ბლოგები
კულტურა ქუთაისში „რკინის ფარდით“
FaceBook
"როდესაც ზარბაზნები ქუხან მუზები დუმან".

მუზები მოგვიანებით იღვიძებენ და მათ შეცვლილი მსოფლიო ხვდებათ. 

დღეს მსოფლიოს ცვლილებები უკრაინიდან მოდის.

მოქმედების ეპიცენტრმა უკრაინის ტერიტორიაზე გადაინაცვლა და ყველაფერი მის გარშემო მასთან კავშირში, მის ორბიტაზე და მასთან კონტექსტში გადაეწყო.

პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ეკოლოგიაც, კულტურაც ისე წარიმართება, როგორც ამას ტერორისტული რუსეთის წინააღმდეგ გმირი უკრაინელების ბრძოლის გამოძახილი გადაწყვეტს. 

უკრაინამ მნიშვნელობა მიანიჭა სიტყვებს, ღირებულებებს, ცნებებს, ყველა სიცარიელე შეავსო. დაუბრუნა სიცოცხლე „თავდადებას“, „თავისუფლებას“, „სიყვარულს“, „პათეტიკას“ (რაც ამ ბლოგში შეიძლება ბევრია) და ცხადად წარმოაჩინა რა არის ამ სამყაროში ყველაზე მთავარი. 

მსოფლიო აღარასდროს დაუბრუნდება იმას, რაც უკრაინის ომამდე იყო. უფრო მეტიც, უკრაინის გამარჯვების შემდეგ დიდი შანსია სამყარო უკეთესი გახდეს.

ამ მოვლენის მასშტაბურობა და მნიშვნელობა ზუსტად შეაფასეს დიდმა ხელოვანებმა, ვინც კულტურულ ამინდს ქმნიდა და ქმნის მე-20 და  21-ე საუკუნის მსოფლიოში:Pink Floyd-ის სოლისტებმა, სტივენ კინგმა, მარგარეტ ეტვუდმა, შონ პენიმ, ჯარედ ლეტომ, ფრედერიკ ბეგბედერმა, დევიდ ლინჩმა, ანჯელინა ჯოლიმ, მილა იოვოვიჩმა, დემნა გვასალიამ... მრავალმა და მრავალმა შემოქმედმა სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას. 

ამით იმაზეც მიანიშნეს, სად წყდება თავისუფალი სამყაროს მომავლის ბედი. 

მიუხედავად ასეთი მძლავრი კატაკლიზმებისა, რომელიც არა თუ ქვეყნებს და ადამიანებს, ყველა ქვას და ხეს შეეხო,  ეს მოვლენები არ შეხებია ქუთაისის ოფიციალურ კულტურულ სივრცეს. ის მძლავრი ტალღა, რაც უკრაინიდან წამოვიდა აქ არ უგრძვნიათ, უკრაინა არსად გამოჩენილა იმ მასშტაბით, რასაც იმსახურებდა, მას არაფერი გამორჩეული არ მიძღვნია გარდა ერთი ან ორი საქველმოქმედო აქტისა.

ქუთაისის თეატრები არ გამოხმაურებიან მარიუპოლის თეატრის ტრაგედიას, ხელოვანები არ გამოხმაურებიან უკრაინელი ხელოვანების ბრძოლას და სიკდილის. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად და სახალხოდ - არა. 

2022 წელი ქუთაისის ოფიციალური კულტურის სივრცეში დროის, ეპოქის კონტექსტის სრული დაუნახაობის, მოვლენების არშემჩნევა/ვერ შემჩნევის, ყველაფრისგან გარიყვის და თავისუფალი მსოფლიოსგან ლამის რკინის ფარდის ჩამოფარების წლად იქცა.

მავანს ინფორმაციის წყაროდ ქუთაისის კულტურული ცხოვრება და ოფიციალური კულტურის წარმომადგენლების გამოხმაურებები რომ აეღო ვერც გაიგებდა რომ მეზობელ, უფრო მეტიც, მეგობარ სახელმწიფოში ომია საქართველოს ყველაზე დიდ მტერთან და რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების გზაზეა...  

საქართველოში მშვიდობაა, თუმცა მუზები რატომღაც მაინც დუმან.

მათი არსებობა ცოტა რამემ თუ გაგვახსენა. მაგალითად, მწერალ ირაკლი მაჩიტაძის წიგნმა "სიკვდილის ლურქი ეკრანი".

ტარიელ დათიაშვილის წიგნმა - "FM 107.9".

სპექტაკლმა - "ომი ომია"

მაგრამ ისინი არც ერთი არაა სახელმწიფოსგან დაფინანსებული ოფიციალური კულტურის პროდუქტები. 

ეს პროდუქტები სხვა ინსტიტუციებში უნდა შექმნილიყო.

მესხიშვილის თეატრში იყო რამდენიმე პრემიერა. ოპერაში "ტოსკა" იმღერეს. ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა იცეკვეს, როკ ჯგუფებმა დაუკრეს, მაგრამ არც ერთ ამ ამბავს არ ქონია ისეთი გამოხმაურება, როგორიც კულტურის სამინისტროს მიერ თეატრებისთვის მიკროავტობუსის გადაცემას. 

ამ ფაქტს მესხიშვილის თეატრისგან საგანგებო ვიდეომიმართვა და დიდი ემოციები მიეძღვნა.

ასეთი მასშტაბის მოვლენა ქართულ თეატრებს არ ახსოვთო. ყოველ შემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ის სამადლობელი ვიდეო კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ.

საქართველოში პრიორიტეტებს ასე უცნაურად აწყობენ. 

ამიტომ აქ კიდევ დიდხანს დადუმდებიან მუზები. რადგან მათ მარტო ზარბაზნები არ ადუმებენ. 

მუზებს ფარისევლობა, სილაჩრე, მოვლენების ვიწრო პრიზმაში ხედვა და  ფართო სურათში დაუნახაობა ადუმებთ.

ამიტომ, ასეთ გარემოში კვლავაც მრავალჯერ იქნება წლის  "კულტურული მოვლენა" მინისტრისადმი მიძღვნილი სამადლობელი ვიდეო. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.