ბლოგები
რა შეაჩერებს მანიაკს?!
FaceBook
ფსიქიატრებმა, რამდენიმე მანიაკალური მიდრეკილების ადამიანზე, რომლებიც ფსიქიატრიულში ჰყავდათ და მკურნალობდნენ, ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს.


მათ ვიდეოჩანაწერი უჩვენეს, სადაც ქუჩაში მოძრავი ხალხი იყო გადაღებული. ჰკითხეს - ამ ადამიანებიდან ვისზე გაუჩნდებოდათ თავდასხმის სურვილი. ყველამ სხვადასხვა პირზე მიუთითა, მათი მსხვერპლი სხვადასხვა იყო, თუმცა, აერთიანებდა ერთი რამ - ყველა მათგანი თავდაუჯერებლის, შეშინებულის და საბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

აღმოჩნდა, რომ მანიაკებმა თავდასასხმელად შეარჩიეს პირები, რომლებსაც, მათი შეფასებით, მარტივად შეაშინებდნენ და იოლად დაიმორჩილებდნენ.

დასკვნა - მანიაკი თავს ესხმის შეშინებულს და მარტივად მოსაპოვებელს. იმდენი ჭკუა აქვს, ისეთს არავის დაესხას, ვინც სავარაუდოდ, იქით დააზარალებს და დაამარცხებს.

მანიაკს, რიგითი იქნება იგი თუ სახელმწიფოს მეთაური, თავდაჯერებული აჩერებს და თავდასხმის სურვილს უნელებს.

საქართველოში, ბოლო ერთი თვეა, მუდმივად ომით დაშინების კამპანია მიდის. "აბა ომი გინდა?!" ყველაზე ხშირად დასმული რიტორიკული კითხვაა.

ხელისუფლება თვლის, რომ თუკი თავს მოისაწყლებს, არაფერს გამოხატავს, არაფერში ჩაერევა, საკუთარ დასავლურ მისწრაფებებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, რაც მტერს გაუხარდება, მხოლოდ იმას იტყვის, სინათლესა და სიბნელეს შორის ღიად სინათლის მხარეს არ დადგება და ამის პარალელურად, მუდმივად დააშინებს მის მოსახლეობას ომით - ამით რუსეთს არ გააღიზიანებს და მანიაკს შეაჩერებს, ან იმის ილუზიას შექმნის ხალხში, რომ ამით მანიაკი შეჩერდება.

თუმცა, ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ მანიაკს შეშინებული ვერ აჩერებს, უფრო მეტიც, მას სწორედ შეშინებული იზიდავს და თავდასხმის სურვილს უმძაფრებს.

თუ გინდა მანიაკი თავს დაგესხას, რაც შეიძლება დაუცველად, შეუიარაღებლად, უღონოდ, საწყლად აჩვენე თავი, ისიც არ დააყოვნებს და შემოგეჭრება.

მაგრამ თუკი საპირისპიროდ მოიქცევი, შიშს არ აჩვენებ, შენი მისწრაფებების ერთგული დარჩები და იმასაც შეახსენებ, რომ 30 ათასი გაწვრთნილი სამხედრო პირი და 15 ათასი რეზერვი გყავს, ამან ის ყველაზე ცოტა უნდა დააფიქროს - ღირს კი?!

"როდესაც შენ გყავს 45 ათასიანი შეიარაღებული ძალები, მოწინააღმდეგეს შეტევის დროს სამჯერ მეტი უპირატესობა უნდა ჰქონდეს, რომ თავს დაგესხას. ამ სიტუაციაში, უკრაინასთან ომის გამო, რუსეთი ვერ შეაგროვებს ასი ათასიან კონტინგენტს. ეს იქნება შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ მას არ გაუჩნდეს ილუზია, რომ აქ იქნება გასეირნება და მას წინააღმდეგობა არ შეხვდება", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.

მტერს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ აქ ადვილი იქნება. მტერმა უნდა იცოდეს, რომ აქ ძნელი იქნება. უნდა იცოდეს, რომ ლაჩარი არ ხარ, ღირსება და თავმოყვარეობა გაგაჩნია. ასეთი მოცემულობები მანიაკებს თავდასხმის სურვილს უნელებს.

მაგრამ, ვიმეორებ, თუკი მუდმივად შიშს და უპრინციპობას აჩვენებ, ყველაზე საუკეთესო მეგობარს ყველაზე დიდი გასაჭირის ჟამს მხარდაჭერას ღიად არ უცხადებ, ყველა შენი გამონათქვამით მტერს აგონებ, რომ "ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავს" - მანიაკ მტერს სხვა "გამოსავალი" აღარ რჩება, პირდაპირ "ვალდებული იქნება" თავს დაგესხას.

კითხვაზე, მანიაკი თუკი ძლიერს არ ესხმის, რატომ შეიჭრა უკრაინაში? პასუხი ყველამ ვიცით - სიმარტივეს ელოდა, პროპაგანდის იმედი ჰქონდა და უდიდესი მოლოდინი, რომ ხელგაშლილები დახვდებოდნენ. რუსეთს რომ სცოდნოდა ასეთი წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ასჯერ დაფიქრდებოდა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა.

ყველაფერი ზემოთთქმული, რა თქმა უნდა არაა სრული ან ნაწილობრივი გარანტია ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ რაღაც ბარიერი მაინც არის, რომ მტერმა ფეხი წამოკრას და იქნებ კისერიც მოიტეხოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.