათ საქართველოში ყველაფერი იყიდონ.
რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით საქართველოს 665 992
მოქალაქე მხოლოდ საარსებო მინიმუმს ითხოვს.
საქართველოში ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
4.4%-ით გაიზარდა.
ამ ინფორმაციას სოციალური მომსახურების
სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობას
საქართველოს მოსახლეობის 17,9% ანუ 665 992 ადამიანი იღებდა, ეს კი 28
245-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2021 წლის ნოემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 637 747 ადამიანი
იყო.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 75 902-ით გაიზარდა იმ ადამიანების
რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.
ქვეყენაში, სადაც 3 688.600 ადამიანი ცხოვრობს 665 992
სახელმწიფო შემწეობის მომლოდინეა, 99 974 მოქალაქე
ქვეყნიდან მიდის. 18 000 კი ერთი კონკრეტული ქალაქიდან გარბის.
ამ დროს საქართველოში მხოლოდ ცხრა თვეში 15 164 შენობა-ნაგებობაზე,
ოკუპანტი ქვეყნის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება
რეგისტრირდება. პროდუქტებსა და უძრავ ქონებაზე ფასები ყოველდღიურად
იზრდება, ამის პარალელურად დემოკრატიის ინდექსი ეცემა.
ერთადერთი ამინდია მანუგეშებელი - 19 იანვრისთვის უჩვეულოდ თბილა და
18 გრადუსი სითბოა. თუმცა უახლოეს დღეებში ისიც შეიძლება აირიოს.
რიცხვები არც ერთი მიმართულებით არ იძლევიან ნუგეშისა და იმედის
საშუალებას. რიცხვი ხისტია, მას არ გააჩნით სენტიმენტები. არც სხვისი
მოტყუების, არც თავის მოტყუების ნაწილში გამოდგებიან. თუმცა
საქართველოში ამას მაინც ახერხებენ. თვალების დახუჭვა და
შემგუებლობა სპორტი რომ იყოს ჩემპიონობას არავის დავუთმობდით. ესაა
მსოფლიო ჯილდოებს სხვა ღირსებებში იძლევა. ეს ღირსებები კი ისე
იკლებს, მათი ჩამოთვლისას მალე რიცხვებიც აღარ დაგვჭირდება და მხოლოდ
ციფრებით შემოვიფარგლებით.
მასალის გამოყენების პირობები