ბლოგები
გზაში წაკითხული წიგნები
FaceBook
სახედასისხლიანებული ამირი ოთახის კუთხიდან უყურებდა სოჰრაბს, რომელიც მოჭიმული შურდულით, პირდაპირ თვალში უმიზნებდა მაგიდის კუთხის ბურთულას წვერებიან კაცს.

ასეფი, რომელმაც ესესაა ამირს მეორე ყბის ძვალიც ჩაუმტვრია და შემდეგ კედელს მიანარცხა, გაოგნებული მზერით მისჩერებოდა პატარა ბიჭს, რომელსაც ავისმომასწავებლად უელავდა თვალები. ორივე გაშეშებული იდგა და შუშის თვალებით უმზერდნენ ერთმანეთს. ასეფი ბიჭს - ბიჭი ასეფს.

- დაუშვი, თუ არა მოგკლავ
- გთხოვთ, შეჩერდით ბატონო
- დაუშვი
- გთხოვთ, შეჩერდით ბატონო
- დაუშვი - უფრო ხმამაღლა იღრიალა წვერებიანმა კაცმა და შუბლზე ოფლის წვეთები შურდულივით დაეშვა
- ნუღარ აწვალებთ ბატონო, შეჩერდით - ამოილუღლუღა ბიჭმა და ხმაში მუდარა გაურია.

ასეფს მცირე ყოყმანი შეეტყო, ნაცემი ამირისკენ გახედვას ვერ ბედავდა, ყურადღების მოდუნების ეშინოდა. შემდეგ ბიჭს მზერა მოაშორა და პირდაპირ მისკენ მომართულ ბურთულას ჩახედა თვალებში. ჩხუბის დროს მაგიდის კუთხეს მომძვრალი ბურთულა დაუნდობლად იმზირებოდა შურდულის სალტედან.

კისერში ოფლი ეღვრებოდა და ზურგს უსველებდა. ერთი მოძრაობა და მარცხენა თვალი აღარ ექნებოდა. ვერ გადაეწყვიტა, გაერისკა თუ არა. ბიჭი თითქოს არ სუნთქავდა, თითქოს მოჭიმული შურდული ხელებში შეყინვოდა. თითქმის ერთი წუთი გავიდა და ხელიც არ უკანკალებდა.

რამდენიმეწუთიანი ორთაბრძოლის შემდეგ, ამირის სასტიკი ცემით რომ დასრულდა, ოთახში მტვერი იდგა. წვრილ ზოლად შემოჭრილ მზის შუქზე, უმცირესი ნაწილაკები ერთმანეთში ირეოდნენ და თეთრად შეღებილ კედლებს ეხეთქებოდნენ.

ასეფს ის დღეს გაახსენდა, ბავშვობაში, მეგობრებთან ერთად, ამირს და მის მოახლეს ჰასანს ქუჩაში რომ დახვდა და ამირს ცემა დაუპირა. სწორედ ასე დაუმიზნა მაშინ ჰასანმა შურდული პირდაპირ თვალში და მისი პატრონი ცემას გადაარჩინა. ჰასანმა ძვირი ფასი გადაიხადა ასეფის დამცირებისთვის, პირველივე შემთხვევის დროს ასეფმა დაიჭირა, ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ გააუპატიურა. წლების შემდეგ, ჰასანის შვილი, სოჰრაბი ჩაიგდო ხელში და დარჩენილ ჯავრს, ამირი რომ ვერ სცემა, მასზე იყრიდა.

ახლა, ნაომარ ქაბულში, სადაც სისასტიკის უფლებას ომის თანმხლები უსამართლობა იძლეოდა, ასეფს პატარა ხელებით მოჭიმული შურდულით უნდა ეზღო ცოდვისთვის. ის ბიჭი, ცოტა ხნის წინ რომ ამცირებდა და ზანზალაკებიანი ტანსაცმლით აცეკვებდა, გამყინავი მზერით უყურებდა და თვალის ამოთხრით ემუქრებოდა.

წამიც და ასეფის მხარი ოდნავ შეირხა, თითქოს ხელს გველის თვალივით მომზირალი თეთრი ბურთისკენ იშვერდა, რაღაცის თქმა დააპირა, ტუჩებს შორის სისხლის ბლანტი სითხე გადმოეღვარა ...

თავი ავწიე, მიკროავტობუსი მომიახლოვდა. პატარა ფერადი ფურცელი, რომელიც თანამშრომელმა მისი ხელით მოდუღებულ ყავიან თერმოსზე მიმიკრა და დააწერა "გემრიელად მიირთვი", ფურცლებს შორის ჩავდე. წიგნი დავხურე, პირბადე გავისწორე და ტრანსპორტში ავედი. თვალებით მოხერხებულ სავარძელს ვეძებ, კითხვა რომ განვაგრძო. ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი" მიჭირავს ხელში. მიკროავტობუსის ბოლოში ერთი სკამია ფანჯარასთან. საუკეთესო ადგილი კითხვისთვის.

უკან გადავდივარ და კომფორტულად ვჯდები. გაუარესებულ მხედველობას არაფრად ვაგდებ, წიგნს ვშლი და მზად ვარ სამსახურამდე ნახევარი საათი ჯაყჯაყში ვიკითხო. ერთი სული მაქვს გავიგო რა ქნა პატარა სოჰრაბმა, ესროლა თუ არა შურდული ასეფს და როგორ დააღწევს ამირი თავს გარანტირებული სიკვდილის ოთახს. თიკოს ახლა უკვე სანიშნედ ქცეულ ფურცელს (იმედია არ ეწყინება, სიყვარულით ვიყენებ ) ვიღებ და კითხვას ვიწყებ. მძღოლი რადიოს უწევს და ქალის ხმა გრიპის რომელიღაც წამლის სახელს ხმამაღლა მარცვლის. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და კონცენტრირება ისევ თეთრკედლებიან ოთახზე მოვახდინო, სადაც ცოტაც და მკვდარ-ცოცხლების ბედი გადაწყდება.

ასეფმა პირის გაღება ვერ მოასწრო, გველის თვალი უკვე მისი თვალის ბუდეში იყო. ვიდრე წაიქცეოდა, ბღავილი აღმოხდა, მერე იატაკზე გაგორდა და საცოდავად მოიგრიხა. მთელი სხეული დაეკრუნჩხა. ჯერ ბღაოდა, მერე მოგუდული ღმუილი დაიწყო და ბოლოს გონება დაკარგა. სოჰრაბს გაშეშებულ სახეზე უკვე შემშრალი ცრემლები ღარებად ეტყობოდა, მზერას არ აშორებდა ასეფის თვალის ბუდეში ჩარჩენილ თეთრ ბურთულას. შურდულიანი ხელი დაუშვა და ოთახს მზერა მოატარა. ამირი სისხლს აფურთხებდა და ამაოდ ფორთხავდა იატაკზე, წამოდგომას ვერ ახერხებდა ...

გრიპის, სარეცხი ფხვნილის, საოჯახო ტექნიკაზე ფასდაკლების, მანქანის საუკეთესო ზეთისა და ავეჯის მაღაზიის რეკლამები დასრულდა. მძღოლმა კიდევ უფრო აუწია რადიოს და მსმენელის მიერ მოთხოვნილი სიმღერა ჩაირთო.

ჩემებურად ავზიდე წარბები და წიგნი დავხურე. გამორიცხულია, ხვალ დილამდე ვერ გავიგებ წაიყვანა თუ არა ამირმა პატარა სოჰრაბი ამერიკაში. თუ გამიმართლა და საღამოს ავტობუსით ვიმგზავრე, სადაც კარგი განათებაა, რამდენიმე გვერდს კიდევ წავიკითხავ. გამართლებაზე საქმე ჩვენმა მერიამ მიიყვანა, ვერც მიკროავტობუსების და ვერც ავტობუსების გრაფიკს რომ ვერ არეგულირებს. ზოგჯერ არის ისეთი დღეეებიც, რომ სამსახურში მცირე თავისუფალ დროს ვპოულობ და ეზოში, მზის გულზე სიამოვნებით ვკითხულობ. სახლში ეს გამორიცხულია. არც დრო და არც ენერგია ამირის და სოჰრაბის ბედის გასაგებადაც კი არ მყოფნის.

გაჩერებაზე ვდგავარ და სიბნელეში, შორიდან ვცდილობ ჩემი მიმართულებით მოძრავი ავტობუსების ნომრების გამოცნობას. ლოდინი რომ ხანგრძლივი იქნება, ამას უკვე შეჩვეული ვარ. ყოყმანით ვავლებ მზერას ხიდზე ახლახან შემოსულ ჩემი უბნის მიკროავტობუსს და ვფიქრობ, ღირს თუ არა ავტობუსის ლოდინი. მერე გადავწყვეტ, რომ ამირი და სოჰრაბი ლოდინად ღირს და თვალს ვარიდებ სახლში შედარებით ადრე მისვლის პერსპექტივას. მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, ბოლო იმედს სახლისკენ ვუშვებ, ავტობუსის გაჩერებაზე გადავდივარ. ცხოვრებაში ბევრია იმედგაცრუება, მაგრამ როცა საქმე ქუთაისურ ტრანსპორტს ეხება, დაგვიანებაში ან რეისის ჩაგდებაში უფრო ერთგულ ადამიანებს, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებია, ვერ ნახავ.

სულ მგონია, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი დარცხვენილი უნდა იყოს, ასე, გულუბრყვილოდ ველოდები ხოლმე უკონტროლობით თავგასულ მძღოლებს და მგონია ცოტათი მაინც უხერხულად იგრძნობენ თავს, როცა საყვედურნარევი ტონით ვეტყვი: სად ხართ აქამდე? პასუხი ერთია - უხეში და ხმამაღალი - ჩემ გრაფიკში ვმუშაობ ქალბატონო.
ცარიელ ავტობუსში ავდივარ. მგზავრებმა დიდი ხანია მიხედეს საკუთარ თავს და ახლა ალბათ, ცხელ ვახშამს მიირთმევენ. მე მარტოობით კმაყოფილი ვარ და ცოტა აღტაცებითაც ვხსნი ჩანთას. ხაკისფერ ყდიან წიგნს ვიღებ და ცნობილ სანიშნეს ვეძებ. მერე რამდენიმე ფურცლით წინ ვდებ და კითხვას ვიწყებ.

პატარა სოჰრაბმა, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ეს ხელოვნურწვერიანი კაცი, წლების წინ რომ ქაბულიდან ამერიკაში გაიქცა, მისი ბიძაა, ამირის მკლავი ბეჭზე გადაიდო და წამოდგომაში დახმარება სცადა. ამირი ჯერ მუხლებს დაეყრდნო, მერე დამტვრეული მაგიდის ფეხს და მარჯვენა ფეხი წვალებით გამართა. სოჰრაბიც წამოდგა და ხმის ამოუღებლად ანიშნა კარგად დამეყრდენიო. კარი გაიღო და ზღურბლზე ორი დასისხლიანებული ადამიანი გამოჩნდა - ამირი საკუთარი და სოჰრაბი ბიძამისის სისხლით დასვრილი...

სოჰრაბი ბიძასთან ერთად ხელჩაკიდებული აეროპორტში დგას. ინტერესით უყურებს გრძელ შუშის კედლებს, სადაც სორაია უნდა გამოჩნდეს. ამირი ისევ მოგონებებშია ჩაძირული.

- ჰასან მე რომ გთხოვო მიწას შეჭამ? - ჰასანი შეკრთა.
- კი მაგრამ ამირჯან, შენ ხომ ამას არასდროს მთხოვ?
- რომ გთხოვო? - თვალები აუელვარდა ამირს
- შენთვის, თუნდაც, ათასჯერ - თქვა ჰასანმა და თავი ჩახარა

მწიფე ბროწეულების ხესთან ისხდნენ. ამირმა მოულოდნელად ძირს დაგდებული ბროწეული აიღო და ჰასანს ესროლა. ჰასანის პერანგი მკერდთან წითლად შეიღება.
- მიდი, შენც მესროლე - იწვევდა ამირი. ჰასანი არ განძრეულა. ამირმა კიდევ ერთი ბროწეული აიღო, კიდევ ერთი, კიდევ ერთი ... ჰასანის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდი. ამირი ბრაზისგან იხრჩობოდა.
- მესროლე ჰასან, მესროლე - უყვიროდა საკუთარ მოახლეს, რომლისაც მთელი ცხოვრება შურდა.
ჰასანმა გახლეჩილი ბროწეული აიღო და სახეზე მიიჭყლიტა
- კმაყოფილი ხარ? - ჰკითხა ამირს და დაღმართზე დაეშვა.

მერე ფრანით გარბოდნენ. ამირმა ყველა მეტოქის ფრანი ჩაჭრა. მორჩა, მოიგო. ახლა გამარჯვების საბოლოოდ გასაფორმებლად ბოლო მონაწილის ფრანი უნდა ჩაეგდო ხელში.
- ჰასან, იცოდე ფრანი მომიტანე - უთხრა ფრანების ოსტატს ამირმა
- შენთვის თუნდაც ათასჯერ ამირჯან - მიაძახა ჰასანმა და გაუჩინარდა.

- მოვიდა - დაიძახა სოჰრაბმა და ამირს ხელზე მოქაჩა. სორაია შემოვიდა აეროპორტში. ამირმა მეუღლეს ძმისშვილი გააცნო. სორაიამ სოჰრაბს მხარზე მოხვია ხელი და კარისკენ წაიყვანა.

- შენთვის, თუნდაც, ათასჯერ სოჰრაბ - ჩაილაპარაკა ამირმა.



ნოემბრის თბილი დღეა. სამსახურში მცირე შესვენება გვაქვს. ყავა მოვიდუღე და თიკოს ბიბლიოთეკის მორიგი წიგნი "პილატეს სახარება" ავიღე.

- შენზე ამბობენ, რომ ღვთის შვილი ხარ
- ამას თქვენ ამბობთ
- წაიყვანეთ და გაროზგეთ - პილატეს მოთმინება ამოეწურა
იეშუამ პირდაპირ თვალებში შეხედა. პილატე შეკრთა, მცირედით წაბარბაცდა კიდეც. მერე მეწამულისფერი მოსასხამი გაისწორა და დარბაზი დატოვა.

კლაუდია ისევ ტიროდა.
- მე ის ვნახე პილატე, სიზმარში ვნახე. ის ღვთის ძეა. ჩვენ დიდ შეცდომას ვუშვებთ.
პილატე დუმდა. ცუდად ჰქონდა დაცდილი ცოლის სიზმრები.

იეჰუდა შენ უნდა გამცე - ეს იყო იეშუას ბოლო თხოვნა, უფრო მოთხოვნა
იეჰუდა ბედს დამორჩილდა. მასზე იყო დამოკიდებული წინასწარმეტყველების აღსრულება.
იდგა იეშუა გეთსამანიის ბაღში და ელოდა საყვარელი მოწაფის ლოყაზე ამბორს.


დანარჩენი წაიკითხეთ გზაში

ბლოგი ეძღვნება თანამედროვეობაში, დროის დეფიციტის პირობებში, წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

ბლოგში ნახსენები წიგნებიდან მოყვანილი არც ერთი ფრაზა/წინადადება არ არის ტექსტიდან ამონარიდი, შესაბამისად, წინადადებები არ არის ზუსტი. ის ასახავს ფაქტებს და ემთხვევა შინაარსს, მაგრამ არის ავტორის მიერ  ინტერპრეტირებული.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.