ბლოგები
ქვეყანა, სადაც ხანდაზმულები არ უყვართ
FaceBook
ჩემს სოფელში 70-მდე ადამიანი ცხოვრობს, უმეტესობა ხანდაზმულია. ახალგაზრდები ქალაქში მომავლის საძებნელად მიდიან, სოფელში კი მოხუცები სახლის "დარაჯებად" რჩებიან. "დარაჯის" როლი მძიმე და სევდიანია, რაც შრომასა და წასულების ჩამოსვლის მოლოდინში გატარებულ დღეებს ნიშნავს.

ეს ის ხანდაზმულები არიან, მთელი თავისი ცხოვრება ვაზის მოვლასა და შვილების გაზრდას რომ შეალიეს. რა თქმა უნდა, სახლიც ააშენეს და ხეებიც დარგეს. მათ ეს "მისია" დიდი ხნის წინ შეასრულეს, ახლა კი, როცა შედეგით ტკბობის დროა, მარტონი დარჩნენ.

ჩემი სოფლის ხანდაზმულები ნელ-ნელა წლებთან ერთად დაპატარავდნენ, საბჭოთა დროს ნაყიდი პიჯაკი და შარვალი გაუდიდდათ. ყველაზე მეტად განვლილი წლების კვალი მათ ხელებს ეტყობა, იმ ვაზთან, რომელიც წლების წინ მხრებში გამართულებმა დარგეს, ახლა მოხრილები, აკანკალებული ხელებით მიდიან.

70 ადამიანი ეს ის ციფრია, რასაც საქართველო თითქმის ყოველდღიურად კარგავს კორონავირუსის გამო, ზუსტად იმდენივე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიც ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს.

რიცხვს რიცხვი დაემატა, სოფელს სოფელი და გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 298 მიაღწია, რაც საქართველოს ერთი პატარა რეგიონის მოსახლეობაა. გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმულია, ისინი, ვისაც სახელმწიფო ვერ ან არ ხედავს და მხოლოდ ,,დარჩი სახლშის'' ეძახის.

ადამიანთა უარყოფა ჩვენს ქვეყანაში საშუალოდ 50 წლიდან იწყება, მიზეზად კი სწორედ ასაკი სახელდება. იშვიათად შეხვდებით ისეთ ადამიანს, ვინც ამ ასაკში დასაქმებულია.

ხშირად მინახავს ქუჩაში 60+ ასაკის ტურისტული ჯგუფი, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ. მათთვის ეს ერთგვარი ტრადიციაა - სიახლის ძიება და საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენა, თუნდაც 70 წლის ასაკში. საქართველოში კი, პირიქით ხდება - ხანდაზმულებისთვის არც ღირსეული პენსიაა, არც ფასდაკლებები საჭირო წამლებზე, არც სამსახური, უფრო მეტიც, ისინი სახელმწიფოსთვის 300 ლარად ფასობენ.

მახსოვს, როგორი გაოცება მოჰყვა საქართველოში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებას 78 წლის ასაკში, ჩვენთან ეს ხომ შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ, რომ აქ ხანდაზმულები არ უყვართ. საქართველოში ხანდაზმულებს არ შეუძლიათ იცხოვრონ საკუთარი თავისთვის, არ შეუძლიათ ნახონ ის ადგილები, რომლებიც ახალგაზრდობაში დროის უქონლობის გამო ვერ მოინახულეს, არ შეუძლიათ იცხოვრონ ფიქრის გარეშე: ხვალ წამალი როგორ ვიყიდო, ან როგორ გამოვიკვებო.

ისინი მხოლოდ იმედებზე საუბრობენ, რომლებსაც ჩვენზე, ახალგაზრდებზე ამყარებენ. ფიქრობენ, რომ თაობა, რომელიც ახლა მოდის, შეძლებს იმოგზაუროს, აღმოაჩინოს საკუთარი თავი ნებისმიერ ასაკში.

მანამდე, ვიდრე ჩვენი ხანდაზმულთა ,,ოცნება'' ასრულდება,  ვხედავთ როგორ ქრება პატარ-პატარა სოფლები დიდი რუკიდან, მათ ადგილას კი რჩება სიცარიელე, რომელიც მხოლოდ ციფრებით გამოიხატება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.