ბლოგები
როცა სუსტი ამარცხებს ძლიერს - 4 ფილმი მოგებულ ომებზე
FaceBook

"ბრძოლა არასდროსაა წაგებული, როცა, თუნდაც ერთ სულელს სჯერა და იბრძვის მოსაგებად" - ამ მოსაზრებას ავითარებს ფილმის "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეკობრე პერსონაჟი.



ისტორია უამრავ ფაქტს შეიცავს, როცა უთანასწორო ბრძოლაში სუსტი იმარჯვებდა და მცირერიცხოვანი ჯარი დიდძალ არმიებს ამარცხებდა.

პრაქტიკულად ყველა სახელოვანი ბრძოლა და ომი ამ თანაფარდობით განხორციელებულა. მცირეზე დიდის თავდასხმით და მცირეს გამარჯვებით ძლიერზე.

ისტორიამ არ დააყოვნა და ამ ბრძოლებსა და მათ გმირებს ხოტბა შეასხა. ისტორიის ამ "გადაწყვეტილებას" მხარი აუბა კინომ.

ისტორიული ფაქტები, სადაც ძლიერები მარცხდებიან სუსტებთან ბრძოლაში, ბევრი ფილმის სიუჟეტისთვის ქცეულა მთავარ ღერძად. დასავლური ცივილიზაცია სუსტების მხარესაა, ყოველ შემთხვევაში, ხელოვნებაში და უთანასწორო ბრძოლებში მათ მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს ეხმაურება.

ჩვენ ოთხი ფილმი გავიხსენეთ, რომლებიც ამ მოვლენებს ეხება.

რიდლი სკოტის ფილმის "ზეციური სამეფო" საკვანძო ეპიზოდი სწორედ ასეთ უთანასწორო ბრძოლაზეა.

"ზეციური სამეფო" ჯვაროსნულ ომებსა და მე - 12 საუკუნის იერუსალიმის ბარონზე, რაინდ ბალიან დე იბელინზე ყვება. ფილმი ისტორიულ სიზუსტეს პრაქტიკულად არ ინარჩუნებს, თუმცა, ფაქტად ტოვებს მთავარ ამბავს - ბალიანის მიერ სალადინის უზარმაზარი არმიის მოგერიებას იერუსალიმის მისადგომებთან. ბალიანმა რამდენიმე ასეული მებრძოლით შეძლო თავის პირობაზე წამოეყვანა მრავალათასიანი ჯარის მეთაური სულთან სალადინი, თანაც ისე, რომ დათმობაც აიძულა და მისგან პატივისცემაც დაიმსახურა.

ბალიანმა მცირე ჯარით აჯობა შეიარაღებით და ცოცხალი ძალით ბერვად აღმატებულ არმიას. ალბათ, ამიტომაც მოუნდა რიდლი სკოტს მასზე ფილმის გადაღება.

არც დევიდ მიშოს ფილმი "მეფე", რომელშიც განსახიერებულია ინგლისის მეფე ჰენრი V, ინარჩუნებს ისტორიულ სიზუსტეს. ფილმი შექსპირის პიესის მოტივების მიხედვით შექმნეს. მოგეხსენებათ, ისტორიული სიზუსტის დაცვასთან მწყრალად იყო თავად დიდი ინგლისელი დრამატურგიც, თუმცა, ფილმში მთავარი სათქმელი მაინც არ სცდება სიმართლეს.

ჩვენი აღმაშენებლის არ იყოს, ჰენრი მეხუთე თინეიჯერი ავიდა ტახტზე. დახვდა დაყოფილი სამეფო და პოლარიზებული საზოგადოება. მან წარსულის დავიწყებით და პატიებით შეძლო ერთიანობის მიღწევა. ის იქცა ერთიანი სამეფოს მეთაურად, რის შემდეგაც ბევრი ბრძოლა აწარმოა და პრაქტიკულად, ყველა მოიგო. თუმცა, მათგან აღსანიშნავია საფრანგეთში, სოფელ აგინკურის მახლობლად ფრანგების გაწვრთნილ, დასვენებულ და კარგად აღჭურვილ არმიასთან შეტაკება. მაშინ, როცა ჰენრის ჯარი მცირერიცხოვანი, დაღლილი და გამოფიტული იყო, ჰენრიმ ეს ბრძოლა მოიგო ჭკუით, საბრძოლო განწყობით და კიდევ ერთი დეტალის დახმარებით - მისი მთავარი მოკავშირე ტალახი გახდა, რომელმაც ბრძოლა და პრაქტიკულად, ომი მოაგებინა მეფეს. ტალახის ფაქტორი ხელს უწყობს უკრაინასაც - არაერთი რუსული ტანკი გაიჭედა "უკრაინულ ტალახში".

აგინკურთან გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო ინგლისმა. ომს მოიგებს უკრაინაც, რადგან თანამედროვეობა არ სცდება ამ პარადიგმას - ბრძოლას მცირენი იგებენ მრავალრიცხოვნებზე - ჭკუით, შემართებით და ზოგჯერ ტალახითაც.

სულისკვეთების ასამაღლებლად და ოპტიმიზმის შესანარჩუნებლად, ამ დღეებში, მელ გიბსონის ყველასათვის ნაცნობი ფილმის "მამაცი გულის" გადახედვა კიდევ ერთხელ შეიძლებოდა. შოტლანდიის ეროვნული გმირი უილიამ უოლესი, შოტლანდიისთვის ინგლისისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ბევრ ბრძოლას იგებს მასზე გაცილებით ძლიერ მტერთან. რით ამარცხებს შოტლანდია უთანასწორო ბრძოლებში მოწინააღმდეგეს, ამას ფილმის სათაურშივე გვაუწყებენ - მამაცი გულით.

სამას სპარტელს ბრძოლა ქსერქსეს უზარმაზარ ჯართან არ მოუგია, თუმცა, დატოვეს წინააღმდეგობის დიდი მაგალითი. ისტორიის ეს მაგალითი აქცია ფილმად რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა და "300 სპარტელი" გადაიღო. ფილმი სპარტელების მეფე ლეონიდასზეა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბერძენთა გაერთიანებულ ჯარს საბერძნეთში შემოჭრილი სპარსეთის მეფის ქსერქსე I-ის წინააღმდეგ. ლეონიდასი 300 რჩეული სპარტელით იცავდა ბერძენთა ჯარის ძირითად ნაწილის და დაეცა თერმოპილეს ბრძოლაში. მასთან ერთად დაიღუპა სამასი სპარტელიც. სპარტელებმა უკან არ დაიხიეს, შიშველი ხელებით იბრძოდნენ და მაინც შეძლეს სპარსელებისთვის ზარალის მიყენება. ჰეროდოტეს გადმოცემით, ჯამში ამ ბრძოლას 20 000 სპარსი და 4 000 ბერძენი შეეწირა.

უკრაინაში მეცამეტე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან უკრაინის ქალაქები.

7 მარტს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.