მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ენა მებმის მაინც არასდროს
დავინტერესებულვარ ამ სიმპტომს - ენის ბორძიკს - სამედიცინო ენაზე რა
ქვია.
ალბათ ექნება რაიმე ლათინურენოვანი სახელწოდება. ჰოდა, მეტყველების ეს
დარღვევა, რისი სახელიც არ ვიცი, მაქვს მე. ამის გამო არაერთხელ
მიმიღია დაცინვა, ჩუმი ჩაღიმებები, ჩემი ნათქვამის გამეორება, ჩემივე
ზედმეტად გაგრძელებული ხმოვნების იმიტირებით, მასწავლებლის ცივი მზერა
და დაკლებული ნიშნები ენის დაბმის გამო. თანაკლასელების ზურგსუკან
ფხუკუნი, სამსახურში არმიღება, თანაკურსელებიდან გარიყვა, მძიმე
დეპრესია და არაიშვიათად ფიქრები სუიციდზე ...
ვხუმრობ, ვხუმრობ...
ენა ნამდვილად მებმის და არც ის ვიცი რა ქვია მას სამედიცინო ენაზე,
ამის გარდა სხვა ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე ხუმრობა და
გაზვიადებაა. დაცინვის სულ ორი შემთხვევა მახსოვს მთელი ცხოვრების
განმავლობაში მართალია ორივე ძალიან მწარე იყო, თუმცა მაინც ორი
შემთხვევა გახლდათ და მეტი არა. არც მასწავლებლები მჩაგრავდნენ
მაინცადამაინც, ცივი მზერა ქონდათ, თუმცა ამაში ჩემი ენის დაბმას
ნაკლები ბრალი მიუძღოდა. ჩემდა გასაკვირად სამსახურებშიც ენის
ბორძიკის გამო დაწუნების მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა. და რა თქმა
უნდა თავის მოკვლაც აზრად არ მომსვლია (ყოველ შემთხვევაში ენის დაბმის
მიზეზით).
ენისდაბმა სუიციდის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენებაში არა,
მაგრამ გინების არსენალის სრულად ათვისებაში შეიძლება გახდეს მთავარი
მასტიმულირებელი. თუმცა გინება უმეტეს შემთხვევაში გაურკვეველი
მისამართითაა წარმოთხმული, იმას ეგზავნება, რაც სავარაუდოდ შენს ენას
აბამს. მასზე კი შენი გინება ნაკლებ მოქმედებს (ენის ბორძიკს ტვინის
ზოგიერთი უბნის, მეტყველებაზე პასუხისმგებელი ბროკისა და ვერნიკის
შეცვლილი მიკროსტრუქტურა განაპირობებსო).
უხერხულობები იწყება დილიდან, მაგალითად, ვიღაც მოგესალმა, შენც გინდა
პასუხი დაუბრუნო, თუმცა ვერაფრით იღებ ხმას, რადგან "გრავიტაციამ", თუ
რაღაც სხვამ, რატომღაც მთელი მისი შესაძლებლობები შენი ენის სასაზე
მიკვრაში დახარჯა, ამიტომ ვერაფრით იმორჩილებ. როდესაც (გულში)
ლანძღვა-გინებებით ამ შენს ურჩ ენას ბოლოსდაბოლოს ამოიდგამ, ის
ადამიანი კარგა მანძილზეა დაშორებული, ამიტომ ან შორიდან უნდა მიაძახო
"გაგიმარჯოს", ან უსალმო-უხასიათო და უჟმური ადამიანის სტატუსს
დაჯერდე.
ამდენ წრიალსა და "გრავიტაციასთან" ბრძოლაში შეიძლება ვიღაცას
დაეჯახო, ცხადია არც იმას უხდი ბოდიშს იგივე "გრავიტაციის" მიზეზით და
ენადაბმულების განსაკუთრებულ უხეშობასა და იშვიათ უზრდელობაზე ქმნი
ახალ, მყარ სტერეოტიპს.
ყველაზე საინტერესო საზოგადოებრივი ტრანსპორტია, როდესაც გინდა ორი
სიტყვა "გაჩერებასთან გააჩერე", ან "რომ გადახვალ გააჩერე" რაც
შეიძლება ღირსეულად (ზედმეტი გაგრძელებების გარეშე) თქვა და ამის
სათქმელად საგანგებოდ ემზადები. ამ პროცესში შესაძლებელია მძღოლმა
დაგასწროს და იკითხოს გაჩერებაზე ხომ არ ჩადის ვინმეო, რომელიც
სასწრაფო დადასტურებას ითხოვს. შენც მომზადებისთვის დრო აღარ გრჩება,
მოუმზადებლად ამბობს "დიახ", რის შემდეგაც მძღოლსა და 20 პასაჟირს
შვიდგზის გაგრძელებული "დ"-ს მოსმენა მოუწევთ, სანამ მიხვდებიან რისი
თქმა გინდა. ცდილობ არავის შეხედო სახეში და ისე ჩახვიდე. სახიათი
უკვე საბოლოოდ გიფუჭდება, თუმცა თავს მაინც იიმედებ მძღოლისა და
პასაჟირების ცუდი მახსოვრობით (ან იმით რომ მათ შორის ვინმე
სიმპათიური ტიპი არ ერია), იმედოვნებ რომ ეს შემთხვევა მალე
დაავიწყდებათ, ან ცდილობ შენი აწრიალებული თავმოყვარეობა დაიმშვიდო
იმით, რომ ბოლოსდაბოლოს მოსე წინასწარმეტყველიც ენადაბმული იყო და
მანაც ხმოვნებისა და თანხმოვნების ზედმეტი გაგრძელებებით გააცნო
კაცობრიობას ათი მცნება. თუმცა დიდად არ შველის.
სამაგიეროდ ზოგჯერ შველის სათქმელის შეცვლა. გინდა რაღაც ერთი თქვა,
თუმცა ატყობ ამ სიტყვას, რითაც წინადადება გინდა დაიწყო ვერასდროს
იტყვი, ამიტომ სიტყვასთან ერთად თემაც უნდა შეცვალო და იმის ნაცვლად,
რომ მეზობელი თათხო მთელი ღამე ბოლო ხმაზე ჩართულ მუსიკას, რომ
უსმენდა შიგადაშიგ გინების რეჩიტატივებით, ვალუტის კურსს კითხულობ.
შესაბამისად ენისდაბმა უკეთეს მომზადებას მოითხოვს, სათქმელის
რამდენიმე ვარიანტს, რადგან ენის დაბმის შემთხვევაში ერთი მეორით ან
მესამით რომ ჩაანაცვლო. რადგან საამისო ერთი ადგილი არა მაქვს,
სათქმელთა ასეთი მრავალფეროვანი სპექტრი მოვამზადო, ამიტომ საერთოდ
გაჩუმებას ვამჯობინებ.
სიჩუმე შენი მოკავშირე ხდება, რომლის სივრცეში ყველაზე კომფორტულად
გრძნობ თავს, თანაც ხშირად ჩუმად ყოფნა მომგებიანია, ჩუმად რომ ხარ
ადამიანებს ჭკვიანი გონიხარ. სიჩუმეს სიბრძნეში გითვლიან. არადა
უბრალოდ წმინდა ტექნიკური მიზეზით ხარ ჩუმად. შესაბამისად
სტერეოტიპები "ქალი ხარ და ბევრი ლაპარაკი გეყვარება", ან "ჟურნალისტი
ხარ და არავის აცლი ლაპარაკს" სრულიად კარგავს ძალას, თუმცა
განსაკუთრებით ირონიულადაც გაისმის. სამაგიეროდ სტერეოტიპებს
ამსხვრევ, შეიძლება აქაც ტექნიკური მიზეზით.
ზოგჯერ სპეკულირებ ენის დაბმით. სათქმელი არ გაქვს, ან საკითხი არ იცი
და ენის დაბმას აბრალებ - ეს მიშლის ხელს ჩემი შეხედულება კარგად რომ
ჩამოგიყალიბოთ და გაგაცნოთო. მსმენელიც შედის შენს მდგომარეობაში.
შენი ცხოვრება ხშირ შემთხვევაში მკაცრი თვითცენზურაა. გაფრთხილება -
არ შეცდე არ დაელაპრაკო უცხო ადამიანებს, არ წახვიდე იქ სადაც საჯარო
გამოსვლა მოგიწევს,არსად ილაპარაკო ზედმეტი, განსაკუთრებით იქ სადაც
ხმას იწერენ. რადგან იმ ჩანაწერში შენი დაბმული ენის მოსმენა სრული
ჯოჯოხეთია, ყველა დროისა და ხალხის წამების საშუალებების სიაში
შესატანი. ამიტომ ცდილობ საკუთარი ხმა ყველგან წაშალო, გაანადგურო,
სადაც მოახერხებ ხმა დაიხშო, ხმის უფლება წაართვა საკუთარ თავს -
პირდაპირი მნიშვნელობით. (ისე, აქაც ცოტას ვაჭარბებ).
მაგრამ მაინც, ხედავ, რომ შენგან წამოსული ჰაერის ზედმეტი რხევები და
დეციბალები, ენის ფონეტიკაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები,
საქმეს ურთულებს ადამიანს, ზედმეტად ძაბავს. მსმენელებს გაოცება
გადაკრავთ, შენს მეტყველებასთან ადაპტირება დისკომფორტს უჩენთ - ვერ
ხვდებიან მოესმათ, თუ ნამდვილად ასე ლაპარაკობ.ამიტომ ვიწყებ პირდაპირ
აღიარებით: ენა მებმის, ახლაც და შემდგომშიც, მთელი ურთიერთობისა და
ნაცნობობის მანძილზე ენადაბმული ვილაპარაკებ. მართალია ადამიანი ჩემი
აღირების გარეშეც მიხვდება რა სიმპტომიც მაქვს, მაგრამ ასეთი
"
Coming out-ები" მაინც დიდი შვების
მომგვრელი.
ასე რომ, რაც უნდა იყოს მაინც მაგარია სამყაროს მრავალფეროვნება და
გაუმარჯოს გრავიტაციას!
მასალის გამოყენების პირობები