რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ
ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
დღეში ათჯერ მაინც გადავივლიდი და გადმოვივლიდი ხიდს საქმიანი იერით.
ყოველთვის სადღაც მიმეჩქარებოდა; ყოველთვის მწყუროდა, მიმესწრო ან
მომესწრო. სულ მეგონა, სადღაც მეორე ნაპირზე ისეთი მნიშვნელოვანი
საქმეებით ვიყავი დაკავებული, ორჯერ რომ ვერ მოკიდებ ხელს.
ახლა კი, როცა ხიდზე გავლა აღარ მსიამოვნებს და აღარც მინდება,
ვხვდები, იქეთ ნაპირზე არაფერი არ არის; არც არასდროს ყოფილა; არც
არავინ მელოდება იქ და არც არავითარი სამსახური არ მოუშავებია არავის
არასდროს.
ასე ხდება: როცა სიცოცხლე გიყვარს, რა უსაქმურიც არ უნდა იყო, გგონია,
კაცი ხარ, მნიშვნელოვანი პიროვნება, მეტიც: გჯერა, რომ სიცოცხლის
შემდეგაც არსებობს რაღაც; თითქოს სადაც არ უნდა წახვიდე, შენი
საყვარელი ყველგან დაგხვდება.
მაგრამ სიყვარული ქრება და შენც არარაობა ხდები, რამდენი სამსახურიც
არ უნდა გქონდეს. თუნდაც მუშაობდე ქუთაისის მერიაში, შენგან მხოლოდ
ცარიელი ადგილი რჩება.
მადლობა ქალაქის მერიას, რომ ეს მწარე რეალობა ასეთი ორიგინალური
ხერხით დამანახა.
ერთი სიტყვით, იყო დრო, განგებ ვიმრუდებდი გზას, თეთრ ხიდზე რომ
გამევლო, ახლა პირიქითაა - გავურბივარ, და როგორც აღმოჩნდა, მარტო არ
ვარ, ვისაც ეს ემართება.
რატომ ხდება ასე? გუშინ მივხვდი, ხიდი გაცივდა. ცივია ფოლადი,
მარტენის ღუმელშიც კი ვერ თბება გამდნარი, მკაცრი, ცივი ხასიათი აქვს.
ხომ გაგიგიათ გამოთქმა - "ფოლადივით ცივი". "ცივი იარაღიც" ფოლადის
ყინულოვანი ბუნებიდანაა.
ხიდის გათბობას ახლებურად ანთებული ლამპიონებიც ვერ ახერხებენ. არადა,
მომწონს. შორიდან ვაკვირდები ხოლმე, ახლოს ვერ მივდივარ, თითქოს
მეშინია, მოულოდნელად ხიდზე არ აღმოვჩნდე.
ზუსტად ამ აღმოჩენამ გამაოგნა.
იყო დრო, ხიდზე ფეხის შედგმისთანავე სულის სიღრმეში რაღაც პატარა,
უსახელო დღესასწაული იწყებოდა. ნაბიჯს ვანელებდი, ახლა პირიქით,
ნაბიჯი მიჩქარდება, თითქმის გავრბივარ...
იქ ყველაფერი გაყინულია, ფოლადივით ცივია. ვერ გრძნობთ ამას? ვერ
გრძნობთ. არადა, სადაც გრძნობაა, იქვეა პატიოსნებაც, მიწაწყლის
მთავარი გამათბობელი.
ადრე ის ჩვეულებრივი ხიდი იყო, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელი,
რომელზეც მანქანები დადიოდნენ, მათ შორის სატვირთოებიც, მაგრამ,
მაინც, მსუბუქი იყო, ჰაეროვანი. იმის შემდეგ კი, რაც წონაშიც დაიკლო,
აღარც მანქანები აწუხებენ და გოგო-ბიჭების სასეირნო ადგილად გადაიქცა,
დამძიმდა. ბევრი არც ეკარება, არ ჩაინგრესო.
ხანდახან მის სახეში იმ კაცს ვუყურებ, რომელიც ტყუილ-უბრალოდ, რაღაც
სულელური პოლიტიკური მიზეზის გამო (ვიღაცას ვიღაც არ მოწონდა),
სამსახურიდან გააგდეს, ულუკმაპუროდ დატოვეს და ახლა იძლებულია
ბავშვების გამრთობის ნიღაბი მოირგოს.
იქნებ, ის, მართლაც, უბრალოდ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელი
საშუალებაა და მეტი არაფერი? იქნებ, ამ მარტივ დანიშნულებაში პოულობს
ის სიმსუბუქეს და ვერ იტანს ამ ეგრეთ წოდებული კულტურული და
ესთეტიკური ფუნქციებით დატვირთვას?
მოდით ამოვიგდოთ თავიდან, თეთრი ხიდისაგან "რაღაც მეტის გაკეთების"
სურვილი, მისგან რაღაც ავანგარდული ქმნილების შექმნის მოთხოვნილება.
მივცეთ მას უბრალოდ ხიდად ყოფნის უფლება. დავაგოთ გუდრონი, გუდრონი
თბილია, მანამდე კი - გავამაგროთ. იქნებ, ახალგაზრდობის გახსენებამ
გამოაცოცხლოს.
ტარიელ დათიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები