ბოლო წლებში რამდენჯერმე მომცეს შენიშვნა, რომ ასაკის შესაფერისად არ
მაცვია. რომ დახეული ჯინსები და მაისურები "საეჭვო" წარწერებითა და
ნახატებით არ შეეფერება შუახნის ადამიანს.
კონკრეტულ ასაკს თავისი დრესკოდი აქვს და ამას უნდა პასუხობდეო.
მოკლედ, მნიშვნელოვანია ასაკის შესაბამისად გამოიყურებოდე და არ
შემოგეპაროს ინფანტილიზმი. თუმცა, ისიც არაა სიახლე, რომ სწორედ
ინფანტილიზმია ასე ძალიან რომ გვეპარება და სერიოზულად იკიდებს ფეხს
ქართველ შუახნის ადამიანებში. შეიძლება იმიტომ, რომ
ახალგაზრდობის წლები გამოვტოვეთ.
ის პერიოდი, როდესაც ინფანტილურობა ნორმალურია, ჩვენი ბავშვურობა და
უპასუხისმგებლობა სხვაგვარად გმოიყურება და დახეული ჯინსებივით
გვიხდება.
გვიხდება ბუნტარობა, დაუოკებლობა, სიცოცხლით გაუმაძღრობა. როდესაც
უნდა „ვახურებდეთ“, ყველანაირ კითხვას ვსვამდეთ და დიდ შემოლაწუნებებს
ვახორციელებდეთ უფროსი თაობის მისამართით. თუმცა რატომღაც ეს არ
გავაკეთეთ.
მართალია, ამათგან რაღაც მოძრაობებს მაინც ვასრულებთ, თუმცა შეტევის
ნაცვლად ჩვენი დიდი უმრავლესობა დაცვის ფლანგს ვიკავებთ და ვიცავთ
იმას, რასაც წესით უნდა ვუპირისპირდებოდეთ, ანუ ვიცავთ "მამებს".
შვილები "მამების" მცველებად გვევლინებიან დღესაც. ისინი მათ
ჩრდილქვეშ დაბინავდნენ თბილად, კომფორტულად და „მამების“ გამეორება
დაიწყეს. ამიტომ შემტევი აღარავინ დარჩა - შეტევის ფლანგი რეალურად
ცარიელია. და თუ შემტევი და მთავარი მოწინააღმდეგე, შვილების თაობა არ
არსებობს, მაშინ ვისგან იცავენ „მამებს“ შვილები?
როგორც ჩანს მტრის ხატებისა და ფანტომებისგან, რომლებიც რაღაცით
იმუქრებიან. ეს მტრებიც და მათი მუქარებიც მამებმა გამოიგონეს და ამ
გამოგონილს დაუპირისპირეს ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ იმას, რაც
საფრთხის ქვეშ არ იმყოფება და შეურაცხყოფას არიდებენ მას, ვისაც
მსგავსი არაფერი შეხებია.
თუმცა ეს "გამოგონილები" არ ისვენებენ სულ რაღაცას გვართმევენ
ქართველობას, რელიგიას, სულს, წარსულს და მოსაწყენად მეორდებიან.
მიუხედავად ამისა, ამ დრომდე მაინც მტრებისგან დასაცავ ყველაზე მუშა
ვერსიებად რჩებიან.
ქართველობის მიმთვისებელი მავნებლები გამოგონილია, სამაგიეროდ
"მამები" არაა გამოგონილი, ისინი რეალურები და ყველგანმყოფელები არიან
და ძალას სიკვდილის მერეც არ კარგავენ ყველაზე ბანალურ
სიტუაციებშიც.
მაგალითად, პროექტ "ნიჭიერში" ერთი გოგონა გამოვიდა და თქვა, რომ მისი
სცენაზე დგომა მისი გარდაცვლილი მშობლის სურვილი იყო. მშობლის ოცნება
იყო შვილის შოუ-ბიზნესში ჩართვა და ისიც დაემორჩილა. ანუ მშობლები
საფლავიდან, სიკვდილის მერეც აგრძელებენ შვილების არჩევანის
განკარგვას.
მშობლები შვილებს არც ომში ტოვებენ მარტო, აქ მაინც რომ ქონოდათ
დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა. ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა
ომში იყო შვილების გევრდით და იქაც მისი დირექტივით ბრძოლობდნენ მისი
შვილები.
"ჯარისკაცის მამა" შვილის საძებნად გაემგზავრა. მარტო რომ არ
დაეტოვებინა და ბრძოლაში შვილის გევრდით ყოფილიყო .ეს ფილმიც მამის
"გამარჯვებით" მთავრდება. იმიტომ რომ საბჭოთა მითოსია ასეთი. აქ
შვილები იღუპებიან და მამები ცოცხლები რჩებიან.
მამები და ბელადები ჯაბნიან შვილებს ბოლო ასი წელია.
დღეს ყველას მამობას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ასრულებს. ამ
საყოველთაო მამას იცავენ შვილები, შვილიშვილები სიტყვით, საქმით,
კანონით. თუმცა უმამოდ არც ილია მეორე დარჩენილა. როგორც თეოლოგები
აღნიშნავენ, საპატრიარქო, რომელიც პატრიარქის რეზიდენციაა და მას
ემსახურება, ეს დაწესებულება ამ სახით და სტრუქტურით, თავის დროზე
სტალინმა დააფუძნა და აამუშავა.
თუკი ეკლესიის თავი ქრისტეა, საპატრიარქოს თავი სტალინია. მისი
აჩრდილი აწევს საქართველოს და სტალინური მითოსი: მამების შვილებზე,
წარსულის აწმყოზე, რეგრესის პროგრესზე გამარჯვებაზე, არ კარგავს ძალას
21-ე საუკუნის საქართველოშიც.
თუმცა, არის სხვა მითიც მამებზე, გაცილებით ძველი. მითი ოიდიპოსზე,
მითი წინსვლასა და პროგრესზე.
განვითარების, თავისუფლების მნიშვნელოვანი პირობაა "მამის მკვლელობა".
თუ უნდა თაობას ჩამოყალიბდეს, დაიბადოს, საქმის მკეთებლად იქცეს "მამა
უნდა მოკლას", მის ჩრდილს გამოეყოს და მოწინააღმდეგის ფლანგი
დაიკავოს. მაგრამ, შვილების დიდი უმრავლესობა ამას არ აკეთებს. ისინი
„მამების“ მორჩილი შვილები რჩებიან და პრესკონფერენციებს მართავენ
ილიაუნის პროფესორებისა და ილიაუნიში გამოფენილი ნახატის ავტორის, ანუ
ურჩი შვილების წინააღმდეგ, მათი დასჯის მოთხოვნით. თანაც სწორედ იმ
ნახატის გამო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სწორედ მათ
ეხებათ.
შვილები „მამებს არ კლავენ“ და ვერ ბედავენ მშობლიდან გათავისუფლებას,
ამიტომ მშობელი თავად ათავისუფლებს მათ საკუთარი თავიდან.
მშობელი, საყოველთაო დედა, ღვთისმშობელი „იმუქრება თვითმკვლელობით“.
რათა მშობლის სიკვდილით მიეცეს მის შვილებს უფლება და შესაძლებლობა,
რომ იყვნენ ახალგაზრდები და 20 წლის ასაკში არ დაბერდნენ. იყვნენ
ახალგაზრდები და ბუნტარები, როცა ამის დრო და ვალდებულებაა. გაიარონ
ცხოვრების ყველა ეტაპი და არ დარჩნენ ინფანტილურები,
უპასუხისმგებლოები, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფობიით
შეპყრობილები.
მშობელი ამ მსხვერპლს იღებს და ისევ მშობელი რჩება აქტიური და
გმირი.
მასალის გამოყენების პირობები