ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
გემოს შეგრძნება გარე და შიდა სამყაროსთან ურთიერთობის ალბათ ყველაზე
მარტივი, ძველი და უტყუარი ხერხია. ბევრი შეგრძნება ჩვენს ცხოვრებაში
სწორედ გემოს მეშვეობით შემოდის. საჭმლის ერთად მირთმევას კი,
ადამიანების დაახლოებისა და გაერთიანების რაღაც მისტიური ძალა
გააჩნია. სუფრის გარშემო ერთიანდება ჩვენი ემოციები: სიყვარული,
სიხარული, წუხილი თუ დარდი.
ამიტომაც, საინტერესო და მტკივნეულ თემებზე, კინომცოდნე თამთა
თურმანიძე სწორედ კერძების დახმარებით მოგითხრობთ, ქუთაისიპოსტის ახალ
რუბირკაში: "ჭამე, ეძიე, აღმოაჩინე".
***
არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ თანამედროვე სახლების
უმეტესობაში ხშირად აღარ დგას დიდი სასადილო მაგიდები. აი, ისეთები,
რომელთა გარშემო შეიკრიბებით მეგობრებთან თუ ნათესავებთან ერთად და იმ
მისტიური პროცესის მონაწილე გახდებით, რასაც საკვების ერთად მიღება და
დადებითი ენერგიის ურთიერთგაცვლა ქვია. ასეთი მაგიდის ადგილი ვიწრო
დახლმა დაიკავა თავისი მაღალი სკამებით, სადაც აძრომაც მოუხერხებელია
და მითუმეტეს საათობით ჯდომა და საუბარი. თან ამ საყოველთაო
დაკავებულობამ, როდესაც ყველა სხვადასხვა დროს, შიმშილისა და
დაღლილობის სხვადასხვა სტადიით ბრუნდება სახლში, თითქოს წარსულში
დატოვა ერთობლივი სადილებისა და ვახშმების ტრადიცია, როცა მთელი ოჯახი
იკრიბებოდა მაგიდასთან და ერთმანეთს დღის მანძილზე გადახდენილი ამბებს
უყვებოდა, თან ყველა კერძი არა მეზობელ სუპერმარკეტში ნაყიდი, არამედ
თავად დიასახლისის მიერ იყო მომზადებული. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არ
გამქრალა ამ ყველაფრის უკმარისობის განცდა, რომელიც გვაიძულებს ასეთი
საოჯახო სადილების შემცვლელი სულ სხვაგან ვეძებოთ.
მუხის ძველებურმა ბუფეტებმა, ვიტრინაში დაძველებულმა სასუპეებმა,
სტუმრების ხშირი გამასპინძლებისაგან ცოტა გაცვეთილმა ჭურჭელმა,
აბაჟურებმა თბილი ნათებით და რიშელიეს ტექნიკაში შესრულებულმა
ნაქარგებმა უკვე დიდი ხანია ვინტაჟურ კაფეებში გადაინაცვლა.
ფოტო: ჩაის სახლი ფოე-ფოე
იქ შესულს დაახლოებით იგივე გემართება, რაც მუსიე ეგოს მულტფილმში
„რატატუი“, როდესაც ის თავისი ბავშვობის კერძს გასინჯავს და უცბად
აღმოჩნდება ზაფხულის მზიან კვირადღეში, სადაც სამზარეულოში დედის მიერ
მომზადებული კერძის არომატი დგას. ასეთი ვინტაჟური კაფე ქმნის
სახლის მყუდრო გარემოს, ისეთს, როგორიც რეალურ ცხოვრებაში უკვე აღარ
არსებობს.
ფოტო: ბარ-რესტორანი "პალატი"
შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი კაფეების რაოდენობა საკმაოდ
მომრავლდა. განსაკუთრებით ეს, საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისში,
ქუთაისსა და ბათუმში შეიმჩნევა. კაფეები, სადაც კერძებს ოდნავ
კიდეებჩამოტეხილი თეფშებით მოგართმევენ, ჩაის ან ყავას კი სხვადახვა
სერვიზისაგან შემორჩენილი ფერადი ჭიქებით შემოგთავაზებენ და რა თქმა
უნდა, მათ მენიუში სახლში მოხარშული კომპოტი ან მურაბაც არის. თუმცა
უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ეს დაძველების ეფექტი ხელოვნურადაც
იქმნება. ამ ძველებური ნივთებისაგან შექმნილი ილუზია კი, გარწმუნებს,
რომ არა კაფეში, არამედ სადმე ოჯახში ხარ მისული სადილზე, სადაც
გელოდებოდნენ, ემზადებოდნენ და თბილად გხვდებიან.
ყველაფერი ეს გაგონებს რაღაც ძალიან ნაცნობს, რომელიც თითქოს ადრე
შორეულ ბავშვობაში იყო შენს ცხოვრებაში და ეხლა ძალიან გენატრება. აი,
ასეთი დიდი თეფში თქვენც გქონდათ ოჯახში და დღესასწაულებზე დედა მას
ყოველთვის მაგიდის შუაგულში დგამდა. უი, ამ პირსაბანად ქცეული თასის
მსგავსში ბებია კაკლისა და ვარდის მურაბებს ხარშავდა ხოლმე, ასეთ
გემრიელ ღვეზელებს კი დოდო დეიდა აცხობდა, რომელთანაც შაბათობით
დაყავდი მამიდას იძულებით. ასეთ კაფეში შესვლისთანავე იწყებ
მოგზაურობას წარსულში, სადაც დღეებიც უფრო გრძელი იყო, თოვლიც უფრო
დიდი მოდიოდა, დღესასწაულებიც უფრო მხიარულად და დიდხანს გრძელდებოდა
და ყველა შენი ახლობელი ცოცხალი და ახალგაზრდა ოყო. აქ ყველაფერია
იმისთვის, შეგექმნას ილუზია, რომ არა კაფეში, არამედ ოჯახში ხარ
მისული სადილზე, დაკარგულ და მონატრებულ რეალობას იბრუნებ და ფულს
საკუთარ მოგონებებში იხდი.
ავტორი: თამთა თურმანიძე
ამავე თემაზე:
ადგილობრივი კოლორიტის ძიებაში - ანუ ბიკენტიას საქაბაბეში
წამიყვან?
რუბრიკის ფარგლებში,
კერძებით მოთხრობილი საინტერესო თემები, "ქუთაისიპოსტზე"
გამოქვეყნდება ორ კვირაში ერთხელ
მასალის გამოყენების პირობები