ბლოგები
სექსი როგორც ცხოვრება - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
რამდენიმე წლის წინ ქუთაისის ერთ -ერთ სკოლაში, ერთ-ერთი მასწავლებლის ინიციატივით ფილმის ჩვენება მოეწყო.

პედკოლექტივს და მოწვეულ (ზრდასრულ) სტუმრებს ფილიპ კაუფმანის ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე" უჩვენეს. 9 აპრილი ახლოვდებოდა, ჩვენების ორგანიზატორს 1968 წლის მოვლენებისა და 9 აპრილის დაკავშირება და საუბრის პატრიოტულ მოტივებზე აწყობა სურდა. თუმცა ჩვენებაზე ეს არ მოხერხდა. მაყურებლის ყურადღება არც პრაღის 1968 წლის მოვლენებმა, არც გმირებმა, არც მილან კუნდერას რომანმა არ მიიპყრო, სტუმრების ყურადღება მხოლოდ ეროტიკულ სცენებს ერგო, სცენებს რომლებმაც გააღიზიანა ყველა დამსწრე (ერთი მშობლის გამოკლებით) და მსჯელობასაც "ეროტიკული მიმართულება" მისცა, უფრო ზუსტად ანტიეროტიკული. ფილმის მაყურებლებმა დაგმეს სექსი და "ცხოველური" უწოდეს ეპიზოდებს ფილმში (არადა "ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში" გადაღებული ეროტიკული სცენები ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ და კარგად გადაღებულად ითვლება კინოს ისტორიაში).
მიჩნეულია, რომ ეს პოსტსაბჭოთა პუბლიკის რეაქციაა სექსზე და ეს რეაქცია გრძელდება ამ დრომდე. ეს საჭოთა მემკვიდრეობა უჩენს პოსტსაბჭოთა საზოგადოებას "ცხოველურით" შეფასების სურვილს კარგად გადაღებული ეროტიკის მიმართ კინოში და სექსის მიმართ ცხოვრებაში.
თუმცა შეიძლება უფრო ძველის გახსენებაც, სხვა სიტყვის მოძიებაც ქართულ ენაში, რომელიც სექსს სხვა განსაზღვრებას აძლევს - "ამორალურის", "გარყვნილისა" და "ცხოველურისგან" კარდინალურად განსხვავებულს.
მაგალითად, სიტყვა "ცხოვრება". დასავლეთ საქართველოში (არ ვიცი შეიძლება სხვაგანაც) თუკი იმის თქმა უნდათ, რომ ერთ ადამიანს მეორესთან სექსი ქონდა, ამბობენ - ერთმა "იცხოვრა" მეორესთანო. რამდენიმეწუთიანი ფიზიკური აქტი ქართველმა წინაპარმა იმდენად მნიშვნელოვნად შერაცხა, რომ ამ სიტყვით - "ცხოვრებით" - გამოხატა. სექსი ცხოვრებაა, რამდენიმე წუთში მოქცეული უზარმაზარი პროცესი, რომელსაც პარტნიორები ერთად გადიან. მცირე პერიოდში აკუმულირებული გზა,სივრცე და დრო, გამოცდილება, ადამიანის, პარტნიორის მომენტალური შეცნობა და შემეცნება...
სამაგიეროდ დღეს სექსს ცხოვრების ფუნქცია ერთმევა და აქტად რჩება, რომელსაც მხოლოდ ერთი ან ორი როლი აკისრია - გამრავლება და სურვილის დაკმაყოფილება (სურვილებში ძირითადად კაცების სურვილები იგულისხმება).
მაგრამ მაინც, თუკი გავჯიუტდებით და დავიჟინებთ, რომ სექსი ცხოვრებაა და წინაპრები არ შემცდარან მის ასეთ შეფასებაში, მაშინ დიდი დანაშაული იკვეთება ამ "ცხოვრების" მიმართ. ცხოვრების, რომელსაც ასე ვაცარიელებთ, ასე ვამცირებთ, მნიშვნელობას ვუკარგავთ, სივრცეს ვუზღუდავთ და მასზე დაბალ წარმოდგენას ვამკვიდრებთ. ვართმევთ უფლებებს და შესაძლებლობებს, რომელიც მას თუნდაც ამ სიტყვამ მიანიჭა.
ბოლო ასწლეულის ქართული სექსი (იგივე "ცხოვრება") ისეთი ცხოვრებაა, სადაც არ არის ან ნაკლებად არის სილაღე, სილამაზე, ვნება, სადაც არ არის მსჯელობა ამ "ცხოვრების" სხვადასხვა ასპექტებზე. ნიუანსებზე, სიმაღლეებზე, სიღრმეებზე. ამიტომ ეს "ცხოვრება" ცარიელია, იგი იატაკქვეშეთშია განდევნილი, მარგინალიზებული. თუკი ადამიანებმა (ძირითადად ქალებმა) სექსი ცარიელ აქტზე მეტად ჩათვალეს, ისინი ამისთვის სასტიკად დაისჯებიან. სასჯელი მოდის მათგან, რომელთაც სათანადოდ არ შეაფასეს "სექსი-ცხოვრება" და მერე თავისი ხელმოცარულობა და უცოდინარობა პარტნიორს გადააბრალეს. თავიანათი უვიცობით ცუდი, საბედისწერო და ტრაგიკული გავლენები მოახდინეს დიდ ცხოვრებაზე.
სექსი თუკი ცხოვრებაა, მისი ასეთი "პოსტსაბჭოთა" ფორმით დატოვება ნიშნავს აი, "დიდ ცხოვრებას", რომ მხოლოდ გამრავლებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების როლი დავუტოვოთ და სხვა ყველაფერი წავართვათ. ცხოვრების მთავარ დანიშნულებად ეს ორი რომ მიიჩნეოდეს დანარჩენი კი დანაშაულად. თანაც ცხოვრების უფლება რომ მხოლოდ კაცებს ქონდეთ და ქალებს ეკრძალებოდეთ. კი, "დიდ ცხოვრებასაც" აქვს ბევრი ნაკლი, მაგრამ მას ვერ ერევიან ასე რომ დაამცრონ, დამალონ, შეკუმშონ, აკრძალონ. მძლავრი დინებაა და პერიოდულად სადღაც სკდება, ამოხეთქავს დიდი ძალით.
"სექსი- ცხოვრებასაც" შეუძლია ამოხეთქვები, ისიც მძლავრი დინებაა, და დიდ ცხოვრებას ძალიან გავს. ბოლომდე მასაც ვერ შეაჩერებ, მასაც შეუძლია დიდი აფეთქებები და შურისძიებები.
მოკლედ არჩევანი ჩვენზეა, სექსით ცარიელ აქტს განვახორციელებთ,  თუ სექსს მივიღებთ როგორც ცხოვრებას - ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს.

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.